You are currently viewing და ისევ მარტყოფის ომი

და ისევ მარტყოფის ომი

ახლა უკვე შეიძლება საუბარი,
წინააღმდეგობას ველოდი, მაგრამ მარტყოფის ომიდან 4 საუკუნის შემდეგ თუ ასეთ ომს გაგვიჩაღებდნენ მარტყოფის ველის გამო და ახლა უკვე ქართველები, ვერ ვიფიქრებდი მართლა.
ჯერ კიდევ წინა წლის მაისის თვიდან, მას შემდეგ რაც მარტყოფის ველზე დასახლების პროექტზე დავიწყეთ ინფორმაციის გავრცელება ტელეფონის გათიშვას ვერ ვასწრებდი, რომ ახლა უკვე სხვა რეკავდა, და კითხვებით, ვინა ხარ, და რა გინდა და ასე იაფად რატომ გავცემთ ნაკვეთებს, როცა ახლომახლო ფართები ორმაგ და სამმაგ ფასებში იყიდება.
და მეც ვიჯექი და ალალად ვუხსნიდი, რო მიწა ჩვენი არაა, რომ პირდაპირ მესაკუთრეებზე გავედით, და რომ ველზე დასახლების მსურველთა ჯგუფს ვადგენთ, რომ იქ ქართველი დასახლდეს და უცხოელს არ ჩაუვარდეს ხელში,
ხო, იქამდე ვუხსნიდი, რას ვაკეთებთ და რატომ, სანამ არ მივხვდი, რომ უმეტესობა ამათგან მიწის მაკლერი იყო.
ამას მივხვდი მაშინ, როცა რაიონის გამგებელთან საქმეების დალაგებაზე დამიწყეს საუბარი, და გადაფორმებაში დახმარებაზე.
ერთმა და ორმა ტერიტორიაზეც გამაყვანინა თავი, მიწის სანახავად, და ადგილზე დამიწყო ვაჭრობა, ხალხი თუ უკვე გყავს, საბუთებს ეგრევე გაგიკეთებთო.
მეთქი, მადლობა, ჩვენ თვითონ, იუსტიციის სახლი და ეგაა მეთქი.
ნუ, გადაფორმებამდე ველზე დასახლების მსურველთა ჯგუფი იყო შესავსები.
ეს მართლა ძალიან რთული პროცესი იყო,-
ინფორმაციების გავრცელება, ახსნები, შეხვედრები, ტერიტორიაზე გასვლა, და ათასი რამ, კიდევ.
მაკლერები მე კი შემეშვნენ, მაგრამ როგორც მერე დავადგინე მიწის მესაკუთრეებს დაუწყეს ზეწოლა, იმის გამო, რომ ჩვენთან შეთახმდნენ, და მათგან განსხვავებით საკმაოდ იაფად გვაძლევდნენ მიწას.
მეპატრონეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ერთი-ორი თვე გაუძლეს მაკლერების შემოტევას,
მაგრამ ახლა სხვამ და სხვა მხრიდან გამოილაშქრა მარტყოფის ველისკენ,
ამჯერად ცუდი სამსახური სწორედ ჩვენმა აქტიურობამ გაგვიწია, რადგან ჩვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოყვარესთან ერთად, მტერი და ვიგოდნიკიც კითხულობს.
ჩვენს წინააღმდეგ ეს ახალი ფრონტი უკვე ათ მთავრობაზე გადამხტარი ნაპარლამენტარისგან გაიხსნა, ყოველ არჩევნებში რომ ღებულობს მონაწილეობას, და ნებისმიერი თემა პოლიტიკური ქულებისთვის რომ ჭირდება,
აღმოჩნდა, რომ ჩვენი ინფორმაციები მასთანაც მივიდა, და შესაბამისად მანაც მაინცდამაინც მარტყოფის ველს დაადგა თვალი, და მისი სასტავი გასულა კიდეც რამდენიმე იქაურ მაკლერზე.
ხაზს ვუსვამ, მაკლერებზე გავიდა, აბა, ჩვენსავით სოფელ-სოფელ ხომ არ ივლიდა და პირდაპირ მეპატრონეებს ხომ არ დაუწყებდა ძებნას ამოდენა პოლიტიკოსი.
და მაკლერებმა რა ქნეს?
ცხადია, დაინტერესება რომ დაინახეს კიდევ უფრო ასწიეს მიწაზე ფასები,
ეს ამბებია, და ერთი თვის წინ წინ ტელეფონმა დარეკა,
მეცნიერებათა აკადემიიდან შემეხმიანა ნაცნობი, გუჯაო, აკადემიაში მარტყოფის ველის პროექტის განხილვააო, და მე მეგონა შენ პროექტზე იყოო საუბარი.
მეთქი, აკადემიაში არაფერი შემიტანია, არაფერი ვიცი მეთქი.
აღმოჩნდა, რომ მეცნიერთა ერთი ჯგუფი ცდილობს რომ მთავრობამ გამოყოს თანხები მარტყოფის ომში გამარჯვების აღმნიშვნელი დიდების მემორიალის აღსამართავად.
აი, ეს კი კარგი საქმეა მართლაც, დიდებული საქმეა მართლაც, საჭირო საქმეა მართლაც, და ამ საქმეში აუცილებლად ჩავერთვებით ჩვენც.
მემორიალი მართლაც საბოლოოდ ჩაუქრობს ნებისმიერ უცხოტომელს მარტყოფის ველზე დამკვიდრების სურვილს,
მაგრამ სახელმწიფომ ამ საქმისთვის ჯერ მიწები უნდა გამოისყიდოს თვითონ გლეხებისგან, ხო?
და შემდეგ მემორიალის ასაგებად თანხები ცალკე თემაა, და ამ ყველაფერს მილიონები სჭირდება, და ვეჭვობ ამისთვის მთავრობამ თანხები ამჟამად გამოჰყოს, მაგრამ რა თქმა უნდა ვეცდებით მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ამასაც მივაღწიოთ.
მაგრამ ეს მომავლის საქმეა, მიწები კი ახლა იყიდება ხო?,
თურქი და არაბიც იქვე ახლოსაა ჩასაფრებული.
თქვენ წარმოიდგინეთ და მემორიალის ამბებიც მივიდა მაკლერების ყურამდე, და ძნელი გამოსაცნობი არ იქნებოდა მათი შემდგომი ნაბიჯი,
დიახ, ფასები ისევ ასწიეს, რაც ნიშნავს, რომ ქართველს გაუჭირდება მათგან მიწის ყიდვა, უცხოელისთვის კი სხვაობა არაფერს ნიშნავს.
და რა თქმა უნდა, მაკლერებმა ჩვენს მეპატრონეებზეც გაახლეს ზეწოლა.
და ერთმა მეპატრონემ გამიცხადა კიდეც, თუ ამა და ამ დროში მიწას ახლა თუ არ იყიდით, სხვა კლიენტი მყავსო.
იცოდა რომ მის ნაკვეთზე ჯგუფი არ იყო ბოლომდე შევსებული, და ეცადა ესარგებლა ამით, რომ სიტყვიერი შეთანხმება ჩაეშალა.
იმ ნაკვეთზე ჯგუფი ახლაც შეუვსებელია.
პირველ ნაკვეთზე კი სულ სხვანაირად წარიმართა საქმე, მეპატრონე საერთოდ დამეკარგა, ტელეფონიც გათიშა და რომ გამოჩნდა, საბუთები ჯერ კიდევ არ არისო მზადო, იუსტიციის სახლს გადააბრალა.
წავიყვანე იუსტიციის სახლში, გავურკვიე ყველაფერი, აგვიხსნეს, თავის დროზე რომ მოსულიყო, უკვე დამთავრებული იქნებოდაო მის ნაკვეთზე საქმისწარმოება, და რომ ახლა კიდევ გარკვეული დრო უნდა საბუთების მოწესრიგებას, და ვადა სულ ერთი კვირა გვითხრეს,
გავიდა ეს ვადაც, და ნაკვეთის მესაკუთრე კიდევ დაიკარგა.
გასაგები გახდა, რატომ ითრევდა ფეხს ისიც – რა თქმა უნდა მის ყურამდეც მივიდა მეზობელი ნაკვეთების ფასები.
გავიგე მისამართი, რამდენჯერმე მომიწია მარტყოფში მასთან ჩასვლა რომ ნამუსზე შემეგდო, მეთქი სიტყვა ნათქვამი გაქვს, მსურველთა ჯგუფი 9 თვეა გელოდება, კაცი არა ხარ, და ქართველი არა ხარ მეთქი, ხო ვიცი გინდა ახლა ვიღაც თათარზე გაყიდო მეთქი ეს მიწა.
მოვახერხე, დავითანხმე, მივიყვანე იუსტიციის სახლამდე, და გადაფორმების დღეს კინაღამ ჩაგვიშალა საქმე.
მთლიანად შეცვალა ადრინდელი შეთანხმება.
მაინც გავიტანეთ ჩვენი, და ახლა შეიძლება ითქვას, რომ მართლაც დიდი ომი მოვიგეთ, რადგან
აქ მხოლოდ მარტყოფის ველზე დასახლების თემა , და უცხოელებისგან ამ ისტორიული ადგილის დაცვის თემა არაა,
ამ ველზე დიდი დასახლების შექმნით ჩვენ საშუალება გვეძლევა გავაგრძელოთ საადგილმამულოს პროექტები,-
სკოლა, პროფსასწავლებელი, სტამბა და გამომცემლობა, რადიო და ტელევიზია, პოლიტგანათლების გამავრცელებელი საზოგადოება, და შემდეგ მთავარი პროექტი – უნივერსიტეტი, და კიდევ ბევრი სხვა რამ, და ყველაფერი იმისთვის,
რომ მარტყოფის ველზე, და კიდევ საქართველოს სხვა რეგიონებში ასეთივე პროექტების განხორციელებით ადამიანური და ფინანსური რესურსის შექმნაც გახდეს შესაძლებელი,
რესურსი სისტემური ცვლილებებისთვის ბიძგის მისაცემად, ხელისუფლებებზე ზემოქმედების მექანიზმების დამკვიდრებისთვის, და საბოლოოდ პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისთვის.
საზოგადოების, რომელსაც სისტემისგან თავის დაცვა შეუძლია.
ეს უნდა გაკეთდეს, სისტემური თამაშების კიდევ ერთ 30 -წლიან წრეზე რომ არ წავიდეთ..
ილიას სახელს რომ ვფიცულობთ, ერთხელ მაინც გავიაროთ მის სიტყვაზე,
ილიას გზა ესაა, – შეგნებული, თავის დაცვის და ქვეყნის დაცვის უნარის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და ეროვნული პროექტების მეშვეობით.
ახალს კი არაფერს ვიგონებთ, 150 წლის წინ გაკვალეს ეს გზა საქართველოში.
აი, ამიტომაც იყო საჭირო მარტყოფის ველზე ომის მოგება,
და ჩვენ ეს შევძელით.
უფრო სწორედ ჯერ პირველი ბრძოლა მოვიგეთ,
პირველ ნაკვეთზე მინიმუმ 12 ოჯახი დამკვიდრდა. ჩათვალეთ, რომ ეს 12 ოჯახი მარტყოფის მცველებიც არიან, და პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახიც.
ხო, მარტყოფის ველზე ძალა უკვე არის, მაგრამ კიდევ უნდა გავმრავლდეთ.
მარტყოფის ველზე კიდევ არის ნაკვეთები, და ვისაც სურვილი აქვს ერთდროულად თავისი პირადი საქმეც აკეთოს, და საქვეყნო საქმეც, და ყოველგვარი პოლიტიკური ამბიციების გარეშე,
ვისაც სურვილი აქვს, სოფელიც აშენოს, ქალაქიც, საზოგადოებაც და ქვეყანაც და აშენოს ქართულად, – მოვიდეს ჩვენამდე.
ხო, სხვამ ილაპარაკოს, ჩვენ საქმე ვაკეთოთ.
და დაე, იყოს, ასე!
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა