
პატრიოტიზმი რომ გაიძვერების უკანასკნელი თავშესაფარია, ეს ჯერ კიდევ 1775 წელს თქვა სამუელ ჯონსონმა,
დიახ, უკანასკნელი და სამუდამო თავშესაფარია, და არც არასდროს გამოძვრებიან გაიძვერები ამ თავშესაფრიდან,
რადგან ისეთ კომფორტს, როგორიც პატრიოტიზმი, არცერთი სხვა იდეოლოგია არ აძლევს პოლიტმამაძაღლებს,
პატრიოტიზმი იმ რიგითი ობივატელის თავშესაფარიც არის, მხოლოდ რომ ლაპარაკობს, თვითონ რომ არაფრის გაკეთება არ სურს, მუდამ სხვისი მოიმედეა, და სწორედ ასეთი ობივატელი არის პოლიტმამაძაღლის ამომრჩეველი და დასაყრდენი.
და რადგან ასეთი ობივატელი, – ანუ სადღეგრძელოების მოყვარული, და ბრტყლად, და რიჟად მოლაპარაკე, – საზოგადოების უმრავლესობას შეადგენს, მაშინ გასაგებია, ხომ, რატომაც ბაირამობენ გაიძვერები?.
ხო, რა, როგორიც ერიო, ისეთი ბერიო, და ფერი ფერსო და მადლი ღმერთსო, ამის თქმა უკვე ჩვენ დავასწარით ინგლისელებს და სწორედ ამ მომენტზე და ჩვენზე ითქმის.
და ამიტომაც სრულებით არ გამკვირვებია, რომ მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა, და რაღაც ერთ წელიწადში აგვახია ქოცმა პატრიოტიზმის ნიშა ყველას და მიისაკუთრა.
მაგრამ მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, ეს მამაძაღლებზეც ითქმის, და ვფიქრობ, მალე გამოჩნდება კიდევ სხვა, უფრო მარჯვე გოთვერანი, ვინც ქოცს ჩოხას გახდის და თვითონ მოიცმევს.
უფრო სწორედ, ქოცს უკვე ყავს ასეთი, ვისაც თავის გამონაცვალს გადაულოცავს.
და სისტემური ქვაბი კიდევ ერთხელ გადაიღებება.
და კიდევ კარგა ხანს ვიქნებით ხან რუსული, და ხან ჩინური ბოსტანი, და ბოსტანში ქართულჩოხიანი საფრთხობელათი.
როცა შეიძლებოდა, ევროპებში და ამერიკებში გვევლო ჩოხაში გამოწკეპილებს, და ჩვენი იდენტობით.
გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ საზოგადოება რომ ობივატელურია, და სხვისი ხელით უნდა ეკლების თხრა, კი ვთქვი უკვე,
ანუ, არ უნდა გამოსავალი, და შეეიმასქენი თუ გინდა.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)