You are currently viewing “დაე, იყოს, ასე!”

“დაე, იყოს, ასე!”

მთელი ისტორიის მანძილზე სულ ორჯერ გაუმართლა ქართულ საქმეს.
დანარჩენი, სულ წვალებით გამოადნო ქართველობამ.
ხო, სულ ორჯერ დაჯდა ქართულად დუშაში.
ერთხელ, როცა ფარნავაზმა ნადირობისას, სადღაც გამოქვაბულში განძი იპოვა და ასე დაიწყო ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, მაშინ..,
მეორე ასეთი მომენტი დადგა, როცა მეფის რუსეთში ბატონყმობა გაუქმდა, და ალექსანდრე მეორეს ბრძანებით, ყმების განთავისუფლების სანაცვლოდ თავადაზნაურობას თანხა გამოეყო და შანსი არ გაუშვეს განმანათლებლებმა, ჯერ დიმიტრი ყიფიანმა, მერე ილიამ და კვლავ დაიწყო დიდი ქართული საქმე.
უდიდესი, მთელი 30 წელი რომ გაგრძელდა.
ეს ორი შემთხვევა რომ არა, შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო დღეს საქართველო, ან თუ იქნებოდა და სულ სხვანაირი, ფარნავაზის და ილიას გარეშე.
დღეს იმაზე უფრო ცუდ დღეში ვართ ყველა გაგებით, ვიდრე მაშინ ვიყავით, გახლეჩილი, დაპირისპირებული, დაქუცმაცებული, და უპატრონო, საზოგადოებაც და ქვეყანაც, მედროვეების ხელში და არც კაცი ჩანს, საერთოს საქმისთვის რაიმე დიდის ერთბაშად გამცემი, რომ ქვეყანას დროულად ეშველოს და არც ღმერთის წყალობა, რადგან ქართველის მზაობას ვერ ხედავს ღმერთი…
უფრო სწორედ, წყალწაღებულს კი ხედავს, მაგრამ ღმერთო მიშველეს გარდა არც არაფერი ესმის სხვა და მიტომაც დაცდა ალბათ მამაზეციერსაც, გაანძრიე ხელი და დაგეხმარებიო..
ხელის განძრევამდე თავია, და უნდა დავინახოთ დასანახიც, რომ წყლიდან გასასვლელი ნაპირი ისევ მე და შენა ვართ ერთმანეთისთვის, ნაპირიც და ის განძიც, ფარნავაზმა რომ იპოვა, და ის ცოდნაც, ილიამ რო დაგვიტოვა, და დანარჩენი ძნელი მისახვედრი აღარ უნდა იყოს.
რომ ქართული საქმისთვის ხელის გაღებაც ფარნავაზობაა დღეს, და ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებაც ილიაობა, და უნდა მოვახერხოთ და გავასამოთ ყისმათი..
დროა, უკვე..
მეტი შანსი ამ ქვეყანას იქნებ აღარც მისცეს ღმერთმა.
გასამებაში სწორედ რომ მარტყოფის ველზე ახალი ქართული დასახლების შექმნას ვგულისხმობ.
და პრინციპში აგე, ამ კაცთან შეხვედრაც ის მომენტი იყო, ორ ტუზზე ფაიკას რომ გაჩითავ.
ნაკვეთი აქვს მარტყოფის ველზე და არ მინდაო, აქ ვიღაც უცხოტომელი მყავდესო მეზობლად და ვქნათო რამე.
ცარიელი მიწის დაუსახლებლად დატოვებაა სარისკო, ჩინელი, თურქი, და არაბი, რო ეტანება, თორე მთის სოფელში, ერთ ქოხში მაინც თუ ბჟუტავს სინათლე, ესეც საკმარისია ისე დაფრთხეს უცხოთესლი, როგორც ჯვრისგან ეშმაკი.
რა თქმა უნდა მთის სოფელსაც პატრონობა უნდა, მაგრამ დიდი და ცარიელი ველების ათვისება უფრო საშური საქმე მგონია ჯერ.
და რომ შეგვეხმიანა მარტყოფიდან კაცმა, მეთქი, გაგიმარჯოს ღმერთმა, შენნაირს ვეძებდი მეთქი.
ამ კაცს ნაკვეთი უკვე შემოღობილი აქვს, ჭის ამოღებაც დაიწყო, ელექტროენერგიაც შემოიყვანა, და მრიცხველიც დააყენა.
ხომ არის ახლა ალალი ამ კაცზე კარგი მეზობლები?
არის და ეყოლება კიდეც.
მისი ნაკვეთიდან სულ ახლოა ის ორი დიდი ნაკვეთიც, სადაც საერთო ჯამში 20 -მდე ქართული ოჯახი დასახლდება და დაიწყება სოფელი, სწორედ ისეთი, როგორც დოჩანას კანუდოსი.
იდეა რა თქმა უნდა, ისეთივე ძველისძველია, როგორც სამყარო, და ასეთი დასახლება “კანუდუსი” მართლაც არსებობდა საუკუნის წინ, ბრაზილიის ჩრდილოეთ პროვინციაში, სადაც ბატონებისგან თავგარიდებულები ცხოვრობდნენ თავის წესებით, და კანონებით,
თავიდან სულ 3 ათასი კაცი, და შემდეგ 20-25 ათასამდე ავიდა მოსახლეობა.
რა თქმა უნდა , სახელმწიფოში კიდევ ერთ სახელმწიფოს არავინ დატოვებდა, და შეუსიეს კიდევაც ჯარი.
1896 წელს დაიწყო ომი, ერთი წელი იცავდნენ თავს კანუდოსელები, მთელი ერთი წელი,
აქედანაა დოჩანაშვილის სიუჟეტიც.
მენდეს მასიელსაც რეალური პროტოტიპი ჰყავდა, და ანტონიო მესიელი ერქვა, უჟმური ჟოაო აბადოც კი რეალურად არსებობდა.
დოჩანამ უბრალოდ გენიალურად მოარგო ქართულ ხასიათს ეს ამბები, და რაც ყველაზე მთავარია, გენიალურად დახატა ის გზა, რომელსაც ობივატელობიდან იდეურობამდე მიჰყავს ადამიანი.
ეს განსხვავებაა, თორე სხვა უამრავი მაგალითიცაა მიწის ერთად ყიდვის და თემურად დასახლებისა, ებრაელობის აიღე თუნდაც, შეგროვილი ფულით უდაბნოში რო ქალაქი დაარსეს.
უკვე 2016 წლიდან ვახმიანებდით ჩვენც ამ იდეას, და რა თქმა უნდა ასეთ დასახლებებს ჩვენთვისაც უფრო დიდი დანიშნულება აქვს, ვიდრე უბრალოდ სოფლის აშენებაა.
არაფერს ახალს არ ვიგონებთ, ასეთი გზა ჯერ კიდევ 150 წლის წინ გაკვალეს ილიას ეპოქაში, ჩვენ უბრალოდ ვათანამედროვებთ მაშინდელს.
და რა თქმა უნდა, როცა 2020 წელს, გაქანებული კოვიდტერორის დროს საადგილმამულო ფონდი დაავარსეთ, ეს იდეაც, – იდეური თანამოაზრეებისგან დასახლებების შექმნის იდეა- შევიდა საადგილმამულო ფონდის პროგრამაში.
თუმცა ფონდის შექმნამდეც იყო სხვადასხვა მიმართულებები,- საარჩევნო კოდექსზე, რეფერენდუმზე და დეპუტატის გამოწვევის მექანიზმზე მომუშავე ჯგუფები, იყო თეატრი „კანუდოსიც“, სხვა ბევრი რამ, მაგრამ ამ ყველაფერს ერთ პროგრამაში გაერთიანება სჭირდებოდა,
და რა თქმა უნდა, დაუსახლებელ მიწებზე სოფლების დაარსებას, ისევე როგორც ჩვენს სხვა პროექტებს- , გაზეთს, ინტერნეტპორტალს, რადიოტელევიზიას, იურიდიულ კომპანიას, ემიგრანტის დაბრუნების პროგრამას, პროფტექნიკუმებს, პოლიტგანათლების გამავრცელებელ სტრუქტურას, საერო სკოლებს, შემდეგ უნივერსიტეტს, რომელიც, სწორედ რომ მარტყოფის ველზე დაარსდება – საზოგადოების თვითორგანიზაციისთვის ბიძგის მიცემა აქვს მიზნად და იმ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი შექმნას ემსახურება, რომლებმაც უნდა დაიმკვიდროს ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმები, და საბოლოოდ უპარტიო საქართველომდეც უნდა მიგვიყვანოს.
ხო, წარმოიდგინეთ ახლა იმ ადამიანების ერთობა, მარტყოფის ველზე რომ დასახლდება, და კიდევ სხვა რეგიონებში ასეთსავე ველებზე.
წარმოიდგინეთ ის ხალხიც, პოლიტგანათლების გავრცელების შემდეგ რომ ეცოდინება თავისი უფლებები და ის კანონები, რომლითაც თავის დაცვა შეუძლია.
წარმოიდგინეთ ის ხალხიც, ვინც საადგილმამულოს საერო სკოლებში ისწავლის, და ასწავლის,
ის ხალხიც, ვისაც საადგილმამულოს ტელერადიო გადაცემებით გაიცნობს საზოგადოება.
წარმოიდგინეთ საადგილმამულო კინო, და თეატრი და მისი მაყურებელიც,
წარმოიდგინეთ, ამ პროექტებში ჩართული უამრავი პროფესიონალი,
ანუ, ახალი, და რეალური ეროვნული ელიტა.
წარმოიდგინეთ ის ფინანსური სტრუქტურები, რომლებსაც ეს ადამიანები შექმნიან, უხელმძღვანელებენ, მოგებაზე გაიყვანენ, და ისევ იმიტომ, რომ ისევ ახალი ეროვნული პროექტები დაფინანსდეს,
წარმოიდგინეთ, ახალი დამოუკიდებელი პროფკავშირული ორგანიზაციებიც.
წარმოიდგინეთ,?
სწორედ ასეთი გზით შექმნილი ადამიანური რესურსი არის უკვე შეგნებული სამოქალაქო საზოგადოება.
პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, ანუ სახელმწიფო სახელმწიფოში, – ეს არის კანუდოსი, სხვა კი არაფერი.
აბა, მართლაც უდაბნოში გაქცევას კი არ ვაპირებთ, და ჩაკეტილად ცხოვრებას.
კანუდოსია საზოგადოება, რომელსაც თავის დაცვა შეუძლია ნებისმიერი ხელისუფლების დროს, და საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას აიძულებს საქმე გააკეთოს.
ვიცი, გაეცინება ახლა ზოგს სნობურად, ლამაზქალაქურად.
დგახარ აქ მინდორში და ფანტაზიორობო.
ჩემო დუელიო, ჩემო ვინსენტე, და მამიდა არიადნა, შე, ქალო, შენ გეუბნები, – ფანტაზიორობა ის არის, როცა არ იცი რა უნდა გააკეთო და ვისთან ერთად.
რაც უნდა გააკეთო, წერია ყველაფერი ილიასთან, წაკითხვა უნდა მხოლოდ, უფრო სწორედ დანახვა.
წერია ეს დოჩანასთანაც,
წერია, თუ როგორ უნდა გავიაროთ გზა უბრალო ყოველდღიურობაში ჩაძირული ობივატელობიდან,- იდეურობამდე.
წერია, როგორც უნდა დაიცვა ილიასეული სამეულიც, – მამულიც, ენაც და სარწმუნოება.
გითხრა ეს კოსტავამაც, და გამსახურდიამაც, და იმ ბიჭებმაც გითხრეს, აფხაზეთში და სამაჩაბლოში რომ დააქციეს სისხლი.
სხვამ რა უნდა თქვას მათზე მეტი?
და რა თქმა უნდა ერთ დღეში არ აშენდება არც სოფელი, არც უნივერსიტეტი და ვერც ერთ კვირაში შეიქმნება ახალი ელიტა, ეროვნული იდეა რომ უნდა გაიტანოს ხალხში, მაგრამ ვიმეორებ, ეს შესაძლებელია,
ეს აუცილებელიცაა,
და ვიცი, ერთხელაც ჩვენც მოგვიწევს კანუდოსელებივით ომი,
მაგრამ მწამს რო დადგება დრო, და შვილთაშვილებს მოვუყვებით, როგორ დავამარცხეთ პოლიტნაგვები, და ფულის ტომრები, და როგორ დავდეთ ბეჭებზე ის მახინაც, ასწლიანი ბოლშევიკური სისტემა რომ ჰქვია,
ხო, უნდა გავასამოთ ყისმათი!
ჰოოდა, ვთქვათ კიდევ ერთხელ,-
დაე, იყოს ასე!
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #6
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა