
საადგილმამულოს კიდევ ერთი პროექტი ამუშავდა.
დაიბეჭდა საინფორმაციო მასალები, კითხვარები, ფლაერები, და საადგილმამულო ფონდთან არსებული “პოლიტგანათლების გამავრცელებელი საზოგადოება”, იწყებს ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობაში.
კარდაკარ, თითოეულ ადამიანამდე მიიტანს ინფორმაციას, თუ რა უნდა გაკეთდეს, და როგორ.
საქმიანობის მიზანია, თანამოაზრეების პოვნა, და მათგან სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება თბილისის უბნების მიხედვით.
ქალაქის ყველა უბანში იქნება ერთი ასეთი ჯგუფი.
ჯგუფები მონაწილეობას მიღებენ პოლიტგანათლების გავრცელებაში, და საადგილმამულოს სხვა პროექტების განხორციელებაშიც.
იგივე გაკეთდება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და რაიონულ ცენტრში.
რეგიონების ჩართვა აუცილებელია, დროა შევცვალოთ სტერეოტიპი, რომ პოლიტიკა თბილისში კეთდება.
სისტემას აწყობს ასეთი სტერეოტიპი, ასე უფრო მარტივად მართავს საზოგადოებას.
პოლიტიკა უნდა დაიწყოს რეგიონებიდან და უნდა დამთავრდეს თბილისით.
სამუშაო ჯგუფები უნდა შეიქმნას რეგიონებშიც და საზღვარგარეთაც, ემიგრაციაში, ევროპის და ამერიკის ქალაქებში.
გარეთ უნდა გავიდეთ, ადამიანებამდე უნდა მივიდეთ, რეალურ ადამიანებამდე.
მხოლოდ სოცქსელებით, მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებით, და თუნდაც აქციებით ისეთი სამოქალაქო საზოგადოება , რომელსაც სისტემური ძალადობისგან თავის დაცვა შეუძლია, ვერ ჩამოყალიბდება. ასი წელი არ ეყოფა ამ გზით ამ საქმეს.
სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას რეალური ურთიერთობები უნდა, რეალური ადამიანები და არა ვირტუალური სახეები, რომ დააკომენტარებენ რაღაცას და დაივიწყებენ მერე.სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას იდეური ადამიანები უნდა, რომლებმაც ზუსტად იციან რა არის მიზანი, და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის დღეს, ხვალ, ერთი თვის მერე, და ერთი წლის მერეც.
იციან, რა უნდა გაკეთდეს გამარჯვებისთვის, რა უნდა გაკეთდეს გამარჯვებამდე და გამარჯვების მერეც.
და ეს იცის თითოეულმა და არა მხოლოდ რაღაც ჯგუფმა, ანდა ლიდერმა.
ჯგუფის და ლიდერის განეიტრალება სისტემას ყოველთვის შეუძლია,
შეგნებული, იდეური ადამიანთა ერთობის – არა.
საადგილმამულოს პროექტები რომ რეალობად იქცეს, ადამიანური და ფინანსური რესურსიც რომ გაჩნდეს, ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმები რომ დაკანონდეს, და საზოგადოება რომ სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბდეს, რეალური ადამიანები უნდა ვიპოვოთ, ქალაქებში, რაიონულ ცენტრებში, ემიგრაციაში.
რეალური ადამიანები, აი, ასეთები, ფოტოზე რომ არიან..
ვიცი, კიდევ ბევრნი ხართ ასეთები, და ვიცი, კიდევ ბევრნი იქნებით,
ერთმანეთი უნდა მოვნახოთ, ერთმანეთამდე უნდა მივიდნენ ერთგულები, რეალურები, ნაღდები, ვინც სიტყვას ამბობს და ასრულებს.
შემოგვიერთდით ქალაქებიდან, რეგიონებიდან, ემიგრაციიდან.
მოგვაწოდეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები, ვისაც გულწრფელად გსურთ, რომ რაიმე სასიკეთოდ შეიცვალოს და ვისაც გულწრფელად გსურთ, ამისთვის რაღაც რეალური გააკეთოთ.
ნუ ელოდებით მესიებს, პარტიებს და მილიონერებს.
სხვამ ელოდოს, სხვამ ილაპარაკოს, ჩვენ საქმე ვაკეთოთ.
სწორედ ისე, როგორც აკეთებდნენ 150 წლის წინ ამ ქვეყანაში.
გეგმით, პროგრამით, სქემით, გათვლით, ნაბიჯ-ნაბიჯ, წვეთ-წვეთობით.
და წვეთი რომ ქვას ხვრეტს, ვიცით!
