You are currently viewing არ იცის, და ჰე..

არ იცის, და ჰე..

პოლიტიზირებულია, ერიო?
მოდი და ნუ გაგეცინება,
პოლიტროჟებზე ჭორაობა რომ პოლიტიზირება ჰგონიათ.
ორი-სამი პარტიის სახელი რომ იციან, პარლამენტარებს და მინისტრებს სახეზე რომ ცნობენ, და ვინ ვის შეხვდა, და სად რა თქვა, ვინ ვისთან წევს და რამდენჯერ, ესეც რო იციან, და რაც ტელევიზორიდან ესმით, მერე ფეისბუკზე რომ გადმოამღერებენ, ეს რომ ჰგონიათ პოლიტიზირება.
მაჟორიტარულ სისტემას პროპორციულისგან ვერ არჩევს ხალხი, და რა პოლიტგანათლებაზეა საუბარი.
არჩევნები ჰგონიათ რეფერენდუმი, და რა პოლიტშეგნებაზეა საუბარი.
პრემიერის და პრეზიდენტის უფლებები არ იცის, არც ის იცის, რომ ქვეყანა არასამართლებრივ გარემოში ცხოვრობს, და 1992 წლიდან უკანონო და არალეგიტიმურია ყველა არჩევნები და არჩევნების შედეგები, და შესაბამისად, არალეგიტიმურია ყველა ხელისუფლება, პრემიერიც და პრეზიდენტიც.
იცის ეს? – არ იცის!
პრეზიდენტებს ნომრავს და რა უნდა ელაპარაკო.
რა მეორე, რა მესამე და რა მეხუთე..
გამსახურდიას შემდეგ ამ ქვეყანას არ ჰყოლია კანონიერი პრეზიდენტი.
დე- ფაქტო, კი, მაგრამ არა დე – იურე.
არ იცის ეს, ხალხმა.
და საერთოდ გარტყმაში არაა რა არის სისტემა, რა ინსტრუმენტები გააჩნია, არ იცის, რა არის საარჩევნო კოდექსი, და რატომ არის ის პარტიებზე მორგებული, და არა ამომრჩეველზე,
არ იცის, რა კომიკურ სიტუაციაშია, როცა იმ პარტიასაც კი, რომელსაც აგინებს, ფულს საკუთარი ჯიბედან უხდის.
არ იცის, რომ რეგიონებში პარტიების შექმნა და დარეგისტრირება არ შეუძლია.
და საერთოდ არჩევნებში კენჭისყრის უფლება უპარტიო ადამიანს მალე რომ აღარ ექნება.
ეს მაშინ როცა მოსახლეობის 98% უპარტიოა.
და იქნებ და სულაც არ უნდა პოლიტიკოსობა უპარტიო გოგიას, მაგრამ რა ქნას?
თუ არ მოსწონს არცერთი 300 პარტიიდან, ახალი 301-ე პარტია დაარსოს?
ლოგიკით, პარტიებს უნდა აეკრძალოს მონაწილეობა, ხო?
მაგრამ აბა, საიდან ლოგიკა.
თორემ ლოგიკა რომ ჰქონდეს, და კონსტიტუციაში ერთხელ მაინც რომ ჩაეხედა, მისდა გასაკვირად აღმოაჩენდა, რომ 1995 წლიდან სინამდვილეში მონღოლეთში ცხოვრობს.
მონღოლეთში, ანუ, ერთი კაცის ბოსტანში.
არ იცის, და ჰე..
მაგრამ არც წიგნი რომ არ იცის,, რა ქნას,?
თეატრი არ იცის, კინო არ იცის, მხატვრობაზე ვერ საუბრობს, მუსიკის გარტყმაში არაა, ლექსი არ ესმის, სიტყვაც “პროზა”, რომ უხსენო, გინება ეგონება, ისევე როგორც “კონსტიტუცია”, რადგან პროსტიტუციას ერითმება, და რაღაზე დარჩა სალაპარაკო?
რაღა დარჩა და ყველაფერი დანარჩენი, რასაც ატენიან ტელევიზიები, და სოცქსელები და ესეც უსმენს და კითხულობს, უსმენს და კითხულობს,
და მერე ესეც იწყებს წერას და ლაპარაკს და ამთავრებს სიტყვებით, “არაფერი ჩვენ არ გვეშველება”.
რას ერჩი, მართალია.
გოგიას არაფერი ეშველება, მაგრამ შენ?
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა