You are currently viewing “აი, ამიტომაც”..

“აი, ამიტომაც”..

ხანდახან ვფიქრობ, რო მართალი იყო ანტონ კათალიკოსი სამ სასაუბრო ენის სტილს რომ ამკვიდრებდა.

აღმატებულს , საშუალოს და დაბალს.

არის თემები, რომლებზეც ძველი ბიჭის ენით და ამოჩაჩული პერანგით ვერ ისაუბრებ.

ხო, ჩემო ბატონო,

სადღაც ოქტომბრისთვის გამოვა ალმანახის მესამე ნომერიც.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში რაც ხდება, მისი ანალიზიც გრძელდება, და პრობლემებიდან გამოსავალზეც საუბრებიც – ხელისუფლებებზე ზემოქმედების მექანიზმებზე, უპარტიო საქართველომდე მისვლის გზებზე, და მსოფლიო მცირე ერების კავშირის შექმნის აუცილებლობაზეც საუბრებიც გრძელდება, დიახ..

საუბრები კულტურაზეც, ხელოვნებაზეც,

და საადგილმამულოს მთავარი პროექტის – მარტყოფისველზე ახალი დასახლების ისტორიაც ისევ იწერება,

მარტყოფისველის ისტორია უნდა დაიწეროს, სწორედ, რადგან ამ დასახლების მაგალითზე მოდელირებულად იქნება ნაჩვენები, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანაც, და საზოგადოებაც.

ამიტომაც, ყველა ფაქტი თუ მოვლენა, რაც მოხდა მარტყოფისველზე ამ ორი წლის განმავლობაში, და ხდება ახლაც, დოკუმენტური სიზუსტით აღირიცხება, და აისახება ალმანახში.

საჭიროა ეს,

თაობებმა უნდა იცოდეს, რა კეთდება აქ, რატომ და რისთვის, და რაც მთავარია – როგორ.

უნდა იცოდეს,

რადგან, ადამიანის დანიშნულება მხოლოდ ის არაა, სახლი ააშენოს, ხე დარგოს, და შვილები გაზარდოს, – ის გარემოც უნდა დაიცვას, სადაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს.

ამისათვის ადამიანთა ის ერთობლიობა უნდა შედგეს, რომელსაც შეეძლება საკუთარი თავის, მიწის, დასახლების, და ქვეყნის დაცვაც.

საზოგადოება უნდა შედგეს, – მარტოკაცი ამას ვერ გააკეთებს.

თუ შეგნებული, და პასუხისმგებლობის უნარის მქონე საზოგადოება არ იქნა, და ქვეყანა არ იქნა, ყველაფერს დანარჩენს აზრი ეკარგება.

ამიტომ ვაკეთებთ რასაც ვაკეთებთ, ამიტომ ვამბობთ, რასაც ვამბობთ,

ამიტომ მზადდება ალმანახის მესამე ნომერიც.

რადგან ამ ყველაფერზე, – გაკეთებულზე, და თქმულზე,- ინფორმაციები დაცული უნდა იყოს, თუნდაც იმისთვის, რომ ერთხელაც, თუნდაც 100 წლის შემდეგ, ვინმეს, ისევ მოუნდეს იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ.

აი, ამიტომაც ვწერთ დღეს, ისტორიას.

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა