
როცა სიმართლის და სიყალბეს შორის ომს ვხედავ, მუდამ ეს ფილმი მახსენდება, – “სერენადა”
იმ გამხდარ მასტს რო უბრაგუნებს ის მსუქანი ახვარი.
და ის გამხდარიც რო არ ნებდება?, არ სურს შეარჩინოს.
და ერთხელ ხელის მოქნევას მაინც ხო ასწრებს?
და მერე რა, რო გალახული მაინც თვითონ გამოდის.
ასეთია, და რა გინდა ქნა,
ღირსების გრძნობა აქვს, დიახ.
და ბოლოს, მატარებელი რო გვირაბში მიდის, გახსოვთ, რას აკეთებს ის მსუქანი?
აზრზე მოდის, ხო, – ადამიანდება.
და რატომ გაადამიანეს ფილმის ავტორებმა, გენიალურმა გაბრიაძემ, და ხოტივარმა?
დიახ, თუ ღირსების მქონე გაქრა, გაქრება ყველა და ყველაფერი.
დავითი და გოლიათის ალეგორიაა, ეს ფილმი,
და გენიალურად გადატანილი ეკრანზე, და იმის შეხსენებად, რო არ უნდა მოუდრიკო თავი არასწორს და შენზე ძლიერს, არ უნდა დაყვე ზეგავლენას, არ უნდა დაემონო, უნდა აიტანო ყველაფერი, და რეაქცია უნდა გქონდეს მუდამ, და მუდამ ადამიანად უნდა დარჩე.
ეს ფილმი ჩვენა ვართ.
ჩვენი ისტორიაა.
და ორი პარალელის გავლება შეიძლება აქ, –
ის გამხდარი შვილების თაობასაც მაგონებს, და საზოგადოებასაც ერთდროულად,
ის ახვარი კი საზოგადოებასაც და სისტემასაც, და ისევ ერთდროულად.
ხო, ეგაა..
და ვფიქრობ ახლა,
როდის ან როგორ გავხდებით ისეთი საზოგადოება, რომელიც მიხვდება ბოლოსდაბოლოს, რომ ახალგაზრდებს არ უნდა გადაუაროს, არც სიტყვით, არც საქმით.
და როდის მოვახერხებთ ისეთი სისტემის შექმნასაც, რომ საზოგადოებაც არ დარჩეს მისგან მუდამ გალახული.
და როდის მივხვდებით, ყველა, რომ ჩვენი პატრონი ისევ შვილების თაობაა, და არა მხოლოდ ჩვენი საკუთარი შვილები, სხვისი შვილებიც,
და როდის მივხდებით, ამ ჩვენს მომავალ პატრონს როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ დღეს.
და როდის მივახვედრებთ ამ ყველაფერს მერე სისტემასაც.
მანამდე კი,
მანამდე , ძალიან მინდა, რომ არც გოგობიჭები, და არც საზოგადოება არ დაიღალონ თავიანთი “სპრავედლივი” ხელის გალაწუნებით, იმისთვის, ვისაც ეკუთვნის.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.
