
აქა ჰამბავი ვედრომორახუნეებისა..
.
კაცი გარდაიცვალა სოფელში, არაფრის მქონე და მეზობლებმა, ღვინით მაინც დავეხმაროთო ოჯახს.
ჰოდა, გადაწყვიტეს , ყველას მოეტანა თავისი წილი და ერთ ქვევრში ჩაესხათ.
ასხეს, ასხეს , და გასვენებისას რომ მოხადეს თავი ქვევრს , წყლით დახვდათ სავსე.
რადგან ერთი და ორის მოტანილი მართლაც ქაშერი ღვინო, აღარ გამოჩნდა დანარჩენების მოტანილ წყალში.
როცა პირველად მოვისმინე ეს არაკი, კარგა ხანს ვიფიქრე, რა უნდა ექნა ჭირისუფალს.
არა, გასაგებია, მიცვალებულს დაუმარხავს არავინ დატოვებს, მაგრამ მერე?
არაფერი არ უნდა თქვას?
რომ არ თქვას ხმამაღლა, ასე იქნება სულ.
ახლა თუ ეს მას დაემართა, სხვა დროს სხვა ჭირისუფალს დაემართება, და მაშინ რა სოფელი გამოდის?
ასეთ სოფელში ცხოვრებას სჯობია მარტო იცხოვროს კაცმა, სადმე უკაცრიელ ადგილზე.
და ყველაზე ცუდი ის არის, რომ იმას, ვინც მართლა ღვინო მოიტანა, მოერიდება ამის თქმა,
ხოლო , ვინც წყალი მოიტანა , ის იყვირებს, ეს ვინ ჩაიდინაო, ხალხო, რა უნამუსობააო,
იყვირებს, ხო, თავისი უნამუსობა რო გადაფაროს.
რატომ გავშალე ახლა ეს თემა და ბევრჯერ ვყოფილვარ იმ ჭირისუფლის ადგილზე.
პირდაპირი გაგებით არ ვამბობ, საერთო საქმის ჭირისუფლობაზე ვამბობ,
საერთო საქმის, ხო,
და მართლა არ მესმის, რა რჯის ადამიანებს თქვან ის, რისი გაკეთების არც თავი აქვთ, და არც სურვილი?
თუ სიტყვებმა ” თქვენს გვერდით ვარ ” აზრი შეიცვალა და აღარ ნიშნავს იმას, რაც მე მგონია?
თუ ამ სიტყვების თქმა უკვე მონაწილეობად ითვლება?
ხო, რა აიძულებს, რა ფენომენია.
კი ვიცი, რომ ეს კითხვები უპასუხოდ დარჩება, მაგრამ ყველა საქმის ჭირისუფალის სახელით გეტყვით ვედრომორახუნეებს,
თქვენ ხო, წყლით სავსე ვედროებს რო დაათრევთ აქეთიქეთ, ყურები გაქვთ ასაქაჩი, და გიწითლებთ აგერ,-
თქვე ჩემისებო, ვინ გექაჩებათ ენაზეც, გაჩუმდით მაინც, რო აიმედებთ შეძახილებით, ” შენ დაიწყეო და აგერ ვარო მე, ” და მერე რო გაიპარებით, და მიატოვებთ დაწყებულს,
და მერე მხოლოდ ერთიორი კაცი აწვება იმ საქმეს ჯიუტად, იმიტომ რომ იმათ თქვენგან განსხვავებით პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ.
ეგაა, ეგ,
ვისაც საქმის კეთება სურს, ის ეძებს საშუალებას,
ვისაც საქმის კეთება არ სურს, – ის ეძებს მიზეზს, და ვედროს.
რომ მერე, მაინც თუ გაკეთდა საქმე, რო გამოვიდეს და თქვას, რომ ამ დიდი საქმის სათავეებთან იდგა.
აი, მაშინ უნდა ჩამოგამხოთ ის ვედრო კაცმა თავზე.
ჩამოგემხობათ კიდეც, და გვარსახელებით,
გასაგებად ვამბობ?
არა, რა,
არა ვარ მე ინტელიგენტი მეთქი ვამბობ, და აჰა,..
ინტელიგენტი რო ვიყო, მეც ჭირისუფალივით ჩუმად ავარიდებდი თვალს ვედრომორახუნეებს, და გაივსებოდა კიდეც ზალა გარდაცვლილი საქმეებით.
არც კი იოცნებოთ!
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)