
აქა ჰამბავი ერთი ასობგერისა.
..
ასეთი უცნაური ჩვეულებაც გვაქვს ქართველებს,
ყოველ აღდგომას ვკამათობთ ერთი შეხედვით უბრალო რამეზედ.
მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით..
და რადგანაც წინა გვაქვს დღესასწაული, ორიოდ სიტყვით ვიტყვი ჩემს აზრს, იქნებ და წაადგეს ჩვენს დამოკიდებულებას ერთი ასობგერისადმი, უსამართლოდ დაჩაგრულს ენათმეცნიერებისგან.
ხანდახან ვფიქრობ, რო მართალი იყო ანტონ კათალიკოსი სამ სასაუბრო ენის სტილს რომ ამკვიდრებდა.
აღმატებულს , საშუალოს და დაბალს.
მაშინ ეს დაყოფა უფრო საუბრის თემისადმი მოსაუბრის დამოკიდებულებას უსვამდა ხაზს და არ ემსახურებოდა საზოგადოების კიდევ მეტ დიფერენცირებას.
ის მაშინ ისედაც იყო ასეთი.
მის მერე, წინა საუკუნეში, კი ეცადნენ კომუნისტები საზოგადოების “ურავნილოვკას” , მაგრამ მხოლოდ სიტყვით.
საქმით პირიქით იყო და ასე იქნება სულ.
თუმცა დღეს , უფრო ცუდად არის საქმე.
რადგან, იმ საუკუნეებისგან განსხვავებით პიროვნების სოციალური სტატუსი ხშირად საერთოდ არ შეეფერება მის განათლებას და ზნეობას.
და ვხედავთ კიდეც, უმეტესწილი თანამდებობის პირთაგან , თავისი მენტალობით მეწაღეზე უფრო მეტად “საპოჟნიკია”.
ზოგი მეწაღე კი კეთილშობილი ფილოსოფოსი.
და სადღაც მამენტ, სწორი იყო მეთქი, ვამბობ, ეგ ჩვენი ანტონი.
აი, ახლა სიტყვა ვიხმარე “მამენტ” და რა თქმა უნდა დაბალი სტილის შესაფერისი.
ჟარგონული, რომელსაც ქუჩაში, ბირჟაზე თუ მოვიხმარ. “მოვიხმარ” ასევე დაბალი სტილია , რასაც არასდროს გამოვიყენებ, როცა ვსაუბრობ ბანოვანთან, ქალბატონთან, ვისთანაც მოწიწებით დამოკიდებულებაში ვარ.
სიტყვა “ბანოვანი” რაღა თქმა უნდა აღმატებული სტილია ჩემთვის, “ქალბატონი” ალბათ , საშუალო.
მე ისიც მომწონს, ადრე რომ მშობლებს ბატონობით მიმართავდნენ, “დედაბატონოო” ამბობდნენ.
როგორ არ უნდა მოგეწონოს, როცა ახლა ყოველი მეორეს პირიდან “ჩემი დედა.. “ისმის.
ქალებისგანაც კი .
ასეთები მართლა უნდა დაავალდებულო საშუალო სტილით თუ არა, დაბალით მაინც რომ ისაუბრონ, და ჩემი ნება რომ იყოს ჯარიმასაც დავუწესებდი.
ა, ბატონო, ბიუჯეტის შევსების კიდევ ერთი ხერხი, ვჩუქნი იდეას ხელისუფლებას.
ხო, იმას ვამბობდი..
მოდით რა, რა დროს როგორი თქმაა შესაფერისი, ჩემი განწყობიდან და ჩემი თემისადმი დამოკიდებულებით მე თვითონ განვსაზღვრავ, ვიღაც ენათმეცნიერის დაწერილი წესის გარეშე.
და აქედან გამომდინარე , თუ დავინახე, რო უბრალო მკვდარი მობრუნდა საამქვეყნოდ და გაცოცხლდა, წავუაკაკიშანიძებ და ვიტყვი, “მკტარი აღდგა”, მეთქი.
ქრისტეზე კი , ჩვენი სულიერების ზეაწევისთვის სიტყვით და საქმით მქადაგებელზე , და ვაი, რომ ამაოდ დამაშვრალზე, კი ნება მომეცით, ვსთქვა – აღსდგა, მეთქი.
დიაღ!
ქრისტე აღსდგა და ჭეშმარიტად!
..
წერილებიდან “დრამატული დრამატურგია”
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.