You are currently viewing დიდი კანუდოსელი, დიახ!

დიდი კანუდოსელი, დიახ!

ბევრმა შეიძლება არ იცის , დოჩანაშვილის წიგნში ” სამოსელი პირველი ” აღწერილი ამბები რომ სიმართლეა, და რომ ასეთი ადგილი, – კანუდოსი – მართლაც არსებობს.
სად და სამხრეთ ამერიკაში.
ბრაზილიის ჩრდილო აღმოსავლეთით, ბაჰიას შტატის ნაწილია პროვინცია კანუდოსი.
ფართობით – 2984 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა – 13 600
კლიმატი- ტროპიკული ნახევრადუდაბნო
ტელეფონის კოდი +55 75
საფოსტო ინდექსი 48000-520
ხო, კანუდოსი არსებობს.
და მისი რეალური ისტორია ჯერ კიდევ 1822 წლიდან დაიწყო, როცა პორტუგალიის კოლონია, ბრაზილია, დამოუკიდებელი გახდა, შემდეგ კი მონათმფლობელობაც გააუქმა.
აი, ასეთი ქვეყნის სათავეში, 1889 წელს, სამხედრო ხუნტა მოვიდა.
და თავისუფლება ნაგემი ადამიანები მიხვდნენ, რომ იმ ადგილს უნდა განერიდო, სადაც ისევ მონობაში გაბრუნებენ,
და დაიწყეს ისეთი ცარიელი ტერიტორიების ძებნა და დასახლება იმ მიწაზე , სადაც აღარაფერი გაახსენებდათ ძალადობას, ბორკილებს, და დამცირებებს.
ასე გაჩნდა ბრაზილიაში , 1893 წელს, ბაჰიას შტატის ჩრდილო აღმოსავლეთით, დასახლება კანუდოსი, სულ 3 ათასი მოსახლით, და სულიერი წინამძღოლით,
სახელად, ანტონიო ვინსენტე მენდეს მასიელი,-
მეტსახელად კონსოლიერო.
დიახ, ასეთი ადამიანიც მართლა არსებობდა,
არაფერია მოგონილი.
და იმ მიწაზე არ იყო ბატონი, არ იყო გადასახადები, არ იყო კანონები, არ იყო ფული, მაგრამ იყო სახალხო თანხმობა, იყო თანასწორობა, და იყო ცოდნა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ხვალ, ზეგ, თუ ერთი თვის შემდეგ, და აკეთებდნენ ერთად, რადგან იცოდნენ, რომ ეს აუცილებელი იყო თავისუფლებისთვის.
და იზრდებოდა დასახლებაც, მოსახლეობაც, და ვრცელდებოდა მთელ ქვეყანაში ამ დასახლების ამბებიც, –
ამბავი „აღთქმულ მიწაზე,” ამბავი იქაურ ცხოვრების წესზე, და როცა ამ დასახლებიდან შორს, დიდ ქალაქში მოკალათებული, მოსახლეობის ძარცვით გამდიდრებული სამხედრო ხუნტა მიხვდა, რომ ის წესი, რაც იყო იმ პატარა დასახლებაში, შეიძლება ტალღასავით მოსდებოდა სხვა ქალაქებსაც და მათი ძალაუფლება წაელეკა, კანუდოსს 8000-იანი დაქირავებული ჯარი შეუსიეს.
სამთავრობო ჯარების სამი დიდი შემოტევა მოიგერიეს თითქმის უიარაღო კანუდოსელებმა,
მეოთხეს ვეღარ გაუძლეს.
დედაბუდიანად გადაიწვა ქალაქი, 20 000 ადამიანი გაჟლიტეს, ვინც გადარჩა რეზერვაციებში შერეკეს, და იქ ჩახოცეს, და ისე, რომ ქვეყნის სხვა ქალაქებში ამ ომის შესახებ არც არაფერი გაუგიათ.
და მერეც, 5 წლის განმავლობაში, ამ ომის შესახებ რამის თქმაც კი აკრძალული იყო.
გაივლის წლები, და ამ ტერიტორიაზე ადამიანები ისევ დასახლდებიან,- მახსოვრობა წაშლილი ადამიანები, ძალადობას შეგუებული ადამიანები.
დიახ, ადამიანები თუ გინდა მორჩილებაში გყავდეს, ისტორია უნდა დაავიწყო.
მაგრამ არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს,
კიდევ გაიარა წლებმა და ადამიანები ალაპარაკდნენ კანუდოსის დიდ ომზე, თუ როგორ ომობდნენ მათი წინაპრები თავისუფლებისთვის,
დაიწყეს საუბრები, – რადგან დასჭირდათ დიდი თავგანწირვის მაგალითები,
დაიწყეს, რადგან 1980 წელს უკვე მეორედ დამყარდა დიქტატურა ამ ქვეყანაში.
და კანუდოსმა ლაპარაკის შემდეგ წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, და ომი უსამართლობასთან, დაიწყო.
და მათ ეს ომი მოიგეს.
და თუ დღეს, ბრაზილია მანიაკი დიქტატორებისგან თავისუფალია, ეს იმ კანუდოსელის დამსახურებაცაა, ფოტოზე რომ ხედავთ,
მისი დამსახურებაცაა, რადგან რეალური მაგალითი იყო, ის, ვინც 100 წლის წინ ომობდა თავისუფლებისთვის.
ხელშეკრული, მაგრამ ჟანგუსოებზე მთელი თავით მაღლა რომ დგას,
ამ სიტყვის გინდა პირდაპირი, გინდა გადატანით მნიშვნელობით.
დიდი კანუდოსელი, დიახ !
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა