
” თეატრი მოკვდა? “
.
ხომ ვთქვი, არ შეიძლება ჩემი უსაქმოდ გაჩერება მეთქი,
მარტყოფის ველზე პირველმოსახლეთა დამკვიდრების შემდეგ, ცოოტა რომ ამოვისუნთქე აქეთ-იქეთ გამექცა თვალი,
თვალი კიდევ ოხერია, თორე რას ვერჩი მაგალითად, წულუკიანის კანტორას?
ა, ბატონო, ფრიად საჭირო და მასშტაბური პროექტი გავაკეთეთო, გვახარეს.
ქართული სპექტაკლები რომ შემოვუნახოთო შთამომავლობასო, და არ დაგვეკარგოსო მარგალიტებიო, თეატრალური საიტი გავაკეთეთო, სპექტაკლების მაღალხარისხში ვიდეოჩანაწერები გამოვაფინეთო იქ,..
მეთქი, არიქა, გაეხსნათ გონება, რაღაც კარგისკენ წაუცდათ მეთქი ხელი.
დაჯექი, დააწკაპე, და ისიამოვნე, უბილეთოდ, უფულოდ, წასვლამოსვლის, და ბაბოჩკის გარეშე.
მეც მეტი რა მინდა, მოვემზადე, – კარგი სიგარეტი ვიყიდე, ორი თვის წინ გახსნილი კონიაკის ბოლო წვეთებიც ჩავწურე ჭიქაში, ტელეფონიც გავთიშე, და დაგემოვნებით ჩამოვშალე, არ ვიცი რა პრინციპით შერჩეული, ათიოდე სპექტაკლის ჩამონათვალი.,
და უკვე აქ მიქნა ავი საქმე ოხერმა თვალმა,
ნუ, პროექტს რატომ ეძახიან საიტზე უბრალოდ დაყრილ იუტუბზე დადებულ ჩანაწერების ლინკებს, არ ვიცი.
რა გაუჭირდა აამხელა დაწესებულებას საკუთარი სერვერი აეღო?,
აბა, დავუშვათ და იუტუბი დაიხურა, ხომ დავიღუპეთ, ხომ ჩაიყარა კულტურის სამინისტროს მთელი ერთი დღის გულმოდგინება?
ხო, აბა, ერთ დღეზე მეტი არ დაჭირდებოდა ისეთი საიტის გაკეთებას, ამათმა რო პროექტი დაარქვეს.
ნუ, ჯანდაბას, იუტუბზე ხომ არის , და მეთქი ვნახავ, ხარისხი კარგი ჩანს, მადლობა სპექტაკლების გადამღებ ჯგუფს, მაგათ მართლა ეკუთვნით მადლობა.
ჩავუყევი სპისოკს, და ერთ ნაცნობ გვარსახელს მოვკარი თვალი და მეთქი, მიდი..
და ვუსმენ რეჟისორის წინათქმას, და შევხარი ახლა,
ვიცი, რო კარგი თეატრთმცოდნეა, კარგი პედაგოგი..
მოკლედ, ძველი თაობის ხელოვანი ქვია, თან გამიგია, რო იშვიათად დგამს სპექტაკლებს, და ჩემი სირცხვილი, მისი მხოლოდ ერთი ადრინდელი რაღაც მაქვს ნანახი, მაგრამ რადგან იშვიათია, მეთქი აქ ექნება ყველაფერი, რაც ამ ხნის განმავლობაში დაუგროვდა მეთქი, და ველოდები რომ მთლად თეატრალური ორგაზმი თუ არა, რაღაც მასთან მიახლოებული მაინც მეწვევა,
ის მულტფილმი გახსოვთ?
მიუნჰაუზენი რომ ფარშევანგს ეძებს, მისი გარეგნობით მოხიბლული, ამას კაი სიმღერაც ეცოდინებაო?
ნეტავი, არ ენახა არც მას , და არც მე,
გოგი მარგველაშვილის ” სამანიშვილის დედინაცვალი” ვნახე, ხო..
არ ვიცი, რა ვთქვა, არაფერი არ იყო, სულ არაფერი ახალი.
ნუ, მობილური ტელეფონებით, და პერსონაჟთა თანამედროვე სამოსით სიუჟეტის 21-ე საუკუნეში გადმოტანა თუ ახალი სიტყვაა სცენაზე, ან მე მაქვს დეჟავიუ,
ანდა უნახავები ვგონივართ, ან კიდევ უფროსი თაობის მაყურებელი გაგვამწესეს უკვე საიქიოს პარტერში.
ეტოტ გოგი ნას სავსემ ნე უვაჟაეტ,
აბიდნა, სლუში.
იყო, ბატონო, ეს, და მრავალჯერ, მრავალ სცენაზე და მრავალგან.
აქ არაფერი არ ხდება, გახუნებული მეტაფორები, მოსაწყენი დიალოგები, ყალბი ემოციები.
აფსუს, კლდიაშვილის ნატიფი იუმორი,
აფსუს, გოგი გეგეჭკორის პლატონი.,
აფსუს, რამაზ ჩხიკვაძის კირილე,
ხო, რა, მარგველაშვილის სპექტაკლი თემურ ჩხეიძის 1969 წლის სპექტაკლის ნარეცხია, და ისეთი ნარეცხი, რეცხვის დროს ყველაზე კარგს რო გაატან წყალს.
ეგ არი, მეტი არაფერი.
და სადაც მარგველაშვილთან ამნაირი ლომკა დადგა, საიტზე მიმოყრილი სხვა სპექტაკლების ნახვის სურვილი აღარც გამჩენია.
მადლობა კულტურის სამინისტროს.
ახალი თუ არაფერი გვივარგა, ისევ ძველის შენახვაზე და დაცვაზე გვეზრუნა არ ჯობდა?
და მათი ვიდეოჩანაწერები თუ არაა შემონახული, წერილები, რეცენზიები მაინც გამოაქვეყნეთ ადრინდელ დიდებულ სპექტაკლებზე, გენიალურ რეჟისორებზე და გენიალურ მსახიობებზე, ფოტოები მაინც დადეთ მათი, სწორედ ისე, როგორც ახლა მე ვაკეთებ.
არ ვდებ ნარეცხს, – ვდებ ნაღდი სპექტაკლის და ნაღდი მსახიობების ფოტოს.
მადლობა, შენც, ბრუტუს.
აღარ დადგა თუ კაცი ხარ, აწი არაფერი.
და მერწმუნეთ, ასეთი რამის თქმა კიდევ ძალიან ბევრ რეჟისორზე და ძალიან ბევრ სპექტაკლზეც შემიძლია, მაესტრო, რობერტ სტურუას ბოლოდროინდელი სპექტაკლების ჩათვლით.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე თეატრალურ სამყაროში მიღებულია, სპექტაკლზე ან კარგი უნდა თქვა, ან საერთოდ არაფერი.
რატომ ბატონებო, რატომ, ასე ჩვენში მიცვალებულზე იციან თქმა, ან კარგის, ან არაფრის და რა, ქართული თეატრიც მოკვდა?
კულტურის სამინისტროც?
ა, ხო ვამბობდი, ოხერია მეთქი, თვალი.
აი, აქ, ფარდა!
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
