You are currently viewing ამბავი პატარა მარტყოფელის ნათლისღებისა

ამბავი პატარა მარტყოფელის ნათლისღებისა

აი, სწორედ ასეთი ურთიერთობებია დასტური იმისა, რომ რაც ჩავიფიქრეთ და როგორც, სწორედ ისე სრულდება ყველაფერი.
ხო, როცა ისტორიულ მარტყოფის ველზე დამკვიდრება დავიწყეთ, დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველმოსახლეებს შორის სწორედ ასეთი ურთიერთობის სურვილი გაჩნდებოდა. რადგან, მხოლოდ ურთიერთგაგების, ურთიერთახლობლობის, და ერთმანეთთან ნათელმირონობის სურვილით შეიძლება აშენდეს სოფელიც, ქალაქიც, და მხოლოდ ასე შეიძლება დავიბრუნოთ ქვეყანაც.
და შემთხვევითაც არაფერი ხდება, ხო?
და თითქოს კიდევ ერთ საპირწონედ იმ ბოროტებისა, ასი წლის წინ რომ შემოაბიჯა საქართველოში, საუკუნის შემდეგ, სწორედ 25 თებერვალს პატარა მარტყოფელი, ნიკოლოზი გაქრისტიანდა.
პატარა, სულ ორიოდე თვისა,
მაგრამ ერთი უნდა გენახათ, რა ბევრის მნახველი სახით და რა მეფური სიმშვიდით იღებდა ყველაფერს..
პატარა მარტყოფელი კი იყო მშვიდად, თორემ მე, როგორ ვთქვა, და სულ აღარ მახსოვდა ნათლისღების რიტუალი და წესები ამ საიდუმლოების,
და როცა მამაომ მკითხა , განეშორებიო ეშმაკს? ცოტა შევცბი.
მაგრამ მალევე მივხვდი შეკითხვის აზრს, და არც ის გამკვირვებია მეორედ, და მესამედაც რომ მკითხა იგივე.
და მერე, ბავშვიც რომ მომანდეს, უკვე იმაზე ვფიქრობდი, იქნებ აქ არის მეთქი, მართლაც, საერთოდ ჩემი ადგილი.
ხო, ეკლესია ისეთი სივრცეა, განგაწყობს ამ ფიქრებისკენ, თან ნათლისღების მისტერიაც თუ ერთვის, – სისუფთავეს გთხოვს სული.
რავი, მარტყოფის ველზეც სხვა ყველაფერთან ერთად, ხო ვაპირებთ ეკლესიის აგებასაც, და მეთქი, ვიმსახურებ იქ, ჩემს ცოდვებსაც მივხედავ, სხვასაც მივეხმარები მეთქი, გამიელვა აზრმა..
მაგრამ მერე ბავშვიდან წამოსულმა სითბომ თეთრ პირსახოცშიც რომ გაატარა და ჩემამდე მოვალეობად რო მოვიდა, და ისიც რომ წარმოვიდგინე, რომ ღმერთის მფარველობის გარდა, რამდენი რამ, და რამდენისგან ყურადღებაც, სჭირდება ამ ერთ ციცქნა არსებას, რომ ადამიანი გახდეს, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, და არა მხოლოდ ასეთ პატარებს, რამდენ დიდსაც ჭირდება იგივე, და ადამიანური ცხოვრება, და მეთქი, ადრეა, ჩემთვის ჯერ ანაფორა.
ხო, რავი, თუთაშხიამ როგორ უთხრა დედა ეფემიას? საქვეყნო საქმეების საკეთებლად ერისკაცობა სჯობიაო?
სულაც არ ვამბობ ამას ახლა ლამაზი სიტყვისთვის, არც ძალიან რელიგიური ვარ, მაგრამ რაც არის, ღმერთი, უმაღლესი გონი, განგება, თუ ენერგია, რამაც შექმნა სამყარო, – თუ ეს ყველაფერი სიყვარულია, მაშინ ერისკაცობაც ღვთისმსახურება გამოდის.
ეგაა, და იგივეს გისურვებთ ყველას.
ვულოცავ ნათლისღებას მომავალ გულშემატკივარს, მცველს და პატრონს მარტყოფისველის და სრულიად საქართველოსი.
დაე, იმრავლონ!
და დაე, იყოს ასე!

Subscribe
Notify of
guest


0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა