ერთხელ მითხრა,
ამათი დედაცო, უმადურებისთვის არც უნდა გააკეთოო არაფერი,
და დავაპირე რაღაცის თქმა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან გამახსენდა ვის ფუძეზე ვიჯექი, რა მამის შვილთან, და მივხვდი, რა წამიერი იყო ეს მომენტი ცოტნესთვის.
რაღაცამ რო ამოაძახებინა, მართლაც წამიერი იყო, რადგან მუდამ ამ ნათქვამის საპირისპიროდ იქცეოდა, და ძალიან ხშირად ვიყავი ამის შემსწრეც.
ხო, არ ვუთხარი მაშინ არაფერი, თორემ მინდოდა მეთქვა, რომ კი, მართლაც მაგარი უმადური, და დაუნახავია უმეტესწილად საზოგადოება, როცა მათთვის რაღაცას აკეთებ, და ამ დაუნახაობით შეიძლება გულიც აგიცრუონ საქმეზე, მაგრამ არ შეგიძლია სხვანაირად, და აკეთებ მაინც,
რადგან საზოგადოება, და ხალხი, დღევანდელი მოცემულობა და დღევანდელი სახეა ერის, შენი თანამედროვეობაა, რომელიც ხან კარგია, და ხან ცუდი,
ხან შეგნებულია, ხან იდიოტობამდე მიამიტი,
ხან მართლაც უმადური, ხან კი გულისაჩუყებამდე დამფასებელი,
ხან დიდსულოვანი, ხან კი მეწვრილმანე და მოღალატე.
მაგრამ მაინც დღევანდელი და ცვალებადი მოცემულობაა საზოგადოება.
ერი კი მარადიულია.
ამიტომაც უბრალოდ აკეთებ, რასაც აკეთებ, და არც ელოდები უკან არაფერს.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია).
.