You are currently viewing ალმანახი

ალმანახი

გაზეთი ” საადგილმამულო” რომ გამომცემლობად გადაკეთდა უკვე ვთქვი.
გაზეთმაც რო შეიცვალა ფორმატი ესეც,
ისღა დამრჩა ვთქვა, რომ 2023 წლის 28 მარტს, საზოგადოებრივ -ლიტერატურული ალმანახის ” საადგილმამულოს” პირველი და მეორე ნომერი გამოვიდა.
ასე, რომ 28 მარტი კიდევ ერთი აღსანიშნავი თარიღი გახდა ჩვენთვის.
შეგიძლიათ მოგვილოცოთ, შეგიძლიათ თვალი აარიდოთ,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, შვილების თაობა ერთხელაც, აუცილებლად დაინტერესდება ამ თარიღით.
სულაც არ ვამეტებ, რადგან ვიცი, რა მნიშვნელობის ინფორმაციებია ამ ალმანახში დაცული.
და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ” საადგილმამულომ” ილიათმცოდნეობის ისტორიაში ყველაზე პირველად, სრულყოფილად და ზედმიწევნით ზუსტად განმარტა ილიას სწავლების არსი, დააკონკრეტა, გაათანამედროვა და პრაქტიკულად ანხორციელებს კიდეც.
და დარწმუნებული ვარ, მომავალში ილიას გზის სწორედ ისეთი ფორმულირებით ისარგებლებს ყველა, რომელიც მას “საადგილმამულომ” მისცა.
დიახ, ალმანახის გამოცემა ინფორმაციის შენახვის და დაცვის აუცილებლობამ გამოიწვია,
ალმანახის პირველ გამოცემებში, ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანალიზთან და საზოგადოების და პიროვნების დანიშნულებაზე საუბრებთან ერთად, არის სრული მასალა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეროვნული პროექტების მეშვეობით შეიქმნას ადამიანური და ფინანსური რესურსი სისტემური ცვლილებების დასაწყებად, და საერთოდ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოება, და როგორ გახდეს ქვეყანა მართლაც დამოუკიდებელი.
ალმანახის გარეკანზე მარტყოფის ველის სწორედ ის ნაკვეთია, სადაც მარტყოფის ისტორიული ველის მცველებთან, პირველმოსახლეებთან ერთად ვსახლდებით.
ფოტო ალმანახის ნომრიდან ნომერში კინოკადრივით შეიცვლება და მასზე აისახება ყველა ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც კი მოხდება მარტყოფის ველზე, და გარეკანიც, ალმანახში დაცულ მასალასთან ერთად მოგვცემს ცხად სურათს, თუ როგორ შეიძლება ავაშენოთ სოფელიც, ქალაქიც, და როგორ შეიძლება დავიბრუნოთ ქვეყანაც, რომელიც წაგვართვეს.
თავისი დაარსებიდან დღემდე, საქართველოს საადგილმამულო ფონდმა, თავისი საინფორმაციო საშუალებებით, და უკვე განხორცილებული პროექტებით, სამი იდეისთვის შეაღო ოვერტონის ფანჯარა,
სამივე იდეა ბმაშია ერთმანეთთან.
იდეები რაღაც სახით საუკუნეები შეიძლება არსებობდნენ, მაგრამ მათ მოქმედებაში მოსაყვანად საჭიროა, რომ ისინი საზოგადოების უმრავლესობის განხილვის საგნად იქცნენ, და ყველაზე მთავარი, მათ განსახორციელებლად საჭიროა მოქმედების კონკრეტული გეგმა.
მის გარეშე იდეა მკვდარია.
საადგილმამულომ არა მხოლოდ შეაღო ოვერტონის ფანჯარა, არამედ დგამს კიდეც რეალურ ნაბიჯებს იმ იდეათა განსახორციელებლად, რომელიც სამ ამოცანად შეიძლება ჩამოყალიბდეს.
1. ილიას გზის გათანამედროვება, – რაც გულისხმობს შეგნებული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებებთან ერთად, ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმების დამკვიდრებისთვის აუცილებელ ქმედებებს,
2. უპარტიო საქართველო, – რაც გულისხმობს ამომრჩეველის პირდაპირი ჩართულობას სახელმწიფოს მმართველობაში.
3. ერის ფუნქციის გამოკვეთა, და ფუნქციის შესრულებისთვის აუცილებელი მოცემულობის შექმნა.
ეს ყველაფერი სულაც არ არის ეს პათეტიკა, და არც ფანტასტიკა, როცა იცი რა და როგორ გააკეთო.
პათეტიკა თუ გნებავთ, ამ წერილის ბოლოში იქნება, და თან საჭირო.
პირველი და მეორე პუნქტების შესახებ ხშირად ვსაუბრობდით,
მოკლედ შევეხები მესამეს – ერის ფუნქციას.
მცირე ერების მოსახლეობის საერთო რიცხვი 320 მილიონი ადამიანია, და ისინი მსოფლიოს 90 ქვეყანაში ცხოვრობენ.
მათი სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური კავშირი აუცილებელიცაა და შესაძლებელიც.
არა მხოლოდ კავკასიის ერების კავშირი, რომლის იდეა ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიამ დააყენა დღის წესრიგში, არამედ მსოფლიო მცირე ერების კავშირი და ცენტრით უპარტიო საქართველოში, არის ის ფუნქცია, რომელიც შეუძლია ქართველმა ერმა თავის თავზე აიღოს.
და ამით მსოფლიოში გაჩნდება ახალი ძალა, ახალი მოთამაშე, ზესახელმწიფოების საპირწონე, და გარანტი მცირე ერების იდენტობის შენარჩუნებისა.
ფუნქცია აუცილებელია, რომ გადავრჩეთ.
კაცობრიობას უნდა სჭირდებოდეს ერი, სამყარომ არსებობა რომ გაუხანგრძლივოს.
და ეს ყველაფერი როგორ, და ვინ, და როდის?
არის ამ კითხვებზეც პასუხი.
არის და სწორედ აქ, ამ ალმანახში.
რომელსაც 2023 წლის 11 სექტემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში საადგილმამულო გაზეთის დაარსებიდან ზუსტად სამი წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე პერსონალურად მოწვეულ სტუმრებს გადავცემთ ხელიდან ხელში.
ალმანახი არ იყიდება, ალმანახს არ აწერია ფასი, და თუ რაიმე ფასზე შეიძლება საუბარი, მისი ფასი იმ ადამიანების მართლაც შეუფასებელი ერთგულების ტოლია, რომლებიც სამი წელია საადგილმამულოს გვერდით არიან, ამ ალმანახის გამოცემაშიც მიიღეს მონაწილეობა, და თავისთავზე აიღეს ილიას გზის შესახებ ინფორმაციის მცველის ფუნქციაც.
აი, მათ არ სჭირდებათ სექტემბრამდე ლოდინი, სულ მოკლე ხანში გადავცემთ ალმანახს და მადლობით.
მადლობა მათ და ვულოცავ ალმანახის გამოცემას.
მადლობა, რომ არიან მარად და ყველგან საქართველოსთან და საქართველოსთვის.
.
28. 03. 2023
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა