ვუსმინე, ამასაც, – მეც ვუსმენ, ხო, ხანდახან, ასეთებს.
და ფაქტია, რომ “პროტესტი”, უფრო მეტი ინტელექტუალურია ვიდრე “სისტემა”.
სანამ გავაგრძელებ, ვიტყვი ისევ, რომ წერილი ისევ საგაზეთოა, ანალიტიკური, და არ ვურჩევ ამის წაკითხვას მათ, ვინც ამ სივრცეში სალაზღანდაროდ შემოდის, და ერთუჯრედიანებმაც შეიკავონ თავი.
დიახ, ზოგადად პროტესტის მონაწილეების IQ ათი თავით მაღლაა ვიდრე სისტემურ სტრუქტურებში მომუშავე ბიუროკრატიის, – მინისტრთა კაბინეტში, სამინისტროებში, მერიებში, და გამგეობებში დასაქმებულებით, თუ მოსაქმებულებით.
სისტემურ ტელევიზიებში ვინც მუშაობს იმათზე უკვე აღარაფერს ვიტყვი, – ერთი დიდი ნეხვის გროვაა,
ეს ოპოზიციურ ტელევიზიებსაც ეხებათ.
ხო, ზოგადად ქუჩაში გასული პროტესტი უფრო მეტი ინტელექტუალურია, ვიდრე დღევანდელი სახელმწიფო მანქანა, და ყველაფერი ის, რაზეც ეს მანქანა დგას.
და ლაპარაკობენ, და ლაპარაკობენ ეს ინტელექტუალები.
აი, ესეც, ყველაფერს სწორად ხსნის, ძალიან ლოგიკურად, და უსმენ და ფიქრობ, რომ ან ახლა იტყვის, ან ახლა, თუ რა არის გამოსავალი, და რა უნდა გაკეთდეს, რომ საბოლოოდ ცვლილებები დაიწყოს, და ბოლოს ხვდები, რომ ამ განათლებულმა, და ლოგიკურად მოსაუბრემაც არ იცის, რა უნდა გააკეთონ სხვა, გარდა იმისა, რომ იარონ აქციებზე, და რომ არ უნდა დაიღალონ ამ სიარულით.
ხო, ან არ ამბობს, ან არ იცის.
როგორც არ იციან პროტესტის სხვა მონაწილეებმა, – არც ხელოვანებმა, მწერლებმა, თეატრალებმა, არ იცის არც ტექნიკურმა ინტელიგენციამ, არც პროფკავშირებმა, არც სტუდენტებმა,
არ იციან არც ცენტრში, არც რეგიონებში.
აი, ეს , “გამოსავალის არცოდნა,” ანდა ” ართქმა” მახასიათებელია მთელი ამ ინტელექტუალური მასის.
დიახ, “პროტესტი” აშკარად რამდენიმე თავით მაღლა დგას რეჟიმზე, სისტემის წარმომადგენლებზე, და სწორედ ამაშია ძაღლის თავი ჩამარხული.
როცა სისტემა ჯაყოა, სუფთა “ჯაყო”, რომელიც ძალის გარდა არაფერს სცნობს, “თეიმურაზ ხევისთავი” მასთან უძლურია.
სულით ინტელიგენტი კარგია სკოლაში, უნივერსიტეტში, კაბინეტში, სტრუქტურაში, არ მოიპარავს, არ გაიყიდება, საქმეს გააკეთებს, მაგრამ პროტესტში თეიმურაზ ხევისთავის ფილოსოფიური საუბრები არაფერს იძლევა, სრულიად არაფერს,
რადგან ის არ საუბრობს რა უნდა გაკეთდეს ხვალ და ზეგ, და როგორ მივიდეთ ამ “ხვალ და ზეგამდე”.
ის მხოლოდ ამხელს, – მხოლოდ მხილებით არის დაკავებული.
მხილებაც კარგია, მაგრამ ჩვენ ხომ უკვე ვიცით რომ სისტემა ჯაყოა, მეტი რაღა უნდა ამხილო?
რამდენჯერმე გაგიუპატიურა მარგო ამ 30 წლის განმავლობაში, და მეტი რა უნდა ქნას?
და აბა , რა მიზანი აქვთ თეიმურაზებს, როცა ჯაყოს ახვრობაზე ლაპარაკობენ?
და აქ, კიდევ ერთი ძაღლის, თუ მამაძაღლის თავია ჩამარხული.
თეიმურაზს უნდა სხვამ გააკეთოს მისი გასაკეთებელი, უნდა, რომ სხვა გაბრაზდეს, სხვამ აიღოს ხელში ქვა, ჯოხი, პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილი, და ჯაყოს მიადგეს.
მაგრამ ობივატელმაც ისწავლა ჭკუა, და კარგად იცის, რომ ის წესი, “ომებს რომ გმირები ეწირებიან და მერე ბოზებს მიჰყავთ პარადი,” ჯერ არავის შეუცვლია,
ამიტომაც კი გამოდის ქუჩაში 100000 კაცი, მაგრამ ქვას აღარ ისვრის, და არც უნდა ისროლოს,
როცა ქვაზე უკეთესი “იარაღი” არსებობს, რომლის გამოყენებითაც ჯაყოს იქ შეაძვრენ, საიდანაც გამოძვრა,
და ეს იარაღი რეფერენდუმის ის უფლებაა, – კანონის მიღების და გაუქმების- ჯერ კიდევ 1995 წლის კონსტიტუციით რომ წაგვართვეს.
მაგრამ ამის შესახებ არ საუბრობენ თეიმურაზები,
და თუ ამას შეგნებით აკეთებენ, ჯაყოზე უარესი მამაძაღლები გამოდიან მაშინ ხევისთავები,
რადგან ინტელექტუალმა უნდა იცოდეს,
1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს წინ აფხაზეთის თემა რომ უძღოდა,
და უნდა იცოდეს, როდის და რა მომენტში გამოსწიეს წინ გამსახურდიამ და კოსტავამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა.
და რა თქმა უნდა დღევანდელი მოთხოვნებიც, – პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება – სწორია, მაგრამ მაინც სისტემის მოედანზე ვთამაშობთ,
და სისტემა არასდროს არ წამოვა ამ დათმობაზე,
შესაბამისად მოთხოვნებს უნდა დაემატოს კიდევ ერთი და მთავარი, და იმ მთავარიდან გამომდინარე, დანარჩენი ორი პრობლემაც გადაწყდება.
რეფერენდუმის უფლების დაბრუნებას ჩვენთვის დღეს იგივე მნიშვნელობა აქვს, როგორც 1989 წელს ქონდა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნას.
დემოკრატია ხალხის მართველობას ნიშნავს, და როცა 4 წელიწადში ერთხელ მიდიხარ წინდაწინ გაყალბებულ არჩევნებზე ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა.
დემოკრატიის მაჩვენებელი რეფერენდუმის უფლებაა, რომელიც ჩამორთმეული გაქვს.
რეფერენდუმის უფლების დაბრუნების მოთხოვნა უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს პროტესტს,- თვისობრივადაც, და რიცხოვბრივადაც.
რეფერენდუმი უნდა მოითხოვოს სწორედ, და რეფერენდუმის მოთხოვნამდე გარდამავალი ტექნიკური მთავრობა უნდა შექმნას უკვე,
და არა პარტიებისგან, არამედ ხალხში ავტორიტეტის მქონე პროფესიონალებისგან.
ამაზე უნდა საუბრობდნენ დღეს თეიმურაზ ხევისთავები, და არა იმაზე, რა პოზაში იხმარა ჯაყომ მარგო.
4 თვეა აქციებია, რეფერენდუმზე ლაპარაკი აქამდე უნდა დაწყებულიყო.
და როცა ქუჩაში 100 000 კაცი დგას და რეფერენდუმის იმ უფლებას ითხოვს 1995 წელს რო ჩამოართვეს, ეს ნიშნავს, რომ 100000 კაციდან უმრავლესობა უკვე პოლიტგანათლებულია,
ანუ, იცის სისტემა რა არის, და იცის, რომ ხელისუფლებების შეცვლა სისტემის შეცვლა არ არის, და იცის, რომ რეფერენდუმის ხალხისთვის დაბრუნება არ მისცემს საშუალებას ” ბოზებს პარადი რომ წაიყვანონ”.
და როცა მასამ ეს იცის, ეს ნიშნავს, რომ ამ პროტესტს უკვე ისეთი ლიდერებიც ჰყავს, რომლებსაც ესმით რას აკეთებენ, და რომლებსაც აქვთ მოქმედების გეგმა.
და ასეთ სიტუაციაში 100 000 კაცი, კი არა 5000 კაციც დადებს შედეგს.
სტაბილურად 5000 , იდეის გამო ყველაფერზე წამსვლელი 5000, პოლიტშეგნებული 5000 კაცი.
და ასეთი შეგნებული ჯაყოს კი არა ყველა მოძალადეს აახევს სახეს.
რომ არ არის პოლიტგანათლება, მიტომაც ვცეკვავთ ხორუმს აქციებზე, და იმიტომაც ვშლით კილომეტრიან სუფრას რუსთაველზე,
და მიტომაც ვუსმენთ პირდაღებული ასეთ თეიმურაზ ხევისთავებს.
.
გუჯა შვანგირაძე, ( გუჯა ბიძია)
.