You are currently viewing ბანკკლასტერი

ბანკკლასტერი

ბანკკლასტერი.
..
ყოველი ფოკუსი სამი ნაწილისგან, ანუ სამი მოქმედებისგან შედგება.
პირველ ნაწილში ფოკუსნიკი გაჩვენებთ რაიმე ჩვეულებრივ ნივთს.
მეორე ნაწილში იღებს ამ ჩვეულებრივს და მას რაღაც არაჩვეულებრივ რამეს უკეთებს. უცნაურ რამეს.
მაგრამ მაყურებელი ჯერ არ უკრავს ტაშს.
ელოდება, რადგან მისთვის საგნის გაქრობა არ არის მთავარი. მისთვის მთავარია, ის საგანი უკანვე დააბრუნონ.
აი, აქ უკრავს ტაშს, მაგრამ არ ეგონოს ვინმეს, რომ ამ მომენტიდან მაყურებელი იმაზე იწყებს ფიქრს, თუ როგორ ხდება ეს. რომც დაიწყოს, იცის, პასუხი არ ექნება და ურიგდება ამას.
არც ძალიან არ იწუხებს თავს პასუხისთვის.
გამოდის, რომ არ სურს იცოდეს. გამოდის, უნდა რომ ატყუებდნენ. გამოდის, იმაში იხდის ფულს, რომ მოატყუონ და მეტიც, ტაშს უკრავს.
რა დღეშიც ჩვენ ახლა ვართ, ამას ცირკში ყოფნა თუ არ სჯობს, იმის დედაც რა, მართლა.
იქ გამქრალ საგანს მაინც აბრუნებენ.
აქ შემეძლო დამემთავრებინა სტატია და მეთქვა, ესაა, ყველაფერი, რაც ბანკების საქართველოში საქმიანობის შესახებ უნდა იცოდეთ, მეთქი.
მაგრამ ჯობია ავხსნათ ბანკკლასტერის ფოკუსის ანატომია, და სხვა თუ ვერაფერს გავაკეთებთ ჯერ, ტაში მაინც დავუკრათ იმ მოხერხებულობის და გამომგონებლობისთვის, რასაც ისინი ხალხის ძარცვის დროს იჩენენ.
ბანკკლასტერსაც დავუკრათ ტაში და ხალხსაც, ემანდ, ტაშის ხმაზე გამოფხიზლდნენ.
ტაშის დაკვრა საქართველოს ეროვნული ბანკით უნდა დავიწყოთ.
საქართველოს ეროვნული ბანკია სწორედ მთავარი ფოკუსნიკის – ავტოკრატიული სისტემის ის ჯადოსნური ჯოხი, სადაც ქრება ხალხის ფულები და ჩნდება ბანკკლასტერის ზღაპრული მოგება.
მოდით, კანონში ჩავიხედოთ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ წინადადებას, და მივხვდებით საიდან იწყება ფოკუსი. იწყება, თორემ სხვა ყველაფერი წინაა.
დიახ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ადამიანს, ვისზეც არის დამოკიდებული ლარის კურსი, ვისზეც არის დამოკიდებული სამონეტო პოლიტიკა; ვინც იცის, რა ხდება კულისებში; ვინც იცის, საიდან მოდის და სად მიდის გრანტები და სესხები; ვინც იცის, რა ზესაიდუმლო სახელმწიფო ფონდებში მოძრაობს ფული, – ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი,
ახლა გასაგებია, რატომ იყო ასეთი გააფთრებული ომი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და რატომ მიმართა ბიძინა ივანიშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, პირადად, ტელევიზიით მოსახლეობას გაეკეთებინათ „სწორი არჩევანი“.
მოსახლეობის უმრავლესობა სულ ტყუილად ფიქრობს, რომ პრეზიდენტს არანაირი უფლება და დანიშნულება არა აქვს, თორემ ოლიგარქებმა მუდამ იციან, რას აკეთებენ და როგორ.
ახლა განვიხილოთ რას წარმოადგენს ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
კვლავ კანონში ჩავიხედოთ:
„ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციებია – დაამტკიცოს საერთაშორისო რეზერვების მართვის პრინციპები, დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი, განსაზღვროს საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებები, და სხვ.“
რომ გავიგოთ ეროვნული ბანკის საბჭოს ფოკუსების მექანიზმები ერთი წინადადებაც საკმარისია ამ ტექსტიდან „ დაამტკიცოს საერთაშორისო რეზერვების მართვის პრინციპები“,
და რა მოხდაო, იტყვის ვიღაც, არც არაფერი, მაგრამ ეს ნორმალურ ქვეყანაში – „არაფერი“; და არა ავტოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც, როგორც აღვნიშნეთ იმას, ვინც ერთპიროვნულად განაგებს ყველაფერს და ნიშნავს პრეზიდენტს და ნიშნავს ეროვნულ ბანკის პრეზიდენტსაც, ყველგან მარიონეტი სჭირდება, მისთვის ეროვნული ბანკი ის დიდი ბეღელია, საიდანაც უწყვეტ ნაკადად უნდა მოდიოდეს ფული. ეს ფული ისევ ფულს აკეთებს და ეს გაკეთებული ფული ისევ ოლიგარქიისკენ უნდა მიდიოდეს, და თუ ფულის გასაკეთებელი ფული სახელმწიფოში არაა, მაშ საიდან უნდა შემოვიდეს?
რა თქმა უნდა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან.
ოღონდ შემოვიდეს და მისი განკარგვის საშუალებას ეროვნული ბანკის საბჭო გამონახავს.
საბჭოს წევრები ყველა, გამონაკლისის გარეშე, ამერიკის ფინანსურ სასწავლებელში არიან გადამზადებულები, და მეტიც, საბჭოს წევრებს შორის ერთი უცხოელია, აბა თუ გამოიცნობთ, რომელი ქვეყნიდან?
დიახ, რობერტ სინგლეტერი ამერიკელია, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლა აქვს დამთავრებული და იურისპრუდენციის მაგისტრიც გახლავთ;
როგორც აღმოჩნდა, იურისპრუდენციის ეს მაგისტრი ფინანსებშიც ისეა, როგორც თევზი წყალში.
2008 წლიდან ბატონი რობერტი “”Lenzie Fisher Hendry LLC”- ის დირექტორია და საფინანსო სექტორის განვითარების სპეციალისტებს ამზადებს.
თვითონ უკვე მომზადებულია – თვითმომზადებული.
კაპიტალის ბაზრების განვითარების 3 მილიონ დოლარად ღირებული 3-წლიანი პროექტი აქვს იორდანიაში განხორციელებული;
აზერბაიჯანში კი 13.1 აშშ მილიონ დოლარად ღირებული, 4-წლიანი პროექტი.
სომხეთში – საფინანსო სექტორის განვითარების 16.7 მილიონ აშშ დოლარად ღირებული 5-წლიანი პროექტი ფოკუსირებული კაპიტალის ბაზრებზე, საბანკო სფეროზე, დაზღვევაზე და საპენსიო რეფორმაზე.
ჭეშმარიტად ტაშის დაკვრის ღირსია სინგლეტარის მოქმედების დიაპაზონი.
მაკედონიაში საფინანსო სექტორის განვითარების 7.5 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების 3-წლიან პროექტსაც დაადგა თავი და ეს პროექტიც კაპიტალის ფასიან ქაღალდებს, საპენსიო და საბუღალტრო სისტემების რეფორმაზე იყო ორიენტირებული. აბა? მხოლოდ ქართველ პენსიონერებზე კი არ ზრუნავს ბატონი რობერტი.
ყურადღება მივაქციოთ ერთ ფაქტსაც, რობერტი ბიძია შევარდნაძის დროს, 2000-2002 წწ. საქართველოს ეროვნული ფასიანი ქაღალდების კომისიის თავმჯდომარე იყო;
თუმცა მისი გაქანების კაცი საქართველოში რომაა, ნაღდად საცოდაობაა!
რობერტ სინგლეტარის მიერ საფინანსო სექტორის განვითარების მიმართულებით შესრულებული სამუშაო მოიცავს 21 ფართომასშტაბიან პროექტს 15 ქვეყანაში, რომელთა შორისაა: ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, სამხრეთ-აღმოსვლეთ ევროპა, შუა აღმოსავლეთი/ჩრდილოეთ აფრიკა და აზია. ჭეშმარიტად, იურისპრუდენციის მაგისტრი კი არა ფინანსური მისიონერია და მთელ მსოფლიოში ეხმარება ქვეყნების ხელისუფლებებს ჭეშმარიტი ფინანსური რელიგიის დამკვიდრებაში.
აი, ახლა უკვე ვიცით, თუ ვინ არის “ზონის მაყურებელი” იმ ეროვნული ბანკის საბჭოში, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ნაკადის შემოდინებებს განკარგავს და რომლის წარდგინებითაც ინიშნებიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტები.
და რა გინდა მაგით თქვაო, შემეკითხები, მკითხველო.
კვლავ „არც არაფერი“,
და „ არც არაფერი“-ს თქმას დავიწყებ იმით რომ, ახლა, როცა ეს სტატია იწერება, დოლარი 3.15 ლარია. და როცა გაზეთი გამოვა, იქნებ მოინატროთ ეს დრო, როცა დოლარი 3,15ლარი იყო.
არ გავიკვირვოთ,
სავალუტო ოპერაციების ფოკუსი ყველაზე მარტივი ფოკუსია ბანკკლასტერისთვის და როგორ ხვდება საერთაშორისო სესხების ნაკადის ნაწილი ( ხაზს ვუსვამთ – ნაკადის ნაწილი) ამ ფოკუსში, ამის მიხვედრა არ უნდა იყოს რთული, თუ გავიხსენებთ ისევ და ისევ ბატონ სინგლეტერის შრომით ბიოგრაფიას.
რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი ფოკუსის ამ ნაწილს თვითონ ვერ ჩაატარებს, მას ასისტენტები სჭირდება
და მთავარი ფოკუსნიკის, ავტოკრატიული სისტემის მარჯვენა ხელის – ეროვნული ბანკის ასისტენტების გამოცნობაც არ იქნება რთული.
დიახ, ეს 15 სუპერმოგებაზე გასული კომერციული ბანკია – ანუ ეროვნული ბანკის კლასტერი.
და ვინ არის კლასტერში?
“საქართველოს ბანკი”, “თიბისი ბანკი”, “ლიბერთი ბანკი”, “ბაზისბანკი”, “ვითიბი ბანკი” , “ბანკი ქართუ”, “პროკრედიტ ბანკი”, “სილქროუდ ბანკი”, “ზირაათ ბანკი”, “იშ ბანკი”, “ტერა ბანკი” ,”ხალიკ ბანკი”, “პაშა ბანკი”, “ფინკა ბანკი”, “კრედო ბანკი”.
ამ 15 ბანკიდან მხოლოდ სამი ბანკი ( თიბისი, ლიბერთი, ქართუ, ) ქართული შემადგენლობით რომ ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტებული, ანუ ბანკი სუფთა ქართული წარმოშობისაა,
დანარჩენი 12 წურბელა უცხოურია და მათ შორის –
ერთი რუსული ( ვითიბი ბანკი), ორი თურქული( ზირაათ ბანკი , იშ ბანკი), ერთი ჩინური(ბაზის ბანკი), ერთი მალტის რეგისტრაციის ( სილქ როუდ ჯგუფი), ერთი აზერბაიჯანული (პაშა ბანკი), ერთი გერმანული (პროკრედიტ ბანკი), ერთიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების კუთვნილება (ტერა ბანკი), არის ერთი ყაზახური ბანკი (ხალიკ ბანკი), ერთიც შვეიცარიული(კრედო ბანკი) და ერთი საერთოდ გაურკვეველი და აზიური წარმოშობის (ფინკა ბანკი), რომლის სამეთვალყურეო საბჭოში მთელი ინტერნაციონალია წარმოდგენილი.
თითქმის ყველა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები ამა თუ იმ იმ ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებში არიან ნამუშევარი, და ზოგი მათგანი დღესაც განაგრძობს იქ მუშაობას. მაგალითად, ტერა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მისი უმაღლესობა შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი – საემიროების ფედერალური მთავრობის წევრია და ტოლერანტობის მინისტრის პოსტიც უჭირავს, ხო, არის ასეთი პოსტი ემირატებში.
და ხომ ხვდებით, რამხელა ფინანსური ტოლერანტობის ასპარეზი აქვთ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ჩინოვნიკებს ფინანსური ოპერაციებისთვის?
კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი.
ყველა უცხოურ ბანკს სამეთვალყურეო საბჭოში აუცილებლად ჰყავს ერთი ქართველი „მეთვალყურე“. ხო, აბა? ხომ უნდა იცოდეს იმან, ვინც უნდა იცოდეს ყველაფერი ამ ქვეყანაში, რა ხდება სხვა ბანკებში და რატომ?
ამ ბანკების უმეტეს ნაწილს გენდირექტორებადაც ქართველები ჰყავთ.
კიდევ ერთი ფაქტი, ეს მეთვალყურეები და დირექტორები გარდამავალი დროშასავით გადადიან ამ 15 ბანკში სხვადასხვა პოზიციაზე და სხვადასხვა დროს. და არა მხოლოდ ბანკიდან ბანკში, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამ ბანკების კადრების დონორები არიან, და მათ შორის, სოროსის ფონდიც.
იგივე ხალხი სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ფინანსურ სტრუქტურაში მუშაობდა.
ესეც არაფერი, ყველა ეს ქართველი მეთვალყურე და გენდირექტორი არა მარტო უცხოურ ბანკების, ქართული ბანკებისაც კი, სხვადასხვა დროს მუშაობდა და აბა, თუ გამოიცნობთ სად?
დიახ, საქართველოს ეროვნულ ბანკში და უბრალო ბუღალტრად კი არა, ძალიან დიდ და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ 30 წლის განმავლობაში მთავრობების ფინანსური სტრუქტურები, კომერციული ბანკები და სოროსის ფონდი, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კადრების მთავარი სამჭედლოა და – პირიქით.
თუნდაც ბატონი გვენეტაძე ავიღოთ, ეროვნული ბანკის დღევანდელი პრეზიდენტი.
ბატონი გია, იყო დრო და საქართველოს ბანკის უბრალო ეკონომიკური მრჩეველი იყო,
ბატონ მურთაზ კიკორიას თანამშემწე.
ბატონი მურთაზი ვინ არის? ბატონი მურთაზიც ერთ დროს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი, შემდეგ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელძღვანელი იყო, შემდეგ კვლავ კომერციულ ბანკში დაბრუნდა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის საპატიო პოსტზე. სწორედ ამ თანამდებობიდან დაუბრუნდა ისევ ეროვნულ ბანკს სამეთვალყურეო საბჭო წევრად და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. დიახ, ბატონ გიას ვიცედ..იმ კაცის ვიცედ, რომელიც დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტია და რომელიც ერთ დროს მურთაზის უბრალო კონსულტანტი იყო.
მართლაც თავბრუდამხვევი კარუსელია ბანკკლასტერი.
ახლა სად არის კიკორია? სად არის და კრედო ბანკში, დიახ, სწორედ შვეიცარიულ ბანკში და ვფიქრობთ, მშობლიურ ეროვნულ ბანკს თუ გაუჭირდა, ისევ დაუბრუნდება.
დიახ, არც შესაკრებთა გადანაცვლებით იცვლება ჯამი და არც ბანკკლასტერი იცვლება.
თუ გაიკვირვეთ რამე, მაშინ არ გცოდნიათ, რომ პოლიტიკა ბიზნესია, ბიზნესი.
და რა მნიშვნელობა აქვს, ვის მისცემთ ხმას, როცა რა ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, ქვეყანას მაინც ოლიგარქია მართავს, თან უცხო ქვეყნების ოლიგარქიასთან უნისონში.
მართავს ბანკების და პარტიების მეშვეობით.
ასეთი სისტემის დროს გვენეტაძეც უკვდავია და კიკორიაც და გრიშაც, მიშაც, გიგილოც, ნიკანორიც, შალიკოც, ნინოც, თარხანაც, და ბევრი კიდევ, ძველი თუ ახალი.
ახალი ამბავიო, იტყვით. ხო, ეგ ძველია, როგორც სამყარო.
ახალი ამბავი ისაა, რომ დოლარი რამდენზეა ახლა?
დიახ, საკმარისია, გადახედოთ ეროვნული ბანკის მმართველობაში დღეს მყოფთა ბიოგრაფიებს, რომ თვალნათელი გახდეს ის პრაქტიკა, რომლის დროსაც ეროვნული ბანკის წამყვან პოზიციებზე ინიშნებიან კერძო მსხვილი ბანკების და ბიზნესის წარმომადგენლები.
დიახ, ძალადობრივი სისტემის მმართველობის ინსტრუმენტია საბანკო სექტორი.
ლარის კურსზე სპეკულაციურად მოთამაშე ეროვნული ბანკი და ერთმანეთთან ალიანსში მყოფი მსხვილი კერძო ბანკები და ფინანსურ-პოლიტიკური ოლიგარქია.
ასეთ სიტუაციაში ეროვნული ბანკი ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს კერძო ბიზნესისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას და არა მარტო ეროვნული ბანკი. მსხვილი კერძო ბიზნესი უკვე პოლიტიკურ წრეებს კარნახობს თავის წესებს. ასეთი სიტუაციის წყალობით, ბანკებმა მოახერხეს და პარლამენტს იმ საკონსტიტუციო ჩანაწერშიც შეატანინეს შესწორება, მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვას რომ ითვალისწინებდა. და ეს უკვე კიდევ ერთი ფოკუსია, ის ფოკუსი, რომელიც საშუალებას აძლევს ფოკუსნიკს გვერდი აუაროს კონსტიტუციას, და საერთოდ გააქროს საკონსტიტუციო ჩანაწერი, ვითომ ის იქ არც არსებობდეს, და ამ ფოკუსით საბანკო სისტემას აძლევს უფლებას ბანკებში მოსახლეობის მიერ გირაოდ ჩატოვებული მიწის აქტივი უცხოელებზე გაასხვისონ.
და თქვენ ამ ფოკუსის მასშტაბი წარმოიდგინეთ ახლა.
ფოკუსი, რომლის მეშვეობით შაგრენის ტყავივით მცირდება ქართული მიწა, და ეს ფოკუსი ყველაზე მეტი უზნეო ფოკუსია ბანკკლასტერის ფოკუსებს შორის.
და კიდევ რა სახეობის ფოკუსი არსებობს?
„ლიბერთი ბანკი“ სიდიდით მესამე ბანკია საქართველოში, აქტივების მიხედვით. ბანკს აქვს ფილიალების და სერვისცენტრების უდიდესი ქსელი. ემსახურება 1.6 მილიონ ფიზიკურ და 77 ათას იურიდიულ პირს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ „ლიბერთის“ მომხმარებლები ჩვენი პენსიონერები არიან, რომელთა რაოდენობა 800 ათასამდეა. გადაამრავლეთ ეს რიცხვი პენსიის ოდენობაზე და მიიღებთ იმ საბიუჯეტო თანხას, რომელსაც დროის რაღაც პერიოდში განაგებს კერძო ბანკი, აქედან გამომდინარე შედეგებით.
წარმოიდგინეთ შედეგები? საბიუჯეტო თანხებით სავალუტო ოპერაციები წარმოიდგინეთ? და საბიუჯეტო თანხებით მოსახლეობაზე გაცემული სესხები? და ამ სესხების პროცენტებით შემოსული მოგება?
აღარ ვისაუბრებთ ამ ბანკისთვის სასარგებლო იმ ახალ საბანკო მომსახურებაზე, უფრო სწორედ მაქინაციაზე, პენსიიდან თანხის ჩამოჭრას რომ გულისხმობს, ვითომდა დაგროვების მიზნით.
და შედეგი გვაქვს სწორედ ის, რომ ზოგადად საბანკო სექტორი, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და გამოცხადებული კოვიდპანდემიისგან გაჩერებული ბიზნესისა, მაინც სუპერმოგებაზე გადის.
2020 -ის მხოლოდ სექტემბრის თვეში კომერციული ბანკების შემოსავალმა 441 მილიონ 697 ათასი ლარი შეადგინა, თითქმის ნახევარი მილიარდი.
და ამ შემოსავალში ლომის წილი, სწორედ მევახშეობიდან, და პროცენტებიდან მიღებული შემოსავალია, რომელიც 352 მილიონ 694 ათასს შეაგდენს.
გამოდის, რომ სუპერმოგებაზე კომერციული ბანკები მხოლოდ მევახშეობით გადიან.
დიახ, საქართველო საბანკო ფოკუსნიკების ერთი დიდი სავალუტო ჯიხურია, მაგრამ სავალუტო ოპერციებიც ფოკუსის ერთი ნაწილია და როგორც ვთქვით, ყველაზე მარტივი.
რომელიც სწორედ რომ საბიუჯეტო თანხების ნაკადით ხორციელდება.
და, როცა ქვეყანა არაფერს აწარმოებს და ქვეყანაში ფული არ არის, საიდან მოდის ეს ფინანსები ხომ გვახსოვს?
თუ გვახსოვს, მაშინ დადგა დრო, ვისაუბროთ სხვა ფოკუსზეც და კვლავ ეროვნული ბანკის სამეთვალყუერო საბჭოს წევრს ბატონ სინგლეტერს დავუბრუნდეთ და იმ ფუნქციას, რომელიც ეროვნულ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს საშუალებას აძლევს, განკარგოს მილიონობით დოლარის საერთაშორისო რეზერვები.
მოკლედ ავხსნათ ფოკუსის ტექნოლოგია –
ფოკუსი იწყება იმით, რომ სახელმწიფო ითხოვს საგარეო ვალს, ამა თუ იმ მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტებიდან, რომლებიც თავისთავად ამა თუ იმ ქვეყნის, ამერიკის, ევროპის, და რუსეთის პოლიტიკური ინტერესების გამტარებლები არიან.
რა თქმა უნდა, ქართული ხელისუფლება ვალის სანაცვლოდ პოლიტიკურ ვასალობას აღიარებს.
ამ ქვეყნებისთვის პოლიტიკური გარანტიების მიცემის შემდეგ, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყნის გაყიდვის სანაცვლოდ, მთავრობა იღებს საგარეო ვალს, რომელიც ფორმალურად ქვეყნისთვის საჭირო პროექტების გრანტებად ფორმდება,
მაგრამ სესხის უდიდესი ნაწილი პროექტებს კი არ ხმარდება, რომლის გამოც იქნა სესხი აღებული, არამედ ეროვნული ბანკის დახმარებით ფინასნური ნაკადის ნაწილი სავალუტო ოპერაციებში მიდის, ნაწილი კი კომერციული ბანკებისთვის სესხში.
კომერციული ბანკებიც, ნაწილს სავალუტო ოპერაციაში აბანდებენ, ნაწილს კი მოსახლეობას და ბიზნესს აძლევენ სესხად.
ფოკუსის კიდევ უფრო სიღრმეში ჩავიხედოთ.
ანუ, ხალხისთვის განკუთვნილ ფულს, ფულს რომელიც ხალხს უნდა მოხმარდეს და შეუქმნას ცხოვრებისთვის, განათლებისთვის, ჯანდაცვისთვის საუკეთესო პირობები, სახელმწიფო აძლევს მოსახლეობას მაღალპროცენტიანი სესხის სახით.
კიდევ ერთხელ გავიმეოროთ.
სახელმწიფო იღებს საგარეო სესხს, რომ მოსახლეობას, რიგით მოქალაქეებს, თუ მეურნეებს, მევენახეებს, მეწარმეებს, მცირე და საშუალოს ბიზნეს მისცეს სესხად და… განუზომლად მაღალ პროცენტებში.
დიახ, სახელმწიფო სისტემა ძარცვავს საკუთარ მოსახლეობას, და მეტიც, უკვე გაძარცვულს ვალში აგდებს.
და განა ასეთ ფოკუსნიკს ტაში არ უნდა დაუკრას გაბრიყვებულმა მოსახლეობამ?
რატომ? რატომ და ცირკშია და საკუთარი ნებით ყიდულობს ამ სანახაობაზე ბილეთს.
ცირკშია იმიტომ, რომ ან არაფერს აკეთებს ამ სიტუაციიდან რომ გამოვიდეს, ან არ იცის, რა გააკეთოს.
და შედეგად, მდიდარი უფრო მდიდრდება, ღარიბი უფრო ღარიბდება, ბიზნესი კვდება, მოსახლეობა ემიგრაციაში გარბის, ქვეყანა ცარიელდება, უპატრონო ქვეყანას კი ეშმაკები ეპატრონებიან.
დიახ, საერთაშორისო ფინანსები ის თოკია, რომლითაც არიან დაბმული და მიბმული საქართველოს ხელისუფლებები სკამებზე,
სწორედ ამ საერთაშორისო ფინანსური ნაკადების არსებობაზე და ამ ნაკადებიდან ფულის კეთების უნარზეა დამოკიდებული ხელისუფლებების პოზიციებიც ამ ქვეყანაში.
თუ რომელიმე ხელისუფლება ამ სქემის გამართულ მუშაობას ვერ უზრუნველყოფს, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია.
სწორედ ამ სქემის გამართვაა ბანკკლასტერის მოვალეობა და სწორედ ამიტომ არის მუდმივ ავთვისებიან წარმონაქმად სახელმწიფოს ორგანიზმზე ბანკკლასტერი ნებისმიერი ხელისუფლების დროს.
ბანკლასტერმა ქოცი და ნაცი არ იცის,
ხალხი უნდა გაძარცვოს.
ქვეყანა უნდა გაყიდოს.
სახელმწიფო ჯიბიდან ფული საკუთარ ჯიბეში უნდა გადაიტანოს,
ბანკკლასტერმა ფულიდან ფული უნდა აკეთოს – ფოკუსი, ხო…
.
გუჯა ბიძია.
გაზეთი ” საადგილმამულო” #2
25 დეკემბერი. 2020 წელი.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა