You are currently viewing ეგ არის და ეგ, ჩემი წერილები

ეგ არის და ეგ, ჩემი წერილები

შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ წერილები “დრამატული დრამატურგია” რჩეულთა გახსენებაა მხოლოდ.
არა, რა თქმა უნდა,
სულაც არ იყო ჩემი მიზანი მხოლოდ დიდ ადამიანებზე მესაუბრა, მათზე ნეკროლოგების კრებული შემედგინა, ხელახლა დამეტირა ერთხელ უკვე გარდაცვლილი და მოთქმითვე შემეგდო ნამუსზე მკითხველიც, აი, რანი ვიყავით და ახლა რანი ვართ-მეთქი.
არა , სხვა რამესთვის იწერება ჩემი წერილები.
მთავარი სულ სხვა რამეა და ამ “სხვა რამეს” გადმოსაცემად წერილებში უამრავი ქართული, თუ უცხოური ფილმის, ქართული, თუ უცხოური სპექტაკლის, ჩვენს ქვეყანაში, თუ მის გარეთ მომხდარი მოვლენების, ფაქტების, თქმულებების, ზღაპრების, წიგნების, მულტფილმების, ანეგდოტებისიც კი, და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი ქართული სიმღერის განხილვაცაა.
განხილვაც არ ქვია ამას, ამას ქვია მკითხველის წაყვანა რაღაც მიმართულებით.
იმ ეპიზოდებსაც, ხანდახან სოცქსელში, ან ჩვენი გაზეთის ფურცლებზე, ან საადგილმამულო ინტერნეტპორტალზე
რომ ვდებ ცალკე ამონარიდების და ოდნავ ჩასწორებული სახით, აქ, წიგნში შეტანილ ” წერილებში ” სხვა ლოგიკური ბმა აქვთ ერთმანეთთან და ყოველი ცალკეული ეპიზოდი მონაკვეთია მთლიანი გზისა და საშუალებაა მთავარ მიზნამდე მისასვლელად.
და მეც ვსაუბრობ წერილებში, თუ რატომ მოსწყინდა ღმერთს ერთი კაცის სპექტაკლი და რატომ შექმნა ადამი, თუ როგორ გახდა მამონტზე მონადირე პირველყოფილი ადამიანი პირველი მსახიობი და პირველი დრამატურგიც და ვინ იყო პირველი ტყუილის მთქმელი დედამიწაზე.
ვსაუბრობ ესქილეს დროინდელ თეატრზეც, საიდანაც მაყურებელი პირდაპირ ომში მიდიოდა,
ვსაუბრობ, თუ როგორ და რატომ გააყალბა ისტორია შექსპირმა თავის პიესაში “ჰამლეტი”,
ვსაუბრობ, თუ რატომ აკეთებდა ცუდს საქმეს ევსტიგნეევი, როცა უარყოფით როლებსაც ნიჭიერად თამაშობდა.
ვამბობ, რომ დიუმას მუშკეტერები სულაც არ არიან დადებითი პერსონაჟები და მათზე დადებითი, მკითხველისთვის ის ჯალათი უნდა იყოს, ვინც მილედის მოკვეთა თავი.
ვსაუბრობ , თუ რატომ იყვნენ ჰაფეზი და თემურლენგი მოკავშირეები, და ისე, რომ ჰაფეზს ერთი სახოტბე ლექსიც კი არ დაუწერია მისთვის,
ვამბობ თუ როგორ “დანიშნა” ფრანსუა რაბლემ თავის მემკვიდრედ პოლიკარპე კაკაბაძე, და რატომ არის ლონდრე, ფილმიდან “ლონდრე”, მაკიაველზე დიდი..
ვსაუბრობ არა მხოლოდ ისტორიულ პიროვნებებზე, ვსაუბრობ დღეს მცხოვრებ უბრალო ადამიანებზეც, თუნდაც იმ თბილისელ ბიჭზე, ქუჩაში სანიაღვრე ჭას რომ წმენდდა, და ისე, არავის რომ არ დაუვალებია, იმ ბიჭზეც საკუთარი თირკმელი რომ შეთავაზა სრულიად უცნობ ავადმყოფ გოგონას, იმ ექიმზე უსასყიდლო კონსულტაციებს რომ უწევდა საქართველოდან ემიგრანტებს, იმ ბიჭზე, ორი სიცოცხლე რომ გადაარჩინა საკუთარი სიცოცხლის ფასად, იმ კაცზეც, საუკუნოვან მტერს ყველა ქვეყანაში რო ეომება, იმ კაცზეც ვსაუბრობ, რომ არ ჰქონდა და სხვას რომ აძლევდა უკანასკნელ ლარს, და კიდევ ბევრ რამეზე ვსაუბრობ..
გზაზე და საშუალებაზე, ვსაუბრობ, რომლითაც შესაძლებელია მოიგო ომი.
ტროას ომია დღეს, სისტემასთან ომი ობივატელის გამო და ამ ომში მშვენიერი ელენეს როლს ობივატელი ასრულებს.
და მეც ვსაუბრობ, თუ როგორ უნდა გაიაროს ობივატელმა გზა ობივატელობიდან ადამიანობამდე, გულგრილობიდან არაგულგრილობამდე,
და თუ მეომარს ბრძოლის ველზე არ გაჰყვება და ბარიკადებზე არც დადგება, ერთი სიტყვა, და ერთი აგური მაინც რომ შეაწიოს საქვეყნო კედელს.
ხო, იმ საშუალებაზე ვსაუბრობ, ობივატელის სულის შერყევა რო შეუძლია,
და არ არსებობს მასზე მეტი დრამატული გზა, და არ არსებობს ობივატელის ადამიანად მოქცევისთვის უკეთესი საშუალება, ვიდრე ჰეროიკული დრამატურგიის ოქროს წესია.
ასე ვეძახი სამეულს,
“გმირი – თხრობა გმირზე, – ახალი გმირი”.
ხო, ჩემთვის დრამატურგია თხრობაა უბრალო ჰამბავისა, მაგრამ ისე, რომ მისი მეშვეობით მკითხველი უფრო უკეთესი გახდეს, ვიდრე არის.
ეგ არის და ეგ, ჩემი წერილები…
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა