როგორ წაგვართვეს რეფერენდუმი

ადევნებ თვალს რაც დღეს ხდება და არაფერი გიკვირს, როცა იცი, რა ხდებოდა ადრე და იმის წინ, კიდევ… როცა იცი ქართული არჩევნების ისტორია.
ქართული საარჩევნო კულტურის,  თუ უკულტურობის გამოხატულების მაგალითია მართლაც, 1992 წლის 11 ოქტომბერს ამომრჩეველის  პროცენტი რომ დაფიქსირდა არჩევნებზე.
რა თქმა უნდა, სულაც არ იყო ეს არჩევნები ის პროცესი, რასაც დემოკრატიის ეს ინსტრუმენტი ითვალისწინებს. არ ყოფილა ისევე, როგორც მის მერე ნებისმიერი არჩევნები,
სრულიად არის საფუძველს მოკლებული ცინიზმიც, როცა აღნიშნავენ, რომ იგივე საზოგადოებამ, ვინც გამსახურდიას ხელისუფლებას მისცა ხმა,  იგივე საზოგადოებამ  მისი დამამხობლები აირჩიაო.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, ხალხს არც  ახლა ეკითხებიან არჩევნებში რამეს, და მით უმეტეს, არ შეეკითხებოდნენ მაშინ… რა თქმა უნდა, იმ არჩევნებზე არც მისულა  და საერთოდ, რომც არავინ მისულიყო, მაინც 90-ს გააფორმებდნენ.
1992 წელს არ დარჩენილა არც ერთი  დაჯგუფება, ვინც კი პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მიიღო მონაწილეობა სამხედრო გადატრიალებაში, თავისი ერთი წევრით მაინც  რომ არ ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი.
საარჩევნო სისტემაც  ისეთნაირად იყო შემუშავებული, რომ პირდაპირ ეხვეწებოდა ხალხს, მოდი და პარლამენტში დაჯექიო.  აღარ ვისაუბრებთ, თუ რა ხდებოდა საარჩევნო ყუთებთან და რა ხდებოდა ცესკო-ში, მაშინდელი პარლამენტის ერთი  სხდომა გავიხსენოთ და ნათელი გახდება ყველაფერი.
თენგიზ სიგუა დროებითი მთავრობის გადადგომას აცხადებს,  ტრიბუნიდან არ ჩამოდის,  აშკარად ეტყობა, რომ არსად წამსვლელი არაა. კენჭისყრაზე სიგუას კანდიდატურა მაინც ჩავარდა, მის გვერდით მჯდომი კიტოვანი, ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის შემდეგ პირადი დაცვის ბიჭებს ანიშნებს  და ეს უკანასკნელნიც, შესვენებაზე დარბაზში იარაღით შემოდიან. და იწყება პარლამენტის წევრების გინება და ცემა – სიგუას კანდიდატურის ჩაგდება როგორ გაბედეთო.
შევარდნაძეც  მთელი ღამის განმავლობაში არწმუნებს სიგუას, დაეთანხმოს ხელმეორე კენჭისყრას. მეორე დღეს კიდეც დაამტკიცეს პრემიერად.
და განა  ეს ხალხი, ვისაც პარლამენტში იარაღის ტრიალის არ ერიდებოდა საარჩევნო ყუთებთან მოერიდებოდა რამეს? ან „ცესკოში“ ხმათა შეჯამებისას.? არც მორიდებიან, უფრო მეტიც, და სწორედ ამ მოწვევის პარლამენტმა, ხალხმა, ვინც გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება დაამხო, ჩაიდინა მეორე, არანაკლები ბოროტება მთელი ერის წინაშე, წაართვა ხალხს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციით უზენაესი უფლება – რეფერენდუმის მეშვეობით კანონის მიღების და გაუქმებისა.
და აი, სწორედ აქედან იწყება „ცხვართა დუმილი“. 
დუმილი, საზოგადოების, რომელიც დღემდე გრძელდება.
დუმილი საზოგადოების , რომელიც არჩვევნებში მონაწილეობით  უკანონობას „აპრავებს“,
ცხვართა დუმილიც აღარ არის ეს, „გაპრავებაც“ აღარ არის ეს, -უარესია, ეს დანაშაულში მონაწილეობაა!
რადგან, დაწყებული 1992 წლიდან, კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის შემდეგ
საერთაშორისო სამართლებრივი ნომების მიხედვით ყველა არჩევნები იყო არალეგიტიმური , უკანონო და უკანო იქნება 2020 წლის არჩევნებიც!
ისიც ვთქვათ, თუ  რისი გაკეთება შეგვეძლო იმით, რაც წაგვართვეს.
რეფერენდუმი ლათინური სიტყვაა  referendum – და ნიშნავს „ის რაც უნდა გახმოვანდეს.
დიახ, რეფერენდუმით, ანუ  საერთო-სახალხო გამოკითხვით უნდა გახმოვანდეს  ნება- სურვილი ხალხის და საზოგადოების  უმრავლესობის გადაწყვეტილება გახდეს კანონი ყველასათვის,
აი, რა  წაგვართვეს, საზოგადოების უმრავლესობის ნების გამოხატვის და ამ ნების დაკანონების უფლება წაგვართვეს,  წაგვართვეს 1995 წელს, შევარდნაძის კონსტიტუციით. 
და ამის შემდეგ, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, 150 პარლამენტარს, რომელთა შორის შეიძლება იყოს  მედროვე, კრიმინალი და იდიოტიც,  აქვს უფლება, მთელი ერის ბედი გადაწყვიტოს, აქვს უფლება კანონის მიღების,  ხოლო 3 718 000 ადამიანს კი – აღარ.
და იქნებ სამართლიანად წაგვართვეს, იქნებ 3 718 000 ადამიანს არ აქვს უნარი გადაწყვეტილების მიღების? აი, ისე, როგორც ეს განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ – ირაკლი კობახიძემ,  საქართველოში ხალხი არ არისო რეფერენდუმისთვის მომწიფებული; ნუთუ, ბიძინა ივანიშვილიც მართალია, როცა თითქმის ყოველი არჩევნების წინ ამბობს, რომ საზოგადოებას უნდა დავეხმაროთ ანალიზის გაკეთებაშიო? ნუთუ მიხეილ სააკაშვილიც მართალი იყო, როცა თავისი პრეზიდენტობის დროს უარზე იყო სრულუფლებიანი რეფერენდუმის აღდგენაზე? ნუთუ, ხალხს მართლაც არა აქვს უნარი ფიქრის და განსჯის, მაგრამ თუკი არჩევნებში მონაწილეობისთვის არის მომწიფებული,  რაღა მაინცდამაინც რეფერენდუმის დროს კარგავს აზროვნების უნარს იგივე ხალხი?
და ნუთუ, ეს ამბები  მხოლოდ საქართველოში ემართებათ ადამიანებს?
ან იქნებ სხვა ქვეყნებშიც ასე არის?
მოდით, ჯერ რეფერენდუმის ისტორიას გადავავლოთ თვალი:
როგორც აღვნიშნეთ, რეფერენდუმი საერთო-სახალხო გამოკითხვაა და ის რაღაც ფორმებით ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან იღებს სათავეს, ხოლო მოწესრიგებული ფორმით, პირველად კაცობრიობის ისტორიაში  1439 წელს შვეიცარიაში ჩატარდა. კონსტიტუციით  ამ ქვეყანაში გამოკითხვის ასეთი წესი 1874 წლიდან განისაზღვრა. ამ წლიდან დღემდე  შვეიცარიაში 500-ზე მეტი რეფერენდუმია ჩატარებული.
მის შემდეგ ხალხის ძალაუფლების გამომხატველი ეს მექანიზმი ჯერ ევროპასა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
აშშ-ში, სადაც თითქმის ყველა შტატის  კანონმდებლობა ითვალისწინებს რეფერენდუმის ჩატარებას, გამუდმებით  იყენებენ ამ ინსტიტუტს. შემდგომში გაიზარდა როგორც რეფერენდუმების ჩატარების არეალი, ასევე მათი განხილვის საგანიც. ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციაში შევიდა მუხლები, რომლებიც ითვალისწინებდა რეფერენდუმის გამოყენებას არა მხოლოდ შიდა, არამედ მნიშვნელოვანი გარეპოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტადაც.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეფერენდუმით ღებულობენ კონსტიტუციებს, ალჟირში ომის შეწყვეტაზეც კი რეფერენდუმით მიიღო გადაწყვეტილება  საფრანგეთმა 1961 წელს, სენატის რეფორმებსა და რეგიონულ დაყოფაც 1969 წელს რეფერენდუმით გადაწყდა;  ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობაში  დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის მიღება 1975 წელს ამ ქვეყნებში  ასევე რეფერენდუმით გადაწყდა. ასევე 1979 წელს შოტლანდიასა და უელსში ადგილობრივი ავტონომიის გაფართოების საკითხებზე  რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის ნატოში შესვლაც  1986 წელს რეფერენდუმით გადაწყდა,   ევროკავშირის კონსტიტუციის მიღებაც 2005 წელს რეფერენდუმების გზით მოხდა. ირლანდიაში 1937 წლიდან  28 რეფერენდუმი ჩატარდა და 28 – ავე საკონსტიტუციო შესწორებაზე,
დანიაში ახალი კონსტიტუციის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა რეფერენდუმის საშუალებით ხორციელდება.
იტალიაში რეფერენდუმით ხდება ნაწილობრივ ან სრულად გაუქმება კანონების.
დანიაში გერმანიასთან არსებული დღევანდელი საზღვრებიც კი 1920 წლის რეფერენდუმის საშუალებით დადგინდა.
სომხეთშიც  შეუძლიათ რეფერენდუმის მეშვეობით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.
უზბეკეთშიც  შეუძლიათ რეფერენდუმით კანონების მიღება და გაუქმება.
აი, ამ ქვეყნებში და კიდევ მრავალ ქვეყანაში რეფერენდუმი ტარდება მოსახლეობის ბევრ საჭირბოროტო საკითხზე და საქართველოში?!
ნუთუ მხოლოდ საქართველოში და კიდევ აფრიკის ქვეყნებშია  საზოგადოება მოუმწიფებელი საერთო-სახალხო განხილვით გადაჭრას პრობლემა?
გვქონდა კი, ჩვენც გვქონდა რეფერენდუმის გზით გადაწყვეილების მიღების უფლება ჯერ  კიდევ ერთი საუკუნის წინ,
1921 წლის კონსტიტუციით 30 ათასი ხელმოწერის შემთხვევაში კანონპროექტი გადიოდა რეფერენდუმზე.
და ზუსტად 29 წლის წინ 1991 წელს,  ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს, ერთხელ კიდევ ჩავატარეთ რეფერენდუმი, 1991 წელს დამოუკიდებლობის მოთხოვნით და აი, საოცრება, როცა ქვეყანა უკვე დამოუკიდებელი იყო და თითქოსდა, დემოკრატიის ზეიმს და ხალხის მმართველობას და ხალხის ნების გამოხატვას წინ არაფერი ედგა, კანონიერი ხელისუფლების  1991-1992  წლის ძალადობრივი გზით შეცვლის შემდეგ მოსული ხელისუფლება  1995 წლის  კონსტიტუციით, რეფერენდუმის უფლებას  ბლოკავს. დაბლოკეს კონსტიტუციით, სადაც აგრეთვე სწერია,  რომ საქართველოში ხელისუფლების წყაროა ხალხი; დაბლოკეს კონსტიტუციით, სადაც სწერია, რომ არავის არა აქვს უფლება მიითვისოს, ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება;  და ეს კონსტიტუცია მიიღო  1992 წლის 11 ოქტომბრის პარლამენტმა, რომელიც თავად წარმოადგენდა 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში უკანონო გზით მოსული 1992 წ. 2 იანვარს შეკრებილი ე.წ. „სამხედრო საბჭოსა“ და „დროებითი მთავრობის“ სამართალმემკვიდრეს, ანუ ასევე – უკანონო სახელისუფლებო ძალას.
დიახ, საზოგადოებრივი აზრის დაცინვაა მართლაც, კანონიერი ხელისუფლების დამხობის გზით მოსული, უკანონო  სამხედრო საბჭოს და დროებითი მთავრობის მიერ მოწყობილი არჩევნების შედეგად შექმნილი პარლამენტი რომ იღებს კონსტიტუციას, სადაც თეთრზე შავით სწერია, რომ არავის არა აქვს უფლება, უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება და მეტიც, უკანონო ხელისუფლება იზღვევს თავს,  და  ხალხს რეფერენდუმის მეშვეობით კანონის მიღების და გაუქმების უფლებასაც  ართმევს, რომ არა თუ ძალით, არამედ კანონის მეშვეობითაც  აღარ შეძლებოდა ვინმეს,  სამართლებრივ ნორმაში დაებრუნებინათ ქვეყანა.
და მას შემდეგ, მსოფლიოში დამკვიდრებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საქართველოს სინამდვილეში დღემდე ჩატარებული ყველა საპარლამენტო, ადგილობრივი, თუ საპრეზიდენტო არჩევნები იყო უკანონო, არალეგიტიმური და შესაბამისად, უკანონო იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც.
და არც ერთ ხელისუფლებას ამ 30 წლის განმავლობაში აზრადაც არ მოსვლია შეეცვალა სიტუაცია.
დიახ, კონსტიტუცია ხალხს პირდაპირ ართმევს უფლებას მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო მმართველობაში და დემოკრატია მხოლოდ ფორმალურად არის გამოცხადებული.
დიახ,  პარლამენტში მყოფ 150 ადამიანს შეუძლია ხალხის დაუკითხავად რაიმე კანონი მიიღოს და მილიონებს  არა აქვთ  უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი ამა თუ იმ კანონის შესახებ.
შედეგად ვღებულობთ სისტემის თვითნებობას საკანონმდებლო მუშაობის მიმართულებით და ასობით  ანტისახელმწიფოებრივ, ანტიხალხურ  და ზოგჯერ საერთოდ იდიოტურ კანონებს. 
თუ  როგორ მოხერხებულად და სათავისოდ სარგებლობს   სისტემა კონსტიტუციის დემოკრატიის პრინციპებთან შეუსაბამობით  გასაგები გახდება, თუ გავიხსენებთ ,რომ  რეფერენდუმის შესახებ კანონის თანახმად, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. რაც შეუძლებელია, რადგან   საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთისგან ოკუპირებულია და  გამოდის,  რომ რეფერენდუმის ჩატარებას საერთოდ არა აქვს სამართლებრივი  საფუძველი.
გამოდის , სანამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღვადგენთ, საერთოდ შეუძლებელია რეფერენდუმის ჩატარება. ანუ კონსტიტუციით დაუშვეს , რომ  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენამდე ხალხს ხმის ამოღების უფლება არა აქვს და, თუ ხელისუფლება არაფერს აკეთებს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, რა ქნას ხალხმა, შეეგუოს?
და ხალხმა თუ არ მოსთხოვა რამის გაკეთება ამ მიმართულებით,  სისტემა ამისთვის არ გაირჯება.  ხოლო,  ხალხმა რომ რამე მოითხოვოს, მას ხმის ამოღების უფლება, ანუ  რეფერენდუმის უფლება უნდა ჰქონდეს!
კონსტიტუციური შეუსაბამობიდან გამოდის ასეთი დასკვნაც – თუკი  რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია იმ მიზეზის გამო, რომ  საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია,  მაშინ არჩევნების ჩატარებაც შეუძლებელი უნდა იყოს , რადგანაც არჩევნებიც კანონით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს.
მაგრამ მიუხედავად იმისა,  რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არჩევნები არ ტარდება, საქართველოს დანრჩენ ტერიტორიაზე არჩევნების შედეგები მაინც  ლეგიტიმურად ცხადდება, გამოდის, რომ  ამ შემთხვევაშიც ირღვევა კონსტიტუცია და კვლავ მივდივართ დასკვნამდე, რომ  ნებისმიერი არჩევნები არაკონსტიტუციურია, ანუ უკანონო.
დიახ, რეფერენდუმის ინსტიტუტი მხოლოდ ფორმალურად არის გაწერილი კონსტიტუციაში, გამოცლილი აქვს სამართლებრივი საფუძველი  და ხელისუფლებაზე ზემოქმედების ეს უძლიერესი ინსტრუმენტი მიზანმიმართულად არის გადაქცეული ფიქციად. 
რეფერენდუმის ხალხისთვის წართმევა კი ხალხზე  ძალადობაა. დასკვნა ერთია – სისტემა ერთმნიშვნელოვნად  ძალადობრივია.
რაღა თქმა უნდა, ხალხს ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს, და უნდა დაუბრუნდეს ამ ძალაუფლების გამოხატვის საშუალება რეფერენდუმი.  კონსტიტუციაში უნდა შევიდეს შესწორება და საზოგადოებას უნდა შეეძლოს რეფერენდუმის მეშვეობით  მიიღოს ქვეყნის განვითარებისთვის და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის საჭირო მთელი რიგი  კანონები.
შესწორება უნდა შევიდეს რეფერენდუმის ჩატარების პროცედურებშიც, ერთი მხრივ უნდა გამარტივდეს მისი ჩატარების მექანიზმები,  გახდეს ღია და გამჭვირვალე  და გადავიდეს ელექტრონულ ფორმაზე;  მეორე მხრივ კი უნდა იყოს დაცვის საშუალება, დაინტერესებული ძალების სურვილისგან გადააქციონ რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი კრიზისის შესაქმნელ ინსტრუმენტად.
დიახ, სრულუფლებიანი რეფერენდუმი უნდა ამუშავდეს, რადგან:
მხოლოდ სრულუფლებიანი რეფერენდუმის არსებობის შემთხვევაში დაუბრუნდება საქართველო 1919 წლის  კონსტიტუციის საფუძვლებს და 1992 წლამდე არსებულ საერთაშორის სამართლებრივ  ნორმებს;
მხოლოდ სრულუფლებიანი რეფერენდუმის ინსტიტუტის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს საქართველოს საგარეო ვექტორი, და ეს ხალხის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს;
მხოლოდ სრულუფლებიანი რეფერენდუმის ინსტიტუტის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი ლუსტრაციის კანონის ამოქმედება;
მხოლოდ სრულუფლებიანი რეფერენდუმის არსებობის შემთხვევაში მივიღებთ  მიწის,   წიაღისეულზე და სტრატეგიული დანიშნულების სხვა ბუნებრივ რესურსებზე  კანონს  სახელმწიფო საკუთრების შესახებ;
მხოლოდ სრულუფლებიანი რეფერენდუმის და ხელისუფლებაზე ზემოქმედების სხვა მექანიზმების  არსებობის შემთხვევაში დამყარდება საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატია;
მხოლოდ სრულუფლებიანი რეფერენდუმის შემთხვევაში დაემსგავსება ქვეყანა ქვეყანას.
და მხოლოდ სრულუფლებიანი რეფერენდუმის შემთხვევაში შეიძლება  საქართველოს კონსტიტუციაშიც გაჩნდეს იგივე ჩანაწერი, რაც შვეიცარიის კონსტიტუციაშია:
„თავისუფალია მხოლოდ ის, ვინც იყენებს თავის თავისუფლებას და ხალხის ძალა იზომება სუსტების კეთილდღეობით!”
სრულუფლებიანი რეფერენდუმი უნდა დავიბრუნოთ
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი იმ საზოგადოებრივი სტრუქტურის შექმნა, რომლის ფინანსური და ადამიანური რესურსი საშუალებას მოგვცემს, მშვიდობიანი ფორმებით ვაიძულოთ დღევანდელი ავტოკრატიული სისტემა, დაუბრუნოს ხალხს ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმები.
და უკვე იცით, რომ სწორედ ამ მიზნისთვის შეიქმნა  საადგილმამულო ფონდიც..