You are currently viewing ” არ იცის!”

” არ იცის!”

ხო, ჩემო ბატონო,
საინტერესოა, დღეს, სამებაში, და სვეტიცხოველში წირვა რუსულ ენაზე რომ ტარდებოდეს, რას იტყოდა ამის შესახებ ქართველი ობივატელი?
ობივატელზე ვსაუბრობ, თავისი ყოველდღიურობის დასავიწყებლად რომ წრიალებს ამ სივრცეში, ობივატელზე, დაბოლილ, მიამიტ, გაუნათლებელ, ზარმაც, და ზოგჯერ ტუტუც, მაგრამ მაინც სულიერზე და ამიტომაც ჩვენს საპატრონო ობივატელზე, თორემ მას, ვისაც არცოდნაში და არცოდნის გავრცელებაში, ფულს უხდიან, და სული უკვე გაყიდა, აღარაფერი ეშველება.
ხო, ვკითხულობ, რას იტყოდა მეთქი ის, ვინც საკუთარი ქვეყნის ისტორია არ იცის?
არ იცის ვინ გააუქმა ავტოკეფალია,
ვინ დასწყევლა ქართველი ერი ამბიონიდან, ვინ გამოყარა ქართველი სამღვდელოება ტაძრებიდან, ვინ გამოიტანა ხატები, ოქრო და ვერცხლი გადაადნო და გაყიდა, ვინ გადაღება და წაშალა ქართული წარწერები ფრესკებზე.
მართლმადიდებელმა, ერთმორწმუნე რუსეთმა, დიახ,
ახლაც რომ სწირავს უკანონოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, და არ აღიარებს საქართველოს საპატრიარქოს, და არც არასოდეს წავა თავისი ნებით არც ქართული მიწიდან, და არც ქართული ტაძრებიდან.
უკრაინის ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა.
აღადგინა თავისი უფლებები პეჩორის ლავრაზე ღვთისმსახურების გასაგრძელებლად,
ხოლო, დამპყრობელი ქვეყნის ეკლესიის, – რუსეთის, რომელიც დღეს უკრაინის ქალაქებს ბომბავს – სასულიერო პირებს ტაძარი დაატოვებინა, იმ რუსული ეკლესიის, რომლის პატრიარქმა კირილემ, ხელისუფლებაში გვამებზე გადაბიჯებით მოსულ მართველს “ღვთის სასწაული, ” უწოდა, ხოლო რუს ჯარისკაცს ქალების, მოხუცების, და ბავშვების დახოცვისთვის სამოთხეში მოხვედრა აღუთქვა.
და როცა მტრის მეხუთე კოლონა, და აგენტურა, ქვეყნის მთავარ ქალაქში და მთავარ ტაძარში გიზის, არაფერი არ უნდა მოიმოქმედო?
მაგრამ ქართველმა ობივატელმა ხომ არ იცის, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე?
არ იცის, რომ რუსეთის ეკლესია, მუდამ რუსეთის იმპერიულ ინტერესებს ემსახურებოდა, და მუდამ ამართლებდა დამპყრობლურ ომებს, და ახალისებდა ძალადობას.
არ იცის, რომ აი, ეს სობორო, მრავალგუმბათიანი, არაქართული, რუსული სამხედრო ტაძარი,
კავკასიაზე გამარჯვების სიმბოლოდ, რუსული სამხედრო ძლიერების სიმბოლოდ, და რუსული სამყაროს სიდიადის სიმბოლოდ ააგეს რუსებმა თბილისში.
და ყველაზე პირველი, რაც გააკეთეს, სობოროს მთავარ შესასვლელში 4 მარმარილოს ფილა გააკრეს, რომლებზეც ყველა იმ სამხედრო ნაწილის, და იმ მაღალჩინოსნის, და ოფიცრის გვარსახელი იყო ამოკვეთილი, ვინც კი კავკასიის დამორჩილებაში მიიღო მონაწილეობა.
მშენებლობა 26 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, და საბოლოოდ 1897 წლის 21 მაისს ზარბაზნების ქუხილით აკურთხეს.
იმ დროისთვის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია უკვე დიდი ხნის გაუქმებული იყო, და რუსეთის სინოდზე დამორჩილებული.
დადგება დრო, და ამ სობოროს, ისევ რუსეთი, უკვე საბჭოთა იმპერია დაანგრევს.
მაგრამ ეს მოხდება მერე, მანამდე კი, 30 წელზე მეტი იდგა და ზუსტად ქაშუეთის ეკლესიის წინ, და ესეც გათვლით, და სიმბოლურად.
რადგან რუსულ სამხედრო სობოროს, თავისი გრანდიოზულობით, და დიდებულებით, ხაზი უნდა გაესვა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დამცირებული მდგომარეობისთვის.
„ეს იყო რაღაც მძიმე, დიდი, მაჯლაჯუნასებური, ბნელი სტიქიური ძალა, დამმონებელი, ეს იყო სიმბოლო რუსეთის მიერ საქართველოს დამორჩილებისა..“ – დაწერს თავის დღიურში გალაკტიონიც.
და უფრო ადრე, მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გალაკტიონამდეც მიხვდა ამ რეალიზმში გადასულ სიმბოლიზმს, და სობოროს საპირწონედ 1904 წელს ქაშუეთის ეკლესიის განახლება წამოიწყეს, რომ ყოფილიყო ძალადობის წინ და მანათობელი ობოლი მარგალიტივით სუფთა ქართული სულის ტაძარი.
და ეს მათ შეძლეს!
არც ეს არ იცის ობივატელმა, და მით უმეტეს არ ეცოდინება თუ როგორ ეწინააღმდეგებოდნენ ამ ქვეყანაში სულიერების გარუსებას მაშინ.
არ იცის, რომ მაშინდელი ქართველობისთვის ქართულ ეკლესიაში რუსულად წირვა იგივე იყო, ქართველ ბავშვს რომ იავნანა რუსულად უმღერო.
არ იცის, როგორ ომობდნენ ქართველი მღვდელმსახურებიც ქართულ ეკლესიებში რომ ღვთისმსახურება ქართულ ენაზე ჩატარებულიყო.
არ იცის, რატომ აახლებდა და როგორ აახლებდა დიდი დავით სარაჯიშვილიც ეკლესიებს და მონასტრებს,- ქაშვეთის ტაძარს, სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინდის, კალოუბნის ეკლესიებს,
არ იცის ობივატელმა, როგორ ეომა დიდმა ზაქარია ფალიაშვილმა და მისმა ქართველმა მგალობელთა გუნდმა რუს ეგზარხოს, განახლებული ქაშუეთის ეკლესიის გახსნის დროს.
არ იცის, კიდევ ბევრი რამე არ იცის, თორე ზაქარია ფალიაშვილსაც, და ქართველ მღვდელსახურებსაც, რიგითებსაც და დიდ კათალიკოს-პატრიარქსაც, ამბროსი ხელაიასაც მართლმადიდებლობის მტრად ჩათვლიდა,
აკაკისაც, ილიასაც, სარაჯიშვილსაც მართლმადიდებლობის მტრად შერაცხავდა,
მტრად შერაცხავდა გალაკტიონსაც, და ქართული მწერლობის ყველა ღირსეულ წარმომადგენელს, ილიას დროიდან და დღემდე, იმ პოეტებსაც, ვის ლექსებსაც ახლა ზეპირად ამბობს,
მართლმადიდებლობის მტრად შერაცხავდა მერაბ კოსტავასაც, ზვიად გამსახურდიასაც, აფხაზეთში და სამაჩაბლოში დაღუპულ ბიჭებსაც, რადგან ისინიც „მართლმადიდებელ და ერთმორწმუნე“ რუსეთს ებრძოდნენ,
და უფრო მეტიც, მტრად შერაცხავდა მთელ ქართველ ერს, ვინც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
არ იცის!
მაგრამ ეს ის მომენტი არაა, როცა „არცოდნა არცოდვაა“.
ცოდვაა, სწორედ,
ამ სიტყვის გინდა პირდაპირი და გინდა გადატანითი მნიშვნელობით,
ცოდვაა, რადგან თავისი არცოდნით, უნებურად, ბოროტების მხარეზე დგას.
და ცოდვაა, ხო,
რადგან არ იცის, რომ 1991 წლის 31 მარტის არჩევანს, – საქართველო იყოს დამოუკიდებელი – უკვე ვერავინ ვეღარასოდეს ვერ შეცვლის!
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა