You are currently viewing დიდი მუხრანი

დიდი მუხრანი

კი ვთქვი ერთხელ,
ჩემი ნება რომ იყოს, კალენდარში ზოგ თარიღს სახელს დავარქმევდი მეთქი,
მაგალითად, – 10 აპრილი, 11 აპრილი, და შემდეგ კი..
ხო, 12 აპრილს მისი სახელი უნდა ერქვას.
რატომ?
რატომ და გამოთქმა, ” ხელოვნება ხელოვნებისთვის,” ეს უნიჭოების მოგონილია,
ხელოვნება უნდა იყოს იდეოლოგიური იარაღი, და ეს რომ ასეა, აი, ამ კაცის შემოქმედებაა ამის დასტური.
შემთხვევითობა კი არა, კანონზომიერებაა, რომ წელიწადის ამ დროს დაიბადა კიდევ ერთი დონ-კიხოტი, ყველაზე დიდ ბოროტებას , გულგრილობას რომ ებრძოდა.
და საერთოდ მართლაც კანონზომიერებაა, გულგრილობასთან გენიალურად და სიტყვით მეომრების, – მწერლების, პოეტების, ხელოვანების უმრავლესობა, სწორედ გაზაფხულზე რომ მოევლინენ სამყაროს.
რადგან სწორედ იმ დროს, როცა ბუნება იღვიძებს, და როცა სისხლი ახლდება, შეუძლებელია დარჩე გულგრილი.
და შეუძლებელია არ იყო წინასწარმეტყველიც.
როგორ თქვა?,
და სულ ახალგაზრდამ თქვა,
” მე მჯერა, მოვა კაცი, პოეტი, დაანთებს ხანძარს, შეაზანზარებს მთებს, რომლებიც დგანან და ელიან.
მის ხმაზე დაიძრებიან მყინვარები, მდინარეები და სმენად მოვიდიან კაცნი და მხეცნი, – მე მჯერა!”
თქვა ეს და მაშინ არ იცოდა არც თვითონ და არც სხვამ, რომ თავისთავზე ლაპარაკობდა..
და აუხდა კიდეც,
და არც არავინ იყო მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიაში მასავით მებრძოლი , და მასავით მოწოდებითი,
იყო მეომარი და თავზე დაამხო მედროვე კლასიკოსებს მათი მხოლოდ საკუთარ თავზე მკვნესარე , თუ ძლიერთა მაამებელი სიტყვა.
ეს მან გადააქცია ლექსი მათრახად, და ჩააყენა ქართული რითმა ქართულის სამსახურში,
მაგრამ არასოდეს გაუხდია მუზად ვინმე კონკრეტული ნაგავი, არ მიუყენებია რითმისთვის შეურაცხყოფა ვინმე მედროვის გვარსახელის ხსნებით , არ დაწვრილმანებულა ასე, – მისი სამიზნე გულგრილობა იყო.
ეს მან გამოიტანა ლექსადწყობილების სათაურებად
” საბა “,
” სხვისი მისაბაძი რა მჭირს “,
” შენ სისხლო ჩემო “,
” მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა “,
” ვითარცა მტკვარი “,
” იარონ “
გამოიტანა და შეალეწა სახეში გულგრილობას.
იყო, ყველაფერი იყო, ხალხის სიყვარულიც, მიმდევრებიც, ღალატიც იყო, ვითომ შემოქმედებითი მივლინებაც, სინამდვილეში კი გადასახლება , იყო ტყვიებიც, უსამართლობა, იყო დაუნახაობა, დაუფასებლობა, და ათქმევინეს კიდეც..
” ღამეს დაიფრენს, ვიცი მზის სახრე,
შეენარცხება ტოროლა ცისკარს…
გაარჩევს კია როსმე ეს ხალხი
მთხლესა და ოქროს ერთმანეთისგან? “
ხო, ათქმევინეს, მაგრამ, იცოდა ისიც, თუ დღეს არა, და
თუნდაც ასი წლის შემდეგ, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც, თუ შენი ნათქვამი სიტყვა მოანდომებს იგივეს თქმას, რაც თქვი, და იგივეს კეთებას რაც აკეთე, ტყუილად არ გიცხოვრია მაშინ,
ადამიანი ხარ მაშინ, კაცი ხარ მაშინ და გაუმარჯოს ყველა იმ კაცს, ვინც ასეთი სიტყვის თქმაში და ასე საქმის კეთებაში ნახულობს კაიფს..
ხო, 12 აპრილს, მისი სახელი უნდა ერქვას, – დიდი მუხრანი!
.
წერილებიდან “დრამატული დრამატურგია”
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა