პროექტი „ემიგრანტი“ შემუშავდა „საადგილმამულო ფონდის“ პროგრამის მე-6-ე პუნქტის შესაბამისად .
„პუნქტი 6 – ფონდი დააფინანსებს პროექტს, რომლითაც განხორციელდება ქართული ემიგრაციისთვის დასაბრუნებლად ხელშემწყობი პროგრამა, შეუქმნის მოტივაციას ქვეყანაში დასაბრუნებლად. დაეხმარება მათ სამუშაო ადგილებს მოძიებასა და შექმნაში, რეაბილიტაციასა და თავის დამკვიდრებაში.“
ანუ, ემიგრანტებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება სპეციალურად ემიგრანტებისთვის განკუთვნილ პროგრამებში, რომელთა საშუალებით ემიგრანტები ფონდის პროექტების თანამონაწილეები ხდებიან.
კერძოდ, ფონდი საზოგადოებას წარუდგენს ემიგრანტების ან არაემიგრანტებისგან მომზადებულ კონკრეტულ და მიზანმიმართულ ბიზნესპროექტებს, რომლებიც ჩვენი თანამემამულეების საქართველოში დაბრუნებას და თავის დამკვიდრებას ემსახურება. ნებისმიერ ემიგრანტს შეეძლება, პროექტის ავტორთან ერთად განახორციელოს პროექტი წილობრივი მონაწილეობით და ფონდის თანადაფინანსებით.
უფრო მარტივად ვთქვათ:
დავუშვათ, იტალიაში მყოფ ემიგრანტს აქვს სურვილი, წამოიწყოს ბიზნესი საქართველოში და არა აქვს საამისოდ საკმარისი თანხა, არც გამოცდილება და არც პროექტის მონახაზი. ემიგრანტი აკეთებს განცხადებას ფონდის ელექტრონულ მისამართზე. წინადადებას განიხილავს ფონდთან არსებული იურიდიული კომპანია „საადგილმამულო ბიურო“ და დაინტერესებულ პირს გაეგზავნება სპეციალური კითხვარი, რომლითაც დაზუსტდება ემიგრანტის მოთხოვნები და შესაძლებლობები, შემდეგ ფონდის იურიდიული სამსახურის დახმარებით დგება დეტალური პროექტი და მზა პროექტი განსახილველად გამოდის საჯარო სივრცეში, გაზეთის მეშვეობით.
მას გაეცნობა ათასობით ადამიანი და ყოველთვის გამოჩნდება მსურველი, ვისაც დააინტერესებს პროექტი და მიზანშეწონილად ჩათვლის, შესაძლებლობების მიხედვით მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტის განხორციელებაში, წილობრივ საფუძველზე.
„საადგილმამულო ბიურო“ დაწვრილებით შეისწავლის პროექტის ყველა პოტენციური მონაწილის მონაცემებს, შეადგენს მათ შორის ხელშეკრულებას.
„საადგილმამულო ბიურო“ უზრუნველყოფს, რომ დაცული იქნას პროექტში მონაწილეთა უფლებები, გაუწევს კონტროლს პროექტის განხორციელების პროცესს და ბიზნესსაქმიანობას, მთელი მისი არსებობის განმავლობაში.
ყოველი ასეთი პროექტის განხორციელება ემიგრანტებს საშუალებას მისცემს, ერთობლივად შექმნან წინაპირობა სამშობლოში თავისი თავის და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის.
ასე და ამრიგად, საადგილმამულო ფონდი, რომელიც სწორედ საზოგადოების თვითორგანიზაციაში ხედავს ყველა პრობლემის გამოსავალს, გაცხადებული მე-6 პუნქტის საფუძველზე განიხილავს პროექტებს, რომლებიც ემიგრანტებს საშუალებას აძლევს, თავისი პირადი და თავისი ოჯახის ინტერესები ეროვნულ ინტერესებსაც დაამთხვიოს და მომზადდეს ეტაპობრივად სოციალურ-ეკონომიკური გარემო ემიგრანტის საქართველოში დასაბრუნებლად, ქვეყანაში დამკვიდრებისთვის.
პროექტი შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ყველა რეგიონში.
გამომდინარე დღევანდელი რეალობიდან და გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში შეიძლება შეიქმნას სასურსათო კრიზისი, საქართველოს „საადგილმამულო ფონდი“ მოუწოდებს ყველას, მონაწილეობა მიიღონ ასეთი ტიპის პროექტებში.
ფონდთან არსებული „საადგილმამულო ბიურო“ ქმნის საინფორმაციო ბაზას, სადაც შეტანილი იქნება ინფორმაცია გასაყიდ თუ საინვესტიციო სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.
ინფორმაციაზე წვდომა ექნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს მოქალაქეებისგან დაარსებულ ორგანიზაციებს.
ბაზაში იქნება მონაცემები შემდეგ პირებზე
1 – მეურნეები, რომელთაც გააჩნიათ პირად საკუთრებაში მიწა და საჭიროებენ დახმარებას ფულადი სახსრებით, ტექნიკით, სამუშაო ძალით და მიწათმოქმედებისთვის საჭირო სხვა საშუალებებით.
მეურნე ბაზაში შესაყვანად წერს განცხადებას ფონდის სახელზე, სადაც სურვილს გამოთქვამს ასეთი დახმარების მიღებაზე, მიუთითებს დახმარების ფორმას (ფინანსურს, ტექნიკურს), დახმარების რაოდენობას და განცხადებაში მიუთითებს მიწის ფართს, ადგილმდებარეობას; განცხადებას ურთავს მიწის საკუთრების უფლებაზე დოკუმენტის ფოტოასლს, რეესტრიდან ამონაწერს, პირად საკონტაქტო მონაცემებს, ტელეფონს, საცხოვრებელ ადგილს და განაცხადს აგზავნის საადგილმამულო ფონდის ელექტრონულ ფოსტაზე.
2 – საქართველოს და საქართველოს გარეთ მცხოვრები ის თანამემამულეები, რომლებსაც აქვთ საშუალება და სურვილი, გახდნენ ინვესტორები, ანუ ჩაერთონ ასეთი ტიპის სამეურნეო საქმიანობაში წილობრივ საფუძველზე.
ანუ, უბრალო ენით რომ ვთქვათ, გლეხს, რომელსაც აქვს მიწა, მაგრამ არ გააჩნია მისი დამუშავების საშუალება, ეხმარება ის, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ არა აქვს მიწა და ერთობლივი საქმიანობით მიღებული მოსავალი ნაწილდება.
მოგებულია გლეხიც, მოქალაქეც, სოფელიც, ქალაქიც და შესაბამისად – ქვეყანაც.
ინვესტორი საკუთარი თავის ბაზაში შესაყვანად წერს განცხადებას ფონდის სახელზე, სადაც გამოთქვამს საქმიანობის სურვილს ასეთ მეურნეობაში წილობრივი უფლებით, მიუთითებს გასაწევი ფინანსური დახმარების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობას, თავის პირობებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ადგილმდებარეობის და მდგომარეობის შესახებ და თავის საკონტაქტო მონაცემებს და აგზავნის მიმართვას საადგილმამულო ფონდის ელექტრონულ მისამართზე.
3 – პირები რომელთაც სურთ სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა და მეურნეობის დამოუკიდებლად წარმოება.
4- პირები, რომელთაც გააჩნიათ საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო მიწა და სურთ გაყიდვა,
შესაბამისად, მოხდება ამ ბაზაში არსებულ პირთა ერთმანეთთან დაკავშირება და მათ შორის შეთანხმების გაფორმება ფონდის იურიდიული სამსახურის მეშვეობით.
ფონდის შესაბამისი სტრუქტურა იქნება შეთანხმებაში მონაწილე პირების უფლებების დაცვის გარანტიც.
დაინტერესებულ პირებს განცხადების გაკეთება შეუძლიათ ფონდის ელექტრონულ მისამართზე:
saadgilmamulofondi@gmail.com
საზოგადოების ასეთი თვითორგანიზაციით და ამ პროექტში ჩართულობით შესაძლებელია რამდენიმე პრობლემის ერთდროულად გადაჭრა:
1- მეურნეს ინვესტორთან დადებული ურთიერთხელსაყრელი ხელშეკრულებით უჩნდება მიწის დამუშავების და პროდუქციის მიღების საშუალება;
2- ინვესტორს ეკონომიკური კრიზისის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კატასტროფულად გაზრდილი ფასების არსებობის პირობებში, საშუალება ეძლევა, თავისი ფინანსები დააბანდოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებში და ისარგებლოს მიღებული შემოსავლით და იაფი პროდუქციით;
3- მეურნეს უჩნდება საშუალება, თავიდან აიშოროს მიწის ბანკში ჩადებით სესხის აღება, და მიწის კაპიკებში დაკარგვის, ანდა მიწის უცხოელ მოქალაქეზე გაყიდვის საშიშროება;
4- ემიგრანტს საშუალება ეძლევა, გაუჩნდეს საკუთარი მეურნეობა საქართველოში, მიიღოს გამოცდილება და ჩართოს საქართველოში მყოფი საკუთარი ოჯახის წევრები ამ საქმიანობაში. უჩნდება მოტივაცია, გააფართოოს მეურნეობა და შექმნას სოციალურ-ეკონომიკური გარემო საქართველოში დასაბრუნებლად და ამასთანავე, პირადი ინტერესების დაცვასთან ერთად დაიცვას საზოგადო, საქვეყნო ინტერესები – არ დაუშვას ქართული მიწის გაყიდვა უცხოელ მოქალაქეებზე.