You are currently viewing გმირებად არ იბადებიან

გმირებად არ იბადებიან

როგორ არის ნათქვამი?
ისე უნდა იცხოვრო, შენზე წიგნი დაწერონ, ფილმი გადაიღონ, სიმღერებში რომ მოგიხსენიონ.
როგორ უნდა ვიცხოვროთ, ალბათ, ვიცით.
და როგორ უნდა მოვკვდეთ,?
ხო, თუ ვიცით, როგორ უნდა მოვკვდეთ?
ამ კაცმა იცოდა.
და ალბათ კი არა, ზუსტად იცოდა.
არა, გმირებად არ იბადებიან, ჯერ კაცი უნდა გახდე და ადამიანი.
და ადამიანობა რომ გქონდეს, გეხმარება ყველა, ვინც კი ცხოვრების გზაზე გხვდება, დიდიც და პატარაც, ვინც გიყვარს, და უყვარხარ, ვინც ძვირფასია, და მერე ის ადგილიც ძვირფასი ხდება შენთვის, სადაც ადამიანდები.
და მერე, როცა უკვე წინდაწინ იცი, რისთვის, და ვისთვის შეიძლება მოკვდე, შეგნებულად დგამ ნაბიჯს.
ნაბიჯს, და შეიძლება უკანასკნელს.
მაგრამ შენ არც თვლი, რომ ეს გმირობაა, შენთვის ეს ისეთივე აუცილებლობაა, როგორიც სუნთქვა, რადგან კაცი ხარ და ადამიანი უკვე.
დგამ ნაბიჯს, რადგან ომია და აღარ გაძლევენ საშუალებას იცხოვრო შენს მიწაზე, შენს ქალაქში, შენს ქუჩაზე, შენს ახლობლებთან,
დგამ ნაბიჯს, რადგან ხედავ როგორ მოგიკლეს შვილივით ნაფერები ბიჭები, შენთან ერთად მთელი ომი რომ გამოიარეს.
შენც ხომ უკვე, მანამდეც, ამ ომის განმავლობაში რამდენჯერმე მოკვდი, როცა მათი დაღუპვის ამბავი გააგებინე მათ მშობლებს.
არა, არ იყო ჯარისკაცი, არ იყო სამხედრო, არც არსად უსწავლია როგორ ეომა, მაგრამ პირველივე დღიდან იქ იყო, სადაც პირველი ტყვია გავარდა.
იქ იყო, და მისი საკუთარი ორი შვილიც მასთან.
აბა, როგორ უნდა ეთქვა სხვისი შვილებისთვის იომეო, საკუთარი რომ გადაემალა?.
ხო, იქ იყო, და რადგანაც უკვე კაცი იყო და ადამიანი, და ცხოვრებანანახი, სიტყვა ქონდა და წონა ქონდა, ერთ თვეში შექმნა კიდეც სოხუმის ბრიგადა მოხალისეებისგან.
ექვსი ბატალიონით, და ერთი სატანკო ნაწილით.
კადრის ოფიცრებმაც კი ვერ მოახერხეს ის, რაც მან შეძლო.
მისი სიტყვა კანონიც იყო და იმედიც ბიჭებისთვის, რადგან იცოდნენ, მათ გამო რომ ტყვიას გადაუდგებოდა წინ, და თუ მაინც რამე და მათ ოჯახებსაც არ დატოვებდა უპატრონოდ.
სჯეროდათ, ენდობოდნენ და მიყვებოდნენ და რამდენ ბრძოლაშიც შევიდა არც ერთი არ წაუგია.
არც ბოლო ომი არ წაუგია.
მას არ წაუგია!
ომს ჯარიკაცები არ აგებენ, – ომს გამყიდველი პოლიტიკოსები აგებენ, და ომს აგებს ის, ვინც ომში არ მიდის.
ამიტომ მარცხდება ქვეყანა ომში, თორე მეომრები ომს არ აგებენ.
და არც ქვეყანა არ მარცხდება, თუკი ქვეყანას ახსოვს და პატივს მიაგებს, ვინც მას იცავდა.
სანამ ახსოვს ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე.
სანამ გვახსოვს, არც ომი მთავრდება.
და სანამ მშვიდობაა, ომისთვის უნდა ვემზადოთ, რადგან ომით წართმეულს მშვიდობით არავინ დაგვიბრუნებს.
მან ეს იცოდა, ამიტომ ომობდა.
პირველი იყო, ვინც ხმამაღლა ალაპარაკდა ღალატზე, ვინც თქვა, რომ სოხუმი გაყიდეს, და რომ სოჭის ხელშეკრულება სოხუმის ჩაბარების გეგმა იყო.
გაყიდეს კიდეც, გაწირეს კიდეც სოხუმიც, აფხაზეთიც, და მთელი საქართველოც.
ბრიგადაც დაუშალეს, იარაღის გარეშეც დატოვეს და არა მხოლოდ ის.
ვერაფერი გააწყო ქართველის იმ ყველაზე მთავარი მტრის წინაშე, ისევ ქართველისგან ღალატი რომ ჰქვია.
დაეცა სოხუმი.
გავა დრო, წლები გავა, და იმ მთავარ ნაგავს, ვინც აფხაზეთი გაყიდა, და ომამდეც, ომის დროსაც და ომის მერეც, ვინც ათასობით ქართველი გაწირა და მათ სისხლში იდგა ყელამდე, ფეხებში ჩაუვარდებიან, დაუჩოქებენ და არ მიგვატოვოო, სთხოვენ.
ხო, ტრადიციაა ასეთი ამ ქვეყანაში, გამყიდველებს რომ უჩოქებენ, და გმირებს – არა.
გამყიდველებს რომ ტაშს უკრავენ და გმირებს არა,
გამყიდველები რომ ახსოვთ, და გმირები არა.
მაგრამ ამას, კაცი, ვინც ზუსტად იცოდა, თუ როგორ მოკვდებოდა, ვერც წარმოიდგენდა, მაშინ.
ბოლომდე ომობდა, ისიც, მისი ბიჭებიც და ყველა, ვინც იმ დროს ალყაშემორტყმულ სოხუმში იყო, და ალბათ, კაცი, ერთ-ერთი ბოლო იყო ვინც ქალაქიდან გავიდა ცოცხლად გადარჩენილ რამდენიმე მებრძოლთან ერთად.
28 სექტემბერი იყო,
სოხუმის დაცემის მეორე დღე.
გავიდა, და ბიჭები სამშვიდობოს დატოვა.
თვითონ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რაც უნდა გაეკეთებინა.
უკანვე შებრუნდა, სოხუმში,
და მარტოდმარტო.
პირველსავე ტანკს გადაუდგა წინ, მშვიდად გადმოვიდა მანქანიდან , და ავტომატი გადმოიღო.
გაჩერდა ტანკიც, დროშების ფრიალით შეხვდნენ ტანკზე ამხედრებული რუს-აფსუები,
არც ეგონათ ქართველი, არც ელოდნენ არსაიდან საფრთხეს, ქალაქის ქუჩებში ქართველი მეომრების მხოლოდ გვამებიღა იყო, უპატრონოდ მიტოვებული.
ვერც იფიქრებდნენ ტანკის და ამდენი შეიარაღებული ხალხის წინ მარტოდმარტო მდგომი კაცი, თუ უკანასკნელი იქნებოდა, რასაც მათი თვალები სიცოცხლის ბოლო წამებში დაინახავდნენ.
ხო, უკანასკნელი უნდა ყოფილიყო ის სექტემბრის დღე მათთვის, და კიდეც სათითაოდ გააციეს მათკენ წასული ტყვია.
უკანასკნელად იდგა ფეხზე ქართველიც.
კაცი, რომელმაც ამ მომენტამდე დიდი ხნით ადრე და ზუსტად იცოდა, თუ როგორ მოკვდებოდა.
არა, გმირებად არ იბადებიან,
გმირი მერე ხდები, როცა ზუსტად იცი, რომ ვიღაცისთვის და რაღაცისთვის სიკვდილი შეგიძლია და შეგნებულად დგამ ნაბიჯს.
დგამ ნაბიჯს, უკანასკნელს, და მარადისობისკენ.
აი, სწორედ ისე,
როგორც კაცი,
სახალხო გენერალი,
ეროვნული გმირი , – გენო ადამია!
ისე რომ მოკვდა, ასეთ სიკვდილს, ასი წლის მერეც რომ მოგანდომებს ადამიანს.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა