You are currently viewing არც მეტი, არც ნაკლები

არც მეტი, არც ნაკლები

დახედეთ ფოტოს,
ეს ის უახლესი წარსულია დღევანდელობა რომ შექმნა.
და აქ კიდევ არაა ყველა, ვისი მიზეზითაც ვართ დღეს იქ, სადაც ვართ, მაგრამ ესენიც საკმარისნი არიან გაკვეთილისთვის.
დახედეთ, გაიხსენეთ, როგორ მოდიოდა თავის დროზე ეს ხალხი ხელისუფლებაში.
დიახ, სწორედ სიტყვა “გავერთიანდეთ ” ძახილით.
ისიც გავიხსენოთ, რომ ჭრელია საზოგადოება, ათასნაირი ჭკუის, გაგების და მოსახლეობის უმრავლესობა ფეხებზე მკიდიაა და არააქტიური.
და მაშ ვისკენაა მიმართული სიტყვა “გავერთიანდეთ”?
გამორიცხულია, ზემოთხსენებული შემადგენლობის მქონე საზოგადოება უბრალო შეძახებამ გააერთიანოს, და არ არსებობს, რომ ეს რეალობა პოლიტიკოსს არ ესმოდეს, და თუ მაინც გავერთიანდეთო გაიძახის, გამოდის რომ ის, ან ძალიან მიამიტია, ან მის ამ მოწოდებას სულ სხვა სარჩული აქვს.
დიახ, მისი მოწოდება “გავერთიანდეთ” ხალხისკენ არ არის მიმართული, მოწოდება გავერთიანდეთ მისნაირების გასაგონადაა მიმართული, იმათ გასაგონადაა, ვისაც პოლიტიკის მეშვეობით სურს საკუთარი ცხოვრება მოიწყოს, და ამ მიზნისთვის ადამიანების გამოყენების და დაბოლების უნარი გააჩნია.
და ახერხებენ კიდეც ასეთები ერთმანეთთან შეხების საერთო წერტილის გამონახვას.
ასეთებს მიზნის მისაღწევადაც გამოცდილი საშუალება გააჩნიათ.
ქმნიან ილუზიას, თითქოსდა მათ უკან ხალხის უმრავლესობაა, და თითქოს ისინი ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.
სჭირდებათ მათ ეს ილუზიური სტატუსი, სისტემას რომ ევაჭრონ, და ამ სისტემაში თავიანთი ადგილი რომ დაიმკვიდრონ.
და ახერხებენ ფინანსების მოძიებასაც, ახერხებენ ხმაურსაც და შედეგად ყურადღებას აქცევენ სწორედ ის ძალები დასავლეთში, ან ჩრდილოეთში, რომლებზეც არის დამოკიდებული, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში.
დანარჩენი ძნელი მისახვედრი არ არის.
და მოდიან და მოდიან პოლიტაფერისტები.
დიახ, ხელისუფლებები იცვლებიან ზემოდან, და არა ქვემოდან, იცვლება ან ამერიკის, ან რუსეთის ხელდასმით, ან ამ ორი ქვეყნის ერთმანეთში გარიგებით, და ერთი და იგივე თამაშის წესით -გაყალბებული არჩევნებით.
ეს იცის ყველა პოლიტაფერისტმა, რა პოლიტპატფორმაც არ უნდა ჰქონდეს არჩეული,
ეს იცის ახლანდელმა ქოცმაც, ახლანდელმა ნაცმაც, ახლანდელმა ფსევდოლიბერალმაც და ახლანდელმა ფსევდოეროვნულმაც, და ამ თამაშის წესზე ყველა თანახმაა.
და თუ თანახმაა, ამით თავის ანტიხალხურობას აფიქსირებს.
დიახ, ახლანდელი საარჩევნო კოდექსის არსებობის პირობებში არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერანაირი ახალი , დამოუკიდებელი, ხალხისგან წამოსული, სუფთა ძალა ვერ მოხვდება.
და საერთოდ, სუფთა ძალა ვერ შეიქმნება ზემოდან ინსტრუქციებით.
სუფთა ძალა ქვემოდან უნდა შეიქმნას, – სხვადასხვა ეროვნულ პროექტებში საზოგადოების ჩართვით, ადამიანური და ფინანსური რესურსის შექმნით, ახალი პოლიტიკური აზროვნებით,
აზროვნებით, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას კი არა, ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმების დაკანონებას რომ გულისხმობს.
საარჩევნო კოდექსის სრულიად შეცვლას რომ გულისხმობს, სადაც ამომრჩეველის ინტერესი იქნება გათვალისწინებული და არა პარტიების.
მხოლოდ ასეთი ძალა იქნება ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული.
სუფთა, სახალხო ძალას ეს მოთხოვნები უნდა ქონდეს დღის წესრიგში, ამ იდეის გარშემო უნდა აერთიანებდეს ხალხს, ეძებდეს თანამოაზრეებს, აწყობდეს მიტინგებს, აიძულებდეს ხელისუფლებას ან შეცვალოს არჩევნების წესები, ან გადადგეს.
დიახ, ჭეშმარიტად სახალხო ძალა თამაშის წესების შეცვლაზე უნდა ზრუნავდეს.
თუ არ ზრუნავს ამაზე, თუ არ აკეთებს ამას ძალა, რომელიც გაერთიანებისკენ მოუწოდებს, თუ არ საუბრობს ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმებზე, დეპუტატის უკან გამოწვევის წესზე და რეფერენდუმის მეშვეობით კანონების მიღების უფლებაზე, თუ არ იბრძვის ამ მექანიზმების დაკანონებისთვის მაშინ..
მაშინ ზუსტად იმნაირია, ვისაც ამ ფოტოებზე ხედავთ.
არც მეტი, არც ნაკლები.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #5

.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა