როცა ვთქვი, რო ბაშისველის ისტორია იწერება, ვიგულისხმე, რომ საადგილმამულო ალმანახის ფურცლებზე იქნება მოხსენიებული ყველა ფაქტი და მოვლენა რაც ახალ დასახლებასთანაა დაკავშირებული,
ანუ, გაკეთდება სწორედ ისე, როგორც ეს მარტყოფისველზე დასახლების დროს გავაკეთეთ.
დიახ, ალმანახის ამ ნომრებში უამრავი ინფორმაციაა მარტყოფისველზე, და მის პირველმოსახლეებზე.
მესამე ნომერში აქ უკვე ბაშისველიც იქნება.
იქნება ყველაფერი, რაც და როგორც დაიწყო,
და იქნებიან ადამიანებიც, თავისთავად,
ერთი დაზუსტებით.
არ იქნება საუბარი იმათზე, ვინც იდეას გამორჩენის თვალით შეხედა.
არ იქნება ლაპარაკი იმათზე, ვინც სიტყვები “ქუთაისთან ახლოს, 25 წუთის სავალი გზა მანქანით”, გაიგეს, როგორც ქუთაისის ცენტრში თუ არა, ზასტავაზე მაინც დასახლება,
ხო, ბევრმა ასე გაიგო,
ზოგიერთებმა კი, მიწის ფასში “კვადრატული 4 ლარად”, მხოლოდ კომუნიკაციების გაყვანა კი არა, ლამის სახლის ჩადგმა მოგვთხოვეს,
არ ვისაუბრებ ხალხზეც, მიწის ყიდვის მსურველთა ლამის მესამედზე , როცა გაიგეს, რომ მიწის გადაყიდვა , ერთი წლის მერე კი არა, 5 წლის შემდეგაც აღარ შეეძლებოდათ, ეგრევე რომ ჩაეხსნენ თემას,-
მომინდომეს აქ ბიზნესი,
ან იმ მამაოზე როგორ ვილაპარაკო, რომ მკითხა, ტურისტებისთვის რაიმე საყურადღებო თუ არისო მანდო, ახლოსო, და რომ ვუპასუხე, ჯერ არა მეთქი, მაშინ ეგ ადგილი კომერციულად აღარააო ჩემთვის საინტერესო.
ხო, კომერსანტი მამაოც იყო,.
და ეს ცუდი მომენტები აქ კი ვახსენე, მაგრამ ამას ყველაფერს ფეისბუკის მდინარე წაიღებს, და ხვალ უკვე აღარავის გაახსენდება.
და ასეთი მომენტები რა თქმა უნდა, არ შევა ალმანახში, საადგილმამულო ალმანახის ფურცლებს ვერ გავსვრი ასეთი ფაქტებით,
სამაგიეროდ ვილაპარაკებ ისეთ რამეებზე, საიდანაც კარგად ჩანს ადამიანობა,
და იმიტომ, რომ ასი წლის მერეც, ვინც ამას წაიკითხავს, იმასაც მოუნდეს იგივეს გაკეთება,
ამიტომაც, ვისაუბრებ ნებისმიერ დეტალზე, ადამიანობისკენ რაც უბიძგებს მკითხველს,
ვისაუბრებ იმ ხალხზე, ვინც დამეხმარა მეპოვა ახალი დასახლებისთვის ადგილი, ვისაუბრებ მიწების ახლანდელ მეპატრონზეც, ჩვენს თანამოაზრედ რომ გადაიქცა უკვე, და ისეთ შეღავათებს გვიკეთებს, რომ ბაშისველი მართლაც ნაჩუქარი გამოდის,
ვისაუბრებ მეპატრონის შვილზეც, უკვე რომ გვგულშემატკივრობს, მუდამ ჩვენს გვერდით რომ არის, და ჩვენზე მეტად უხარია ის პროექტები, რაც უნდა გაკეთდეს ამ მიწაზე.
ბაშისველის ისტორიაში შევლენ ის ადამიანებიც, ვინც გაიზიარა ახალი დასახლების იდეა, ვინც ჩამოვიდა ნაკვეთზე, და მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტენ საბოლოოდ, – თავიანთი სურვილების გამოხატვით იმსახურებენ ნაღდად საკუთარი მიწას და სამოსახლოს, და დარწმუნებული ვარ, ექნებათ ერთხელაც აუცილებლად,
და რა თქმა უნდა გვარსახელებით იქნება საუბარი იმ ხალხზე, ვინც უკვე საბოლოოდ გააკეთა არჩევანი, და უკვე იმაზე ფიქრობენ, სად ჩადგან სახლი, და როგორი იქნება ის სახლი,
როგორ არ ვისაუბრო იმ ქალბატონზე, უძვირფასესი ხატების შეწირვას რო აპირებს იმ ეკლესიისთვის, ბაშისველზე რო აშენდება,
იმ ბიჭებზეც, “ყურადღებას” და “ზრდილობას” სახელი რომ ერქვას, მათი სახელი რომ ერქმეოდა.
იმ ქალბატონზეც, ბაშისველიდან მანქანით 25 წუთის სავალზე კი არა, ასობით კილომეტრს იქეთ რომ ცხოვრობს,
ხო, ქირით რომაა ათეულობით წელი, ოცნებად რომ აქვს გადაქცეული საკუთარი თავშესაფარი, და სპეციალურად ჩამოდის უცხოეთიდან, საკუთარი თვალით რომ ნახოს, ის ადგილი, სადაც მისი შვილები იცხოვრებენ.
ხო, ბაშისველის ისტორიაში ვისაუბრებთ ასეთ ადამიანებზე და სხვებზეც, რადგან სოფელი პირველ რიგში ადამიანებია, და ადამიანური ურთიერთობები.
არ იქნება ასეთი ურთიერთობები, და არ იქნება არაფერი.
უნდა იყოს, უნდა!
ადამიანები, სოფელიც, ქალაქიც, ქვეყანაც, წარსულიც, დღევანდელობაც, და მომავალიც უნდა იყოს!
და იქნება კიდეც.
ხვალ , კიდევ ერთი ჯგუფი გადის ბაშისველზე.
ხო, ასე იწერება ისტორია.
.