You are currently viewing აბა, ვის გაქვთ სურვილი?

აბა, ვის გაქვთ სურვილი?

ჟურნალისტიკის დღეო,
გამეცინა,
სადა გვაქვს საერთოდ დღეს ქართული ჟურნალისტიკა, ანდა რატომ ჰგონიათ ამ ხალხს, რომ ის რაც არის, საერთოდ ჟურნალისტიკაა?
და საერთოდ, იყო ამაში ცინიზმი ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს რომ დააწესეს.
იმ წელს, როცა საინფორმაციო საშუალებების უმრავლესობა უკვე სამხედრო ხუნტის კონტროლქვეშ რომ იმყოფებოდა.
აღარაფერს ვიტყვი, რომ ქართული ჟურნალისტიკის ათვლის წერტილად1819 წლის 21 მარტი არის შერჩეული, როცა მეფის რუსეთის კავკასიის სამხედრო კორპუსის შტაბის ცნობის ფურცელი დაიბეჭდა, და გასაგებია, ვის ინტერესებს ემსახურებოდა.
რა თქმა უნდა პირველი ქართულენოვანი გაზეთის გამოცემაც პროგრესული მოვლენა იყო, მაგრამ მე პირადად ვთვლი, რომ თუ ჟურნალისტიკის არა ფორმაზე, და არა ფაქტების მშრალ, თუ შეკვეთილად გადმოცემაზე გავამახვილებთ ყურადღებას, არამედ ჟურნალისტიკის ჭეშმარიტ დანიშნულებაზე, მაშინ ქართული ჟურნალისტიკის დღედ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, 1828 წლის 4 ივნისი ჩაგვეთვალა, როცა “ტიფლისის ცნობარის” ( Тифлисскія Вѣдомости,) პირველი ნომერი გამოვიდა, რომლის ქართულენოვან განყოფილებას სოლომონ დოდაშვილი რედაქტორობდა.
საინტერესოა, რამდენმა ჟურნალისტმა იცის დღეს, ვინ იყო სოლომონ დოდაშვილი?
და სხვებმა? არაჟურნალისტებმა იციან?
ვფიქრობ, რომ თითოოროლამ, და ესეც დასტური იმისა, რომ პრობლემა არის.
პრობლემა, რომლის ჩამოყალიბება შეიძლება კითხვით –
“არსებობს, კი დღეს, ქართული ჟურნალისტიკა?”
ხო, ბევრი სვამს დღეს ამ კითხვას,
და ყველას თავისი პასუხი აქვს ამ კითხვაზე, მაგრამ მოდით მოვუსმინოთ ერთს..
კარგი, ახლაო, გაიფიქრებს ვიღაც.
ვინ არისო ასეთი, რაიმე თქვას და მე თავი დავუქნიო, თუ სხვანაირად ვფიქრობო, ხო?
ვინ არის და იმდენ რამეზე აქვს ნათქვამი, და ისე მორგებულად,
იმდენი რამ აქვს ნაკეთები და ისე საშვილიშვილოდ,
იმდენი რამ აქვს ნაწინასწარმეტყველები და იმდენი ახდა, რო მის სიტყვაზე რომ გვევლო, ახლა სხვანაირად ვიცხოვრებდით.
ჰო, და მოვუსმინოთ მეთქი, ამ ერთს.
“..აზრს გამოვთქვამთ მასზედ, თუ გაზეთ-ჟურნალობა რა ღონეა, რა ფარ-ხმალია ადამიანისათვის ცალკე და საზოგადოებისათვის საერთოდ, რის უფლებას აძლევს მას, ვინც მაგის ასპარეზზედ გამოვა და რა მოვალეობასა სდებს კისრად.
.. ჟურნალ-გაზეთობა არის შუამავალი ცხოვრებისა და მეცნიერების შორის, გამავრცელებელი კაცობრიობის ჭკუით მოპოვებულის, გამოძიებულის და აღიარებულის სიმართლისა და ჭეშმარიტებისა;
.. ჟურნალ-გაზეთობა მას მისდევს, რომ აღზარდოს საზოგადოების ჭკვა და გონება, გაუწმინდოს აზრი და გრძნობა, ააღორძინოს საზოგადოების თვით-მოქმედობითი ძალი და ხალისი თვით-ცნობისა.
.. საცა საზოგადოების თვით-მოქმედობის ძალა მილეულია, საცა გონებითი და ზნეობითი ნიჭი დაძინებულია, იქ, უპირველესი მოვალეობა ჟურნალ-გაზეთობისა სწავლისა და ცოდნის გავრცელება უნდა იყოს, მან უნდა ფეხი აუდგას თვით-მოქმედობის ძალსა, მან უნდა აღადგინოს გონებითი და ზნეობითი ნიჭი.”
ხო, ჩემო ბატონო,
ეს სიტყვები ილიას ეკუთვნის და მან ეს აზრი ივერიის პირველივე ნომრის მოწინავე სტატიაში გაახმოვანა..
ხაზს ვუსვამ – პირველივე ნომრის წინასიტყვაობაში.
ხვდებით, ხო, ეს რას ნიშნავს?
და აბა, სად ხედავთ თქვენ დღეს ქართულ ჟურნალისტიკას?
და რასაც ხედავთ, ასრულებს კი ის თავის დანიშნულებას?
აბა, ვისა გაქვთ სურვილი ეკამათოთ ილიას?
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა