სიძე მყავს, ხის ამოთხრა შეუძლიაო, მაგრამ სად წაიღოს არ იცისო,
ზუსტად ასეა, ამ ჩვენი პროლეტარიატის საქმე.
გასაგებია, ბიზნესკლანების ომია, მაგრამ რატომ ვერ უნდა გამოიყენოს უბრალო მაღაროელმა ეს ყველაფერი თავის სასარგებლოდ, როცა ამის შანსი გაჩნდა, არ მესმის.
და რა გამოდის, რომ შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ?
და ცოტა ლოგიკაც რომ მოიშველიონ, ვერა?
რა ძნელი მისახვედრია, რომ მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესწრეებს სურთ ჭიათურის მაღაროების დღევანდელი მეპატრონისთვის საწარმოს ახევა, ისევე როგორც ანაკლიის პორტის თემა წაართვეს ხაზარაძეს სასტავს,.
ცხადია მაღაროების დღევანდელი მეპატრონე ვირთხის დღეში იყო აქამდეც, სანამ მუშები გაიფიცებოდნენ, და გაფიცვის მერე მით უმეტეს, რადგან ზარალი და ვალები იზრდება, და სწორედ ამიტომ წავიდა “ჯორჯიან მანგანეზი” ასეთ ნაბიჯზე, საწარმოს მუშებისთვის გადაცემის შეთავაზებაში რომ გამოიხატა.
სწორედ ამიტომ და არა იმიტომ, რომ გული აუჩუყდა პირამოკერილ მაღაროელებზე.
და გასაგებია იმ ბიზნესწრეების რეაქციაც, ვისაც სურს დღეს მაღაროები ხელში კაპიკებად ჩაიგდოს, – ეგრევე წავიდა გაფიცულების დამუშავება და შეშინება, რომ მუშები საწარმოს მართვას თავს ვერ გაართმევენ, და რომ თურმე კანონის მიხედვით, სპეციალურ მმართველს, რომელიც 2017 წლიდან მართავს საწარმოს, არა აქვს უფლება თავი გაიუქმოს და საწარმოს ვინმეს გადასცეს.
მუშებმა როგორ უნდა მართონ საწარმო, და იმის შესახებ, თვითმართველობა, ამხანაგობა, არტელი, და სააქციო საზოგადოებები რომ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, კი ვისაუბრე უკვე, და რატომ გამოჰყავს ქართველი მაღაროელები იდიოტებად პეტრიაშვილის კანტორას არ ვიცი.
უფრო სწორედ კი ვიცი, მაგრამ ამჯერად ამ თემებზე არ ვისაუბრებ,
და მაღაროელები რომ მართლაც არ გაასულელონ, ვიტყვი მთავარს, თუ სად არის ძაღლის თავი ჩამარხული.
მთავარი კი ის არის, რომ საწარმო არაკანონიერად არის გაყიდული.
ჭიათურის მარგანეცის მოპოვების ლიცენზია 2006 წლის 11 ნოემბრის აუქციონზე გარემოს დაცვის სამინისტრომ გაიტანა.
აუქციონზე გავიდა ჭიათურმარგანეცის საწარმოს აქტივებიც.
ლიცენზიის ფასი 5, 5 მლნ დოლარი იყო, საწარმოს აქტივები 14 მლნ დოლარი.
და აუქციონში ერთადერთი კომპანია, ჯორჯიან მანგანეზი მონაწილეობდა.
და ძაღლის თავი სად არის?
სად და იქ, რომ სახელმწიფო საწარმოს გასხვისების უფლებამოსილება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს აქვს, ჭიათურის შემთხვევაში კი საწარმოს აქტივები გაიყიდა არა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, არამედ გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებულ აუქციონზე.
საქართველოს კანონმდებლობით ასეთ გადაწყვეტილებას – “არარა აქტი” ეწოდება.
“არარა აქტი” ისეთი აქტია, რომელსაც ძალა არ გააჩნია და ნებისმიერ დროს შეიძლება მისი გაუქმება გინდა სახელმწიფოს მიერ, გინდა მეპატრონის მიერ, და შესაბამისად, შესაძლებელია იმ შენი “სპეციალური მმართველობის” გაუქმებაც, რომელსაც არგუმენტად იყენებენ ახლა.
დიახ, საწარმო არაკანონიერად გაიყიდა, მაგრამ სანამ წილები ოფიციალური, თუ არაოფიციალური გაიცემოდა, ყველა მხარე კმაყოფილი იყო ამ გარიგებით.
მაგრამ მის შეიცვალა ხელისუფლება, რამდენიმე მთავრობაც გამოიცვალა, და ამ კონკრეტული ბიზნესის ხელახალი გადანაწილების დროც დადგა,
და რაც ზემოთ ვთქვი, იმ ხარვეზს, აუცილებლად გამოიყენებენ ბიზნესღლავები.
ხო, ზოგადად გასაგებია, რა ხერხებითაც ხდება გადანაწილება, და ყოველი გადანაწილებისას რომ მუშა ზარალდება ესეც გასაგებია.
და კიდევ მრავალი წელი რომ არ გაგრძელდეს იგივე, და რაც მთავარია ბუნებრივი რესურსები ასე არ განიავდეს, და ქალაქიც და გარემოც საბოლოოდ არ გაჩანაგდეს, ამიტომ არ უნდა გაუშვას დღეს მაღაროელმა შანსი.
ამიტომ არ უნდა მოეშვას ნაციონალიზაციის მოთხოვნას, და ამიტომ უნდა ისარგებლოს ახლანდელი მეპატრონის შეთავაზებითაც.
ჯერ ნაციონალიზაცია უნდა მოითხოვოს, მერე საწარმოს გადმოცემა, და სწორედ ასეთი თანმიმდევრობით!
უნდა მოითხოვოს, და უნდა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ ყველაფერი, რაც ” ამოუვარდებათ” ჯიბიდან ერთმანეთთან ომში მყოფ ბიზნესკლანებს.
მუშას შეუძლია საკუთარი პირობები უკარნახოს ყველა მხარეს,
მუშას აქვს ხელში უნივერსალური იარაღი – გაფიცვა, რომლითაც ყველა ფულიანი ტომრის დაჩოქება შეუძლია.
ხოდა, გამოიყენოს, მაგრამ გონივრულად გამოიყენოს.
თუ არ სურს იმ სიძის დღეში იყოს მუდამ, ხის ამოთხრა რომ შეუძლია, და აზრზე რომ არ არის სად ჯანდაბაში წაიღოს.
გესმის, მუშავ, წამებულო?
.
გაზეთი ” საადგილმამულო” # 7
.