
ძალიანაც კარგი,
ხო, ძალიანაც კარგი, რომ ასეთი გამოხმაურება იყო მარტყოფის ველზე ახალი დასახლების სახელის შერჩევასთან დაკავშირებით.
მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ.
და თუ ერთი დასახლების სახელის მოფიქრებაც კი აერთიანებს ადამიანებს, და საქმის ერთად კეთების გამოცდილებას გვაძლევს, უფრო რეალური საქმეების ერთად კეთება მით უმეტეს, ხო?
დიახ, ადგილს სახელი სჭირდება, და რომ გავიგოთ თუ რა მნიშვნელობა აქვს სახელის მართებულად შერჩევას, მოდით ჯერ ტოპონიმიკაზე ვისაუბროთ.
ტოპონიმიკა მეცნიერებაა, და შეისწავლის ტოპონიმებს ანუ გეოგრაფიულ სახელწოდებებს, მათ აგებულებას და წარმომავლობას.
ტოპონიმიკის მონაცემებს იყენებს სხვადასხვა მეცნიერება,- ისტორიული გეოგრაფია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ეკონომიკური ისტორია, ენათმეცნიერებაც, და ფოლკლორისტიკაც.
ტოპონიმი მრავალ ინფორმაციას შეიცავს, და ისტორიულ ცნობებთან ერთად სწორედ ტოპონიმია მნიშვნელოვანი წყარო ამა თუ იმ ხალხის, ტომის ან სხვა ეთნიკური ჯგუფის პირველსაცხოვრისა და მიგრაციის კვალის დასადგენად.
ხომ ხედავთ რამოდენა მნიშვნელობა ჰქონია ადგილის დასახელებას?
ხშირად ტოპონიმები წერილობით ძეგლებზე უფრო ძველია და ამ შემთხვევაში ტოპონიმი ისტორიული ლექსიკოლოგიის, ისტორიული ფონეტიკისა და დიალექტოლოგიის კვლევის საგანია და კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
ერის კულტურის და იდენტობის აღქმაში გვეხმარება ტოპონიმი და ამიტომაც ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
მით უმეტეს, რომ იუნესკომ 1972 წელს მიიღო კიდეც დადგენილება, რომ “არ შეიძლება ისტორიული ტოპონიმების სახელების გადარქმევა”
იუნესკოს შესახსენებელი რა გვჭირს ქართველებს, მაგრამ ვთქვი მაინც.
ხო, ჩემო ბატონო,
ადგილისთვის სახელის დარქმევა სერიოზული საქმეა, და თან აუცილებელი, და ვიცი, რომ ახალი დასახლება თავისი, განსხვავებული ქცევის კოდექსით იცხოვრებს, მაგრამ კანონებსაც ვერ გავექცევით, და ვერც სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობას,
ამიტომ დასახლებას სახელიც ადრე თუ გვიან იურიდიულად უნდა გაფორმდეს, რუკაზეც უნდა აღინიშნოს და ასე შემდეგ,
მაგრამ ვიმეორებ, სახელის შერჩევისას ისევ და ისევ უპირველესად ადგილის ისტორიით უნდა ვიხელმძღვანელოთ, და ყველაზე ნაკლებად პიროვნებით, თუკი პიროვნება მთელი თავისი ცხოვრებით, ხაზს ვუსვამ, მთელი თავისი ცხოვრებით ერისთვის მნიშვნელოვანი ისტორიის შემქმნელი არ არის,
და აბა, ახლა რის გამო ?
ახლა რა მოხდა ასეთი, ნაკვეთზე რო დასახლდა ხალხი?
დიდი ამბავი, და რა ვქნათ ახლა, სხვა რეგიონებშიც ვაპირებთ იგივე დასახლებებს, და იქაურობასაც პეტრეს და პავლეს სახელი დავარქვათ?
კერძო ნაკვეთს კი ბატონო, თუ გინდა სახელიც დაარქვი, და ძეგლიც დაიდგი შიგნით, მაგრამ მთელ დასახლებას? ისტორიულ ველს? და რა უფლებით?
ნუ, ახლა თქვენ, ვინც ჩემი სახელიდან აწარმოეთ სხვადასხვა ფორმა, მესმის რომ პატივისცემის გამოხატვა გინდათ, და მართლაც მადლობა, რომ დანახვა შეგიძლიათ, თუ ვინ რას აკეთებს, მაგრამ მართლა გულწრფელად ვამბობ, – ვაშინერს!
და თან სად, საქართველოში?
სადაც ყოველი მეტრი მიწა სისხლითაა მონიშნული?
და რამდენი უცნობის და უსახელო უფლისციხელის?
თუნდაც მარტყოფის იმ ომში 9000 ქართველი ჩაწვა და არც ერთის სახელი არ არის ცნობილი,
და როცა თითოეული მათგანი ღირსია უკვდავყოფის და მე ვინ ოხერი ვარ, ან პეტრე ვინაა, და ან პავლე?
ამიტომ გამომდინარე ამ ყველაფრიდან, როცა კონკრეტულად ამ ადგილს ვურჩევთ სახელს, ახლაც ან გავითვალისწინოთ მისი ისტორია, ან წარმოვაჩინოთ ფუნქცია, რომელიც უნდა შეასრულოს ახალმა დასახლებამ.
მოდით ჯერ ფუნქციაზე ვთქვათ, – ვიცით რის გამო ფუძნდება დღეს იქ ხალხი, გარდა პირადულისა, ამ ხალხს საერო საქმეც ევალებათ.
ის ადგილი არაბი, თურქი და სხვა უცხოტომელთა მოძალებისგან უნდა დაიცვან, არ უნდა დაუშვან რომ მათ ახლომახლო უცხოტომელმა მიწა რომ იყიდოს,
ღმერთმა ნუ ქნას, ხო?
სხვა თუ არაფერი, სააკაძის და მისი შვილის, პაატას სულიც არ მოგასვენებს ამის დამნახავს, და ამიტომაც დავეთანხმე არჩილ ხოფერიას რომ თქვა, დასახლებას მტრის დამხდურის, – ანუ ადგილის გულშემატკივარის, ქომაგის, მცველის, მიმხედავის ფუნქცია უნდა დაეკისროსო.
მაგრამ ვიმეორებ, ასეთი ფუნქციის აღმნიშვნელი სახელი უნდა იყოს მარტივი გამოსათქმელი, და შესაფერისი, და არც ძალიან პათეტიკური, – ეს ძნელი ამოცანაა, მართლაც.
სახელის განსაზღვრის მეორე მიმართულებას ისევ ისტორიისკენ და ადგილის ახლომახლო ტოპონიმებისკენ მივყავართ.
და რადგანაც სოფლები “მარტყოფი” და “სააკაძე” უკვე არსებობს, მაშინ მართებული იქნება ისევ და ისევ იმ სახელით მოვიხსენიოთ ადგილი, რომელსაც ისედაც ვახსენებდით მთელი ამ ცხრა თვის განმავლობაში, ანუ, “მარტყოფისველი”.
ტოპონიმიკის სწავლულებიც არ გაგვიბრაზდებიან და არც იუნესკოც „შეშფოთდება“,
ასე ვქნათ ხო, გამოვიდეთ ადგილის ფუნქციიდან და ისტორიიდან, და ორი ვარიანტი შევთავაზოთ პირველმოსახლეებს, და მათ აირჩიონ.
მინიმუმ 12 ოჯახი სახლდება იქ, კიდევ მეორე 12 ოჯახი დასახლდება მათ ზემოთ ნაკვეთზე, მომავალში იქვე სხვა ნაკვეთებზეც ვეცდებით ხალხის დამკვიდრებას და მართლაც მათი გადასაწყვეტია რა სახელით იცხოვრებენ, იშრომებენ და თუ საჭირო გახდა, იომებენ კიდეც მარტყოფის ველზე.
მე რაც შემეხება, ჩემმან მზემან, ამ ქვეყანაზე არსებობს ჩემი სახელობის ჯიში და მოდგმა, არსებობს ჩემი სახელობის ლექსები, მოთხრობები, პროგრამები, პიესები, სპექტაკლები, ჩემი სახელობის ქვევრიც არის, და ხეც კი არის დარგული ჩემს სახელობაზე და თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი ხელით გაკეთებული და ჩემი სახელობის ნარდიც არსებობს, და ჯერ კიდევ უხსოვარ დროს ჩემი სახელობის კალამიც მაჩუქეს, რომლითაც ყველაზე და ყველაფერზე წერა და საუბარი შემიძლია, და ვფიქრობ, რო ცუდად არ გამომდის ეს საქმეც,
და თუ ეს ასეა, მაშინ სხვა ყველაფერიც – ქუჩაც, ქალაქიც, სოფელიც, მთაც, ბარიც და მთელი ქვეყანაც და მთელი დედამიწაც, ისედაც ჩემია.
ხო, რა, რუსთველისა არ იყოს,
ეს ქვეყანა ” ჩემი არის, არვის მივცე ჩემგან კიდე”,
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
