You are currently viewing არასოდეს თქვა, არასოდეს

არასოდეს თქვა, არასოდეს

არასოდეს თქვაო, არასოდეს, ხო?
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე, ადამიანს, რომელსაც ხელოვნებასთან მანამდე დიდი შეხება არც მქონდა, 2014 წლის გაზაფხულზე დონეცკის თეატრ-სტუდიის მცირე სცენაზე გორინის პიესის ” ტილ ულენშპიგელი” მიხედვით სპექტაკლს დავდგამდი.
ხოლო ერთი წლის შემდეგ, თვითონ დავწერდი პიესას ” ჩაკრულო”, უცხოპლანეტელ ლადიკოზე , კოსმოსში გადაკარგული და მივიწყებული “ჩაკრულო” რომ დაუბრუნა ქართველებს.
და მით უმეტეს ვერ წარმოვიდგენდი, პიესის დაწერიდან სამი წლის შემდეგ პატარა თეატრს თუ დავაარსებდი , რომელსაც პირველივე სპექტაკლის პრემიერიდან სულ რაღაც ერთ თვეში სცენას დაუკეტავდნენ პოლიტიკური მოტივით, და არც ერთ სხვა თეატრის სცენაზე აღარ აუშვებდნენ.
ხო, უკვე ვიცი, რომ “არასოდეს არ უნდა თქვა, არასოდეს”, და ვიცი ისიც,
რომ ვერც ერთი გამოგონილი ამბავი ვერ იქნება რეალობაზე უფრო დრამატული,
ვერც ერთი რეჟისორი ვერ იქნება შემთხვევითობაზე მეტი ხელოვანი,
და ვერც ერთი გენიალური მსახიობი ვერ ითამაშებს ისე, როგორც ცხოვრობს.
და ამიტომაც ოდესმე დავწერ კიდევ ერთ პიესას და დავდგამ სპექტაკლს თვითონ ამ სპექტაკლზე, რადგან კანუდოსის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან სპექტაკლის პრემიერის დღემდე, მთელი ხუთი თვის განმავლობაში, არ დარჩენილა ჟანრი, რომლის მიხედვით არ განვითარებულიყო მოვლენები რეპეტიციებზე, თუ რეპეტიციებს შორის.
იყო რეალური ურთიერთობა და ეს ურთიერთობა იყო დრამაც, კომედიაც, ტრაგედიაც, სატირაც, დეტექტივიც, ფანტასმაგორიაც, ყველაფერი იყო.
იყო, გაგება, გაუგებრობაც, ინტრიგაც, შიში, იმედი, დიდი ღალატიც, გარდაცვალებაც, და დაბადებაც იყო,
ლეგენდის დაბადება, ხო,..
და შედეგად?
2019 წლის 2 და 8 ივნისის პრემიერა.
ერთი სპექტაკლის ორი სრულიად განსხვავებული პრემიერა!
4 წელიც გასულა.
“ჩაკრულოს” პრემიერის დღეს გილოცავთ, ჩემებო..
მაკა გოგებაშვილი, ზურა გიორგობიანი, გოგა ჭანტურიძე, ზვიად შათირიშვილი, შორენა ხორნაული, ვახტანგ ჯიშკარიანი, ხატია ჯალაბაძე, გიორგი სულხანიშვილი, მანუჩარ მაღლაფერიძე
მახსოვს, როგორ მივედით ამ დღემდე.
თითოეული წუთი, საათი და დღე მახსოვს, და ამ ხნის განმავლობაში თითოეული თქვენთაგანის მოძრაობა, სახის გამომეტყველება, ლაპარაკი.
მახსოვს, როგორ იკინძებოდა და ჯდებოდა ეს ყველაფერი ერთ საერთო სურათში მთელი ხუთი თვის განმავლობაში.
ხუთი თვე?
სამი დღე რეპეტიცია, დღეში 2 საათი, კვირაში 6 , თვეში 24 საათი .
და ასე ხუთი თვე,
მაგრამ, რეალურად სულ ხუთი სრული დღე გამოდის, არა?
ხო, “ხუთი დღე კანუდოსში”.
და აგე, სახელიც იმ ახალი სპექტაკლის, რომლითაც დავბრუნდებით.
დავბრუნდებით, – რადგან ფაქტია, როცა რაღაც ძალიან, ძალიან გინდა, აუცილებლად აკეთებ!
მე მინდა, ასე რო იყოს!
ასეც იქნება!
და არასოდეს თქვათ, არასოდეს!
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა