You are currently viewing ჩაწვდი, იდეას!

ჩაწვდი, იდეას!

კიდევ ერთხელ პლაგიატის შესახებ.
არა, ამჯერად ლექსის ქურდებზე არ ვისაუბრებ, მაგათ და მაგათ მკითხველებს ისიც ეყოფათ, თავის უნიჭობას, და უწიგნურობას, რომ საქვეყნოდ ამზეურებენ.
ლექსის ქურდობაზე უფრო დიდი მავნებლობაც ხდება,
როცა საქმე პოლიტიკური კონცეფციების ქურდობას ეხება.
რადგან, თუ ლექსების ქურდი ავტორს და თავისთავს ვნებს მხოლოდ, იდეის ქურდი მთელ ქვეყანას ვნებს.
რადგან, როგორც წესი, ქურდმა არ იცის იდეის განხორციელების გზა, და თემას მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოსაგროვებლად იყენებს.
და როცა იდეაზე მხოლოდ ზედაპირულად საუბრობ, და ვერ ამბობ, თუ რა გზებით შეიძლება ნათქვამის რეალობად ქცევა, ამით მკითხველს უქმნი შთაბეჭდილებას, რომ იდეა კარგია, მაგრამ განუხორციელებელი,
ისედაც უიმედობაში ჩავარდნილი ხალხისთვის იდეაზე ასე საუბარი იმას ჰგავს, რო მიანიშნო, აგერ ხეზე წითელი ვაშლიაო, მაგრამ არც კიბე არ მისცე, და არც ასწავლო, როგორ უნდა გააკეთო კიბე, რომლითაც ვაშლის მოკრეფა შეგიძლია.
ამიტომაც ლპება ხეზე ვაშლიც, და ლპება საზოგადოებაც ნიჰილიზმისგან.
უამრავს ვიცნობ, ვინც ამას უწყობს ხელს.
ამ 15 წლის განმავლობაში ბევრმა სცადა ჩვენს მიერ ფორმულირებული პოსტულატები სათავისოდ გამოეყენებინა, და მათ შორის უპარტიო სისტემის თემაც, მაგრამ ვერაფერს ამბობენ მის განხორციელების გზაზე, რადგან წარმოდგენაც არ აქვთ იმ მექანიზმებზე, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება მიზნამდე მისვლა.
რა თქმა უნდა, იდეის დონეზეც სასარგებლოა ინფორმაციის გავრცელება, რადგან ასე თუ ისე მიდის ადამიანებამდე, – მაგრამ საბოლოოდ რა ზიანის მოყენება შეუძლია იდეის მხოლოდ ლოზუნგურ გავრცელებას, ვთქვი უკვე.
დიახ, ლპება ვაშლი, და ლპება საზოგადოებაც, რადგან ვერ აფასებს რეალურ გზას, და ისევ მესიის მოლოდინშია.
და ამის დასტური ისევ და ისევ ილიას სწავლებაა,.
ილიას სწავლება, ანუ, ის კიბე, – 150 წელი რომ არ ეღირსა ჯერ შემჩნევა, მერე გაკეთება და მერე ვაშლის ხესთან მიტანა.
მიტომაც დაღუპეს პარტიებმა საქართველო, ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე, – ილიას ნათქვამი რომ ვერ გაიგო მაშინდელმა საზოგადოებამ.
და რომ დაღუპეს, ახლაც, ბოლო 30 წელმაც გვაჩვენა.
არა, მე არ მიკვირს იდეის ქურდების, როცა პირდაპირ იღებენ ჩვენგან რაიმე მოსაზრებას, და ჩვენი ფოტომასალაც კი მიაქვთ უნებართვოდ.,
და არც არავინ მოითხოვს , ამ ყველაფერს ჩვენი სახელი დაარქვან.
მით უმეტეს, რომ იდეის პირველსაწყისი არ არის არც ჩვენი, და არაერთხელ მითქვამს, რომ ბევრი რამ ავიღეთ ილიას სწავლებისგან, – ჩვენი მოსაზრებები უპარტიო საქართველოზე ილიას იდეების ტრანსფორმაციაა,
მაგრამ ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობთ, და სწორედ ამით განვსხვავდებით სხვებისგან.
დიახ, ჩვენი თეზები ილიას სისტემატიზაციაა.
ანუ, მისი იდეები, უპარტიო საქართველოს და თვითმართველობას რომ ეხება, ერთ სისტემაში მოვაქციეთ, პუნქტებად გავწერეთ, და რაღაც ჩვენი დავუმატეთ, და რაც მთავარია მისი განხორციელების გზაც გამოვკვეთეთ.
და ასეც უნდა იყოს, იდეა უნდა ვითარდებოდეს, რომ თანამედროვეობას მოერგოს.
მაგრამ ეს რო გააკეთო, ილია უნდა გქონდეს წაკითხული, და უნდა გესმოდეს თუ რა არის სინამდვილეში “ილიას გზა”.
რომ არ ესმით ეს, და არც წაუკითხავთ, იმიტომ ვერ ცნობენ ჩვენს ფორმულირებებში ილიას, და მიტომაც ითვისებენ ასე დაუფიქრებლად.
სასაცილოა მართლაც, აგერ სულ ახლახან ერთმა სასტავმა დიდი ზარზეიმით რომ განაცხადა ჩვენი გაერთიანება ხალხს სრულიად ახალ მოდელს, -“უპარტიო არჩევნებს”- შევთავაზებთო,
როცა ამ სასტავის უმრავლესობა ჯერ კიდევ წლების წინ დადიოდა ჩვენი “საადგილმამულოს” ოფისში, და დანარჩენებიც ვიცი, რომ იცნობენ ჩვენს თეზისებს.
განაცხადეს, მაგრამ მიივიწყეს მალევე და გასაგებია რატომაც , – არ იციან, რა გააკეთონ.
ხო, იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც რაღაც მოსაზრებით საკუთარ გვარსახელს აწერთ ჩვენს მიერ უკვე დახარისხებულ, ეტაპებად გაწერილ, ერთმანეთთან ბმაში მყოფ ილიას თემებს, –
მხოლოდ იდეის “თავს” რომ იპარავ, “ბოლოც” მოიპარე,
ანუ, იმ გზაზეც ისაუბრე, რითიც შეიძლება შედეგის დადება, და მეტიც, რაღაც რეალური მაინც გააკეთე ამისთვის, და მე პირველი დაგიკრავ ტაშს, და შენს სურათსაც გამოვფენ ჩემს კედელზე ბაფთით, ან უბაფთოდ.
გესმის, რასაც ვამბობ? – გეგმაც წაიღე, და უთხარი ხალხს, რომ უპარტიო საქართველო ფანტასტიკა კი არ არის, არამედ რეალობა გახდება, თუ ამას, ამას, და ამას გავაკეთებთ, – აი, ეგ მინდა, რომ თქვა.
არ ამბობ ამას, და თუ მხოლოდ საკუთარ გვარს აწერ თემას, აბა, ჯიბგირი როგორ არ დაგიძახო?
ტაშის დაკვრაზე გამახსენდა,
ქურდების არ მიკვირს, – მესმის, რა ჭიაც აწვალებთ, მე იმათი უფრო მიკვირს, ფრენდებში რომ მისხედან, და რომ იციან, რაზე ვსაუბრობდით და ახლაც ვსაუბრობთ, და მერე ამ ყველაფერს სხვის კედელზე რომ ხედავენ დასათაურებულს ” ქვეყნის ხსნა იმანო იმანოსგან”, –
გასაგებია, რომ არც თქვენ არ იცით ილია, რომ მიხვდეთ, საიდან მოდის იდეა, მაგრამ ჩვენი გამოსახულებით და ჩვენი ბანერებით ფოტოებსაც რომ ხედავთ სხვის კედელზე, და მერე იმ იმანოს, რომ მაინც ამერიკის პირველაღმომჩენად აცხადებთ, ის მაინც არ გახსენდებათ, რომ ეს ყველაფერი სადღაც ვიღაცასთან უკვე ნახეთ,?
მერე?
არ გიტყდებათ?-
წაკითხულს ივიწყებთ, ნათქვამს ვერ იმახსოვრებთ, სახეებს ვერ სცნობთ,
და იდეას ჩაწვდებით ?
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა