
“სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება”…
ამ სიტყვების მთქმელი ასი წლის წინ, 1917 წელს დაბრუნდა სამშობლოში.
დაბრუნდა და ორი ეროვნული დივიზია შექმნა.
დასავლეთიდან თურქები და გერმანელები გვიტევდნენ, ჩრდილოეთიდან – რუსი ბოლშევიკები და დენიკინელები, აღმოსავლეთიდან – აზერბაიჯანელი მუსავატები, სამხრეთიდან – სომეხი დაშნაკები.
ქვეყანა ოთხივე მხრიდან დასაცავი იყო.
ეს არის ადამიანი, ვინც ყოველივე ეს შეძლო.
ვინც 1918 წელს აჭარა გაათავისუფლა.
ვინც თეთრგვარდიელებისგან გაწმინდა აფხაზეთი, სოჭის და ტუაფსეს ჩათვლით.
ადამიანი, რომელმაც დაუმტკიცა ყველას, რომ როცა ერთიანობაა, დამოუკიდებელ საქართველოს თავის დაცვა შეუძლია ნებისმიერი მტრისგან.
კიდევ გავიმეორებ – დაუმტკიცა ყველას, რომ როცა ერთობაა, პატარა, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოს თავის დაცვა შეუძლია ნებისმიერი მტრისგან.
და არა აქვს მნიშვნელობა დროს, და არა აქვს მნიშვნელობა საუკუნეს, და არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის მტერი, და არა აქვს მნიშვნელობა რითი ომობ, მშვილდისრით, ხმლით, თუ ტანკით,
როცა ერი და ბერი ერთია – პატარა ქვეყანაც იმარჯვებს განუზომლად მრავალრიცხოვან მტერზე.
ეს მან მრავალჯერ დაამტკიცა.
ეს არის ადამიანი, ვისაც სომხეთ-საქართველოს ომის დროს ერევნის აღების თავიც ჰქონდა, საქართველოს მენშევიკურ მთავრობას უკან რომ არ გამოეძახა…
ეს ისტორია გამეორდა 1921 წელს, როცა საქართველოში შემოსული რუსეთის მე -11 არმია დაამარცხა და საბოლოო განადგურებისგან ეს არმია ისევ საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ იხსნა.
ადამიანი, ვინც ემიგრაციაში არ გაყვა მთავრობას და უკვე საბჭოთა ხელისუფლების დროს მეორეჯერ გაათავისუფლა აჭარა.
ადამიანი, რომელიც სამი ხელისუფლების დროს იცავდა ქვეყანას და სამივე ხელისუფლებამ მტრად და მოღალატედ გამოაცხადა.
და ბოლოს დახვრიტეს კიდეც.
ადამიანი, რომლის საფლავი უცნობია…
ადამიანი, რომელიც ბოლოს ისეთი ქანდაკებით გაიხსენეს, რომ ჯობდა, არ გაეხსენებინათ.
ადამიანი, რომელის სახელს მუნჯიც უნდა ამბობდეს და რომლის სახელი ყრუსაც უნდა ესმოდეს ამ ქვეყანაში.
უნდა ამბობდეს,
უნდა ესმოდეს,
რათა ირწმუნოს, რათა დაიჯეროს, რომ შეიძლება ბრძოლა წააგოს, მაგრამ როცა ქვეყანას იცავ, და როცა მართალი ხარ, როცა არ ჩერდები, როცა არ ნებდები, საბოლოოდ ომს მართალი და ღირსეული იგებს.
ამის მაგალითი არის, ამის მაგალითი გვყავს,
საქართველოს ეროვნული გმირი,
დაუმარცხებელი გენერალი –
გიორგი მაზნიაშვილი!
..
წერილებიდან “დრამატული დრამატურგია”
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
