You are currently viewing “ლომა, დავიწყებული მეგობარი”

“ლომა, დავიწყებული მეგობარი”

მგელზე მეტ ცხვარს მეცხვარე და მისი ქოფაკები რომ ჭამენ, არ იცის ცხვარმა.
ფილმია, ქართული, ხო..
და ბევრი მომენტია იქ ნიშნადობლივი, მაგრამ ერთს განსაკუთრებით უნდა მიაქციოს ყურადღება კაცმა.
კაცმა, თორე იმან, ვინც ბალახს ძოვს, ასჯერ რომ ნახოს ვერ გაიგებს მაინც ვერაფერს.
ღირს მოსაყოლად, ნაღდად.
კადრში ცხვრის სადგომია- შემოღობილი და შედის სადგომში თეთრხალათიანი, ” ქიშმიში , ქიშმიშის“ ძახილით.
ვაცი გარბის მისკენ და იმ კაცის ხელიდან ჭამს მიწოდებულს.
ცოტა ხნის მერე, აბა, მიდი ახლაო, ეუბნება თეთრხალათიანი და ვაციც ცხვრებში გაერევა, – წრეს დაარტყამს შეჯგუფებულებს, ზოგს გვერდს გაკრავს, ზოგს რქებს, და მერე იმ კარისკენ გასწევს, სადგომთან მიშენებულ შენობაში რომაა ჩასმული.
მიდის და მიჰყვება ცხვარიც.
რამდენიმესთან ერთად გასცდება თუ არა კარს და იხურება ზათქით შესასვლელიც.
ცოტა ხნის მერე კადრში სჩანს, იმ შენობის მეორე მხრიდან რომ გამოდის ის ვაცი.
მარტო გამოდის – მხოლოდ ის.
კვლავ სადგომში შედის და კვლავ ცხვრებს დაარტყამს წრეს, და კვლავ იმ კარისკენ მიემართება , რომელშიც ადრე გაუჩინარდა,
კვლავ მიჰყვება ცხვარიც, და მეორდება იგივე.
და უყურებს ამ ყველაფერს მეცხვარე ძაღლი, ქართული ნაგაზი, დიიდი თვალებით და ვაცი რო მესამე წრეზე წავიდა , ძაღლიც გარბის და იმ შენობის ფანჯარას უახლოვდება, სადაც სხვა ცხვრებთან ერთად შედიოდა ვაცი და აჩვენებენ კადრში,
თუ როგორ ჭრიან იმ შენობაში ცხვარს ყელს.
და მობრუნდება ძაღლიც და იმ სასაკლაოდან კვლავ მარტო გამოსულ ვაცს რომ დაინახავს, ყეფით ეცემა და მოგუდავს იქავე.
ხმაურზე ხალხი გამორბის შენობიდან, ჯოხებით.
ურტყამენ ძაღლს , ვაცი რომ გადაარჩინონ.
თოფიც გამოიტანა ერთმა.
აი, იმან , ქიშმიშიანმა.
არაფერს გაგონებთ წარსულიდან?
და დღევანდელობიდან?
ეგაა, სწორედ.
და იმ ცხვარივით სკლეროტიკი რომ არ იყოს ხალხი, ნანახი და გადატანილი რომ კარგად ახსოვდეს,
და ვაცს და კაცს, და მტერს და მოყვარეს, რომ ერთმანეთისგან არჩევდეს, რამდენ რამეს გადაურჩებოდა ამ 30 წლის განმავლობაში.
ხო, რა, უნდა გვახსოვდეს, მგელზე მეტ ცხვარს მეცხვარე და მისი ქოფაკები რომ ჭამენ.
და მათგან განსხვავებით, წმინდა სისხლის ქართული ნაგაზი, იქნებ კი უყეფს ახლაც ქიშმიშიანებს, მაგრამ მისი ხმა ტელევიზიების ყმუილით, ქოფაკთა გნიასით, და ცხვრების პეტელით არის გადაფარული,
და თან მგლებმაც ისწავლეს ძაღლივით ყეფა და ისე, რომ ცხვარს კი არა, კაცსაც უჭირს გარჩევა.
ამიტომაც მიდის და მიდის ცხვარი სასაკლაოზე.
და ვაცზე ლოცვებში მუხლგადატყაული.
ფილმს რა ქვია და „ლომა – დავიწყებული მეგობარი“.
რამდენი რამესავით დავიწყებული, ხო.
.
წერილებიდან “დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა