You are currently viewing გაგიკვირდებათ, და..

გაგიკვირდებათ, და..

გაუკვირდება ბევრს , თუ ვიტყვი , რომ თენგიზ აბულაძის ფილმი ” მონანიება” , – ნოდარ წულეისკირის რომან “აფთრებისგან” განსხვავებით, რომლის მიხედვით გადაიღეს ეს ფილმი – არ არის ავტორიტარული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა.
ამ ფილმის ეკრანზე გაშვებითაც სისტემას არაფერი მოუნანიებია,
პირიქით, საბოლოო ჯამში სისტემამ თავისი ძლევამოსილება დაანახა ობივატელს.
ვის უფრო სჭირდებოდა მაშინ ეს ნაბიჯი, ამაზე აქ არ ვისაუბრებ, და ფილმის მხატვრულ ღირებულებასაც არავინ ამცირებს.
მე ვამბობ, რომ იმ საზოგადოებას, რომლის უმრავლესობა ობივატელია, დღეს ასეთი ფილმები და სპექტაკლები ვერაფერში წაადგება, რადგან ამ ფილმში ყველა დადებითი გმირი მარცხდება, და წაგებულ ომზე ამბავი ვერაფერი სტიმულია ყოველდღიურობით გატანჯული ობივატელისთვის.
სანამ ამ მოსაზრების ახსნაზე გადავალ, გაგახსენებთ წინა წერილი რითიც დავამთავრე.
დოჩანაშვილის ალექსანდროსავით მხოლოდ საუბარი არ კმარა მეთქი , რომ ობივატელი კანუდოსელად აქციო.
არც დიდ კანუდოსელებზე საუბარი კმარა ამისთვის.
საერთოდ ობივატელს გმირად ვერასდროს გადააქცევ, მაგრამ თეატრალიზებული თხრობით, და დრამატურგიის ოქროს წესის , “გმირი – მასზე თხრობა – ახალი გმირი”, მრავალჯერადი გამოყენებით შეიძლება აიძულო ობივატელი რეალურ გმირს ათი ნაბიჯის მოშორებით მაინც რომ გაყვეს..
და ეს რომ მოხდეს ობივატელს მისი “გამორჩენა” უნდა დაანახო სცენიდან.
ამისთვის კი, დრამატურგიამ უნდა შეძლოს და მოძალადე სისტემა თავის სამსახურში ჩააყენოს და ჩააყენოს იმით, რომ სისტემის ნამდვილი სახის ჩვენებით ობივატელი შეაშინოს, შესძრას, შეარყიოს.
ობივატელზე მხოლოდ შიში მუშაობს, სულიერი, თუ ფიზიკური კომფორტის დაკარგვის შიში.
შესაბამისად, რა თქმა უნდა , დრამატურგიამ უნდა აჩვენოს , რომ სისტემა, თუ მის წინააღმდეგ მებრძოლს გაუსწორდა, ობივატელს თავისი ინტერესების დამცველიც არ ეყოლება და მარტოდმარტო აღმოჩნდება კაციჭამია ვირთხების გამომყვან კასრში, სადაც მას გადარჩენის არანაირი შანსი არა აქვს,
მაგრამ ესეც არ კმარა.
უნდა შეაშინოს და ისე, რომ ამ შიშმა გადაძალოს არავიძეობის სურვილი და სისტემის მსახურობიდან მიღებული სათუო კეთილდღეობა.
დავუბრუნდეთ კინოფილმს “მონანიება “.
ამ ფილმში დამარცხებულ მებრძოლ გმირებთან ერთად ,სისტემის მსახურის პიროვნული ტრაგედიაა ასახული და არა არავიძის საქმის მარცხი.
ფილმს ხაზად მისდევს ის, რომ სისტემა არავიძინსაირებს მილიონებს გამოჩეკავს და ამას ის გააკეთებს, რაც არ უნდა ამოთხარო საფლავიდან მოძალადე სისტემის კონკრეტული დამნაშავე მსახური.
ობივატელი ხედავს ამას.
ამ ფილმის მნახველი არადროს არ აიღებს ნიჩაბს ხელში და სასაფლაოზე არ წავა.
არასდროს არ იფიქრებს , რომ ერთხელაც და მას შეეხება სისტემა და მსხვერპლი ქალის დღეში ჩააგდებს, ან რომც ჩააგდოს, იგივეს მაინც არ გააკეთებს..
და მაშ რა უნდა იყოს ფილმში ნაჩვენები, რომ ობივატელს იმის სურვილი გაუჩნდეს , სასაფლაოს შორიახლოს მაინც რომ გაჰყვეს არავიძის საფლავიდან ამომთხრელს?.
კი, იყო კინოთეატრების რბილ სავარძლებში კომფორტულად მოკალათებული ობივატელის შეშინების საშუალება, და ფილმის შემქნელებმა ეს ვერ გამოიყენეს.
მაგრამ ამაზე შემდეგ, შემდეგ..
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა