You are currently viewing დანაშაული საიდანაც დაიწყო დიდი სიცრუე

დანაშაული საიდანაც დაიწყო დიდი სიცრუე

2018 წელი იყო, 18 დეკემბერი.
ცოტა დაგვიანებით მივედი,
შორიდან დამინახა, და მანიშნა, გამოდიო, თქვიო, რაღაც.
ცოტნეს შიმშილობამ მაშინ შედეგი დადო,
გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება, რომელსაც ხანდაზმულობის გამო საერთოდ დახურვა ემუქრებოდა, კიდევ 5 წლით გაგრძელდა.
დამატებული წლებიდან მეხუთე იწყება უკვე, და მე არ მჯერა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ამ დარჩენილ წელიწადში რომ გამოიძიონ.
ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იმიტომ, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა არის დასაწყისი იმ დიდი სიცრუისა, რომელიც სახელმწიფო მანქანამ მოახვია თავს ქვეყნის მოსახლეობას ამ 30 წლის განმავლობაში.
ჩვენ არაკანონიერ , არალეგიტიმურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.
არაკანონიერი ხელისუფლებები გვყავდა და გვყავს, არაკანონიერ არჩევნებს რომ ატარებენ, და რომელშიც მონაწილეობაც, მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, უკანონობაა და სისტემური დანაშაულის გაპრავებაა.
ჩვენ არაკანონიერი კანონებით და 1995 წელს მიღებული არაკანონიერი კონსტიტუციით ვცხოვრობთ, ფიქციური სახელმწიფოებრიობით და მოჩვენებითი დამოუკიდებლობით, და ამ ქვეყანაში საზოგადოებას არავინ არაფერს ეკითხება.
და ეს ყველაფერი იმ მკვლელობით დაიწყო.
მკვლელობით, რომელიც დიდი ხანია მზადდებოდა.
სისტემას არ აწყობს სიმართლე.
ამიტომაც, “ვერ” კი არა, “არ” იძიებდა ამ საქმეს არც ერთი ხელისუფლება,
და დღესაც რომ ყველა, პოზიციაც და ოპოზიციაც გამსახურდიას სახელს იფარებს ფარად, რატომ არავინ ცდილობს დააჩქაროს გამოძიება?
რომელიმე მხარემ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება?
რომელიმე პოლიტიკოსმა ერთი სიტყვა მაინც თქვა?
დიდი შემრიგებელი “მეხუთე” პრეზიდენტი რატომ არ იწყებს დიდ შერიგებას პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიებით?
არ მოაფიქრდა?
ან რატომ არ იღებს ამ თემაზე ხმას “მესამე” პრეზიდენტი სააკაშვილი, არ აწყობს?
რა მესამე პრეზიდენტი, მესამე არა ისა, კიდე..
ხო, რატომ დუმს “მეორე” პრეზიდენტივით?
შევარდნაძე საერთოდ არც იყო სახსენებელი, და საერთოდ უხსენებელის სახელით უნდა შევიდეს ისტორიაში.
და “მეოთხე” პრეზიდენტი?
გვყავდა კი საერთოდ მეოთხე, ან მეხუთე გვყავს?.
ამ ქვეყანას მხოლოდ ერთი კანონიერი პრეზიდენტი ჰყავდა, და მის შემდეგ ტყუილად ნუ ინომრავს თავს ნურავინ!
სისტემას დღესაც არ აწყობს სიმართლე, რადგან ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება ნიშნავს ასობით იმ მედროვის ლუსტრაციას, ქვეყნის მართველობაში რომ ღებულობდა მონაწილეობას მაშინ და ახლაც ღებულობს,
იმ ადამიანების მხილებას ყაჩაღური ბიზნესით ხალხს რომ ძარცვავდნენ მაშინაც და ახლაც ძარცვავენ ,
იმ აგენტურის მხილებას, რუსეთს და ამერიკას რომ ემსახურებოდა მაშინაც და ახლაც რომ ემსახურებიან,
ამ ადამიანებზე და მათ მემკვიდრეებზე იდგა და დგას ახლაც სისტემა, ეს ხალხი უჭერდა და დაუჭერს მხარს ყოველთვის ძალადობას, დაუჭერს მხარს ყველა მთავრობას, ვისაც კი ხელს აძლევს ტყუილი.
დიდი სიცრუე უნდა დამთავრდეს, არ შეიძლება ასე იცხოვრონ მთელმა თაობებმა.
აი, ამიტომ შიმშილობდა მაშინ ცოტნე, და არა იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდია მამამისი იყო,
ყველა ხელისუფლების დროს ომობდა ცოტნე, და რა მიიღო სამაგიეროდ?
4 წელი გავიდა მის შემდეგ.
და მერე, რა,?
მაშინდელი ძალისხმევა, ისევე როგორც სხვა უამრავი შრომა და ომი სიმართლის დასადგენად, ჩაეყრება ცოტნეს წყალში, თუ დარჩენილ წელიწადში ზვიად გამსახურდიას საქმე არ იქნა გამოძიებული.
სიმართლე უნდა გაირკვეს, თუ გვსურს საერთოდ, სისტემური ცვლილებები რომ დაიწყოს, და საერთოდ ქვეყანა ქვეყანას რომ დაემსგავსოს.
და არა აქვს მნიშვნელობა ვის რა დამოკიდებულება აქვს ზვიად გამსახურდიას პიროვნების მიმართ, სიმართლის დადგენა ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს.
სიმართლე უნდა გაირკვეს!
თუნდაც იმიტომ, რომ მომავალში მაინც, ვისაც მართლაც გულწრფელად უნდა ქვეყანას ეშველოს, რომ ვეღარ მოკლან!

.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა