სწავლა, სიბერემდეო“ , ამ შეგონებას ვინც მიჰყვება, ვერც ვერასოდეს დაეწევა სიბერე, რადგან როცა მუდამ სწავლობ, მუდამ სიახლეებში ხარ, სიბერე კი არა სიკვდილი ვერ დაგეწევა..
ჰო, და, აი, ამ ახალ თემაშიც ჩავიხედე, საკადასტრო რუკებში, კოდებში, მასშტაბებში, და კიდევ “ერთი რამე”-ში მერამდენედ.. და ეს “ერთი რამე“ თითქოს რა კავშირშია რუკებთან, მაგრამ, პათეტიკის დედაც, და ამ თემამ კიდევ ერთხელ მომცა საშუალება შემეგრძნო ის, რასაც, დოჩანაშვილის თქმის არ იყოს, დაფარვა რომ სჭირდება. ვიცი, თქვენც იგივე განცდა გაგიჩნდებათ, როცა ამ წერილს ჩაიკითხავთ. დღეს ვისაუბრებ ველზე, სადაც საადგილმამულო ფონდის კიდევ ერთი პროექტით ახალი ქართული სოფელი უნდა გაშენდეს.
ველი სოფელ მარტყოფთანაა, თბილისის ლილოს ბაზრობიდან ზუსტად 9 კილომეტრში მიწის ნაკვეთები იყიდება. თბილისის ცენტრიდან ზუსტად 30 წუთის სავალზე. უშუალოდ მიწის მეპატრონესთან გავედით, და არა მაკლერთან, და შუამავალთან. ამ ველის ერთი ნაკვეთზე დასახლების მსურველთა 12 კაციანი ჯგუფი უკვე შედგა და ფართებიც განაწილებულია. ამჟამად მეორე ნაკვეთის მსურველთა ჯგუფს ვადგენთ. ეს ნაკვეთი 10000 კვ. მ. ფართისაა. კვადრატული მეტრის ფასი 5 დოლარია.
მიწა ცარიელია, არ დგას შენობები, არ არის შემოღობილი, არ არის ხეხილი. კომუნიკაციების,- წყლის, დენის, გაზის მიყვანა ადგილამდე შეიძლება, სოფელ მარტყოფამდე ამ ადგილიდან ზუსტად 1 კილომეტრია. სასმელი წყლისთვის ჭის ამოყვანაც შეიძლება ადგილზევე, მის მახლობელ ნაკვეთზე ჭა უკვე ამოყვანილია და წყალი ლაბორატორიულად არის შემოწმებული და სასმელად ვარგისია!
ამ ნაკვეთიდან 300 მეტრში სარწყავი არხიც გადის. კომუნიკაციების გაყვანა გაიოლდება, თუ ნაკვეთის შესაძენად აქაც რამდენიმე ადამიანისგან შეიქმნება ჯგუფი. შეიძლება აიღოთ 500 კვადრატი, – 2500 დოლარი დაგიჯდებათ. შეგიძლია აიღოთ 1000 და მეტი კვადრატი. მაგრამ რა თქმა უნდა, მთლიან ნაკვეთში უნდა ჩავჯდეთ.
მეპატრონე ნაკვეთს მთლიანად ყიდის , და არა ნაწილ-ნაწილ. ასე, რომ თხოვნა მექნება , ვისაც სურვილი გაქვთ ამ ველზე ნაკვეთის ყიდვის,- მომწერეთ, ვის რამდენი კვადრატი გინდათ, რომ მსურველთა სია შევადგინო. ნიადაგი ნაკვეთზე ერთნაირია ყველგან, ასე რომ ნაკვეთის განაწილებისას პრობლემა არ უნდა იყოს. როცა მსურველთა ჯგუფი შედგება, თქვენ გეცოდინებათ ერთმანეთის სახელებიც, ტელეფონებიც , რომ გქონდეთ ერთმანეთში კომუნიკაცია, და მიწის მეპატრონის ტელეფონიც გექნებათ, თავისთავად, და რა თქმა უნდა კარგი იქნება, თუ ინფორმაციას გაიტანთ, და ესაუბრებით ახლობლებს ამ პროექტის მნიშვნელობაზე, იმის შესახებ, რომ აქ კაცმა უბრალოდ კი არ უნდა იყიდოს მიწა, არამედ ქართული სოფელი უნდა ააშენოს, ქართული!
დოჩანაშვილის კანუდოსივით, ხო, სადაც იქნება სხვა წესი და რიგი, და ურთიერთობა, ოჯახებით, შვილებით. სადაც იქნება დიდი გაგება, და თანადგომა, ჭირშიც და ლხინშიც. ეს არ იქნება ჩვეულებრივი სოფელი. ეს უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც ამ ველზე მიწის ყიდვის სურვილი გაუჩნდება. ამიტომაც თხოვნა მექნება შეთავაზოთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც კარგად იცნობთ. თხოვნა მექნება ინფორმაცია მიაწოდოთ პირადად, და არა მხოლოდ გაზიარებით და ფეისბუკის კედელზე გამოდებით. ვფიქრობ, არავის გესურვებათ, ვიღაც ისეთი აღმოჩნდეს სოფელში, რომ სოფელი შიგნიდან დაანგრიოს.
მოკლედ, ასე, ვიცი კითხვები გექნებათ და მკითხეთ. მით უმეტეს, რომ კიდევ მაქვს სათქმელი, და თქმას 1625 წლის 25 მარტიდან დავიწყებ, დიახ, არაფერი შემშლია. ზუსტად ამ წლიდან, ამ თვიდან, და ამ რიცხვიდან. რადგან ამ დღეს, ამ ველზე, სადაც, ზუსტად 4 საუკუნის მერე, ახალი ქართული სოფელი უნდა გაშენდეს, უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული ფაქტი მოხდა. ვერც იფიქრებდა უამრავი დიდი ციხეების, დიდი ქალაქების, და დიდი ქვეყნების დამპყრობი ყორჩიხა-ხანი, რომ ამ ველზე დაასრულებდა სიცოცხლეს. მაგრამ მან ეს ჯერ არ იცის, და ქართლ-კახეთის კიდევ ერთხელ დასარბევად წამოსული ყიზილბაშთა უზარმაზარი ჯარი მარტყოფის ველზე დააბანაკა. მან არც ის იცოდა, რომ ქართველიც უკვე მზად იყო. თუმცა როდის ჰქონდა ქართველს ხმალი ჩაგებული, მაგრამ ის დღე განსაკუთრებული იყო, ერთისთვის კი ძალიან განსაკუთრებული. სწორედ იმ დღის შემდეგ გახდა გიორგი სააკაძე – დიდი გიორგი სააკაძე. არა, დიდი მხედართმთავარი მანამდეც იყო, დიდი ომები მანამდეც ჰქონდა მოგებული, განა არ ჰქონდა, და მათ შორის ქართველთა წინააღმდეგაც, და ოთხჯერ! დიახ, ესეც იყო! მაგრამ ეს ომი, ამ ველზე, მისთვის სხვანაირი იყო, ეს ომი მისთვის განწმენდა იყო. და ამ ომით მან, ერთხელ და სამუდამოდ გამოისყიდა ადრინდელი ცოდვები, რაც აქამდე ჩაუდენია, და ის ცოდვებიც, რასაც შემდეგში ჩაიდენს. ხო, ის ომი მისთვის სხვანაირი იყო, რადგან კაცობრიობის ისტორიაში იშვიათია ფაქტი, როცა განგება ასეთი არჩევანის წინაშე აყენებს ადამიანს, და სააკაძეც ალბათ, ასჯერ გააკეთებდა იგივეს, ასივეჯერ იგივე არჩევანის წინაშე რომ დამდგარიყო. წამოუძღვე საქართველოსკენ ყიზილბაშების არმიას იმ მიზნით, რომ საჭირო დროს, სპარსეთის ათასობით რჩეულ მეომართა შუაგულში მყოფმა, მტრის აჩეხვა დაიწყო? და შვილი, ამ დროს, ბრძოლის ველიდან შორს, სპარსეთში, შაჰს, მძევლად ჰყავდეს? ამას მხოლოდ საკუთარ თავთან ომმოგებული, და უკვე დიდი სულიერი ძალის მქონე, და უკვე დიდი ზნეობის მქონე თუ შეძლებს. მან შეძლო და გახდა კიდევ უფრო დიდი. 30000 ყიზილბაში ჩარჩა სამუდამოდ მაშინ ქართულ მიწაში. 9000 ქართველიც ჩაწვა მაშინ მარტყოფის ველზე, და ერთი პატარა ქართველიც, მარტყოფიდან შორს, ძალიან შორს, სპარსეთში, ამ დიდ ომს შეწირული. და ნამდვილად გადაძალა ქართულმა სისხლმა მიწის ქვემოთაც მტრის სისხლის მდინარე, რადგან იმ დიდი ომის შემდეგ, ამ ველზე ოთხი საუკუნე ხარობდა ვენახი, იწურებოდა ყურძენი და დუღდა ღვინო, და ისმოდა სიტყვა, ქართული. და არა იმისთვის, რომ დღეს, კვლავ სპარსმა, თუ თურქმა, თუ არაბმა, თუ ჩინელმა, დაიკავოს უომრად მარტყოფის ველი, – ქართველის სამაგალითო გმირობის, სამაგალითო ზნეობრივი საქციელის, და, უცოდველის მსხვერპლად შეწირვის მოწმე.
აქ, ამ ველზე, ახალი ქართული სოფელი უნდა გაშენდეს!
უნდა გაშენდეს, და ასე, მთელ საქართველოში.
და დაე, იყოს, ასე!

