You are currently viewing დიდი, ხარ, მეფეო

დიდი, ხარ, მეფეო

ვინ აღარ ისაკუთრებს ილიას,
და რომ დიდია, და მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რომ მოღვაწეობდა მთელი 32 წელი, ამის უპირობოდ აღიარების ერთგვარი ფაქტია ისიც, რომ დღეს, საუკუნის შემდეგ, ყველა მის სახელს იყენებს ფარად,
მის სახელს ეწებებიან დღევანდელი ფსევდოკონსერვატორი რუსეთუმეებიც და მარქსიზმის, ანუ, მსოფლიო კომუნიზმის მოძღვრების მემკვიდრე თანამედროვე გლობალიზმის მსახური ფსევდოლიბერალებიც.
დიახ, სწორედ ისე, როგორც გამსახურდიას სახელს იყენებს ფარად ახლა ნაციც და ქოციც, და ყველა ჯურის ხელმოცარული პოლიტნაგავი, და სისტემურ სუფრასთან თავისი ადგილის დაკავების მოსურნე ფესვდოეროვნულებიც.
და სიმართლე სად არის? რა თქმა უნდა ფაქტებში, და ლოგიკაში.
ვინც ილიას რუსეთუმედ მიიჩნევს, საერთოდ გაგებაში არ არის ისტორიის, და საერთოდ ლოგიკაშიც და აზროვნებაშიც უჭირს, რადგან სხვა მოცემულობას რომ თავი დავანებოთ, ვერ აანალიზებს რატომ მოკლეს ილია სწორედ სოციალ – დემოკრატებმა,
იმ პარტიის წევრებმა, რომელიც რუსული სოციალ- დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი იყვნენ, და საქართველოსაც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის იმპერიის სივრცეში განიხილავდნენ, და მათი ბრძოლა მეფის რუსეთთან მხოლოდ და მხოლოდ ავტოკრატიული სისტემური ქვაბის მარქსისტული საღებავით გადაღებვას ემსახურებოდა.
სწორედ იმიტომ მოკლეს ილია ეროვნული თვითგამორკვევის იდეოლოგი რომ იყო, სწორედ ამიტომ გაყიდეს მრავალჯერ სოცდემოკრატებმა და შემდეგ საბოლოოდ მენშევიკებმა დამოუკიდებელი საქართველოც, რადგან მუდამ რუსეთის ნაწილად მიიჩნევდნენ თავს.
და სისტემური ქვაბის შიგთავსის შეცვლაზე არც არასდროს უფიქრიათ.
სწორედ ისე, როგორც დღეს, ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლებას არც უცდია შეეცვალა ის ბოლშევიკური სისტემა, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დამკვიდრდა ამ ქვეყანაში და ერთნი ახლა ისევ რუსეთის იმპერიისკენ მიგვერეკება, მეორენი დასავლური გლობალიზმისკენ, რაც რა თქმა უნდა, ერთი და იგივეა.
ხო, ილიასთან მიმართებაში მართლაც მარტივი გასაგებია ყველაფერი, რადგან ყველაფერი ხელისგულზე დევს,
ამიტომ მოდით ამ წერილით ახლა ერეკლე მეფის ბრძოლის გზას გავყვეთ ლოგიკით, და მოკლედ, რადგანაც მასზეც სხვა დროს უამრავი სტატია მაქვს გამოქვეყნებული,
და თუ ვინმეს სიმართლის გაგება უნდა, ყოველთვის მონახავს საშუალებას სიმართლემდე მისასვლელად, და ვისაც არა, – ის მუდამ მონახავს მიზეზს, ამ სიმართლეს თვალი აარიდოს.
ხო, იმ იძულებით ნაბიჯზე, რომელიც ერეკლე მეფემ გადადგა, ბევრჯერ ვისაუბრე.
მე რა, 300 წელი ამ თემებზე კამათობდნენ საქართველოში, რამდენად მართებულად მოიქცაო მეფე,
და ჩემი აზრით, სულ ტყუილად ასკდებოდნენ ერთმანეთს.
და საერთოდ მართლა უაზრობაა, სამი საუკუნის წინანდელ ამბებს დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვარჩევთ „ჭკვიანური“ სიფათებით.
ან რა სჭირს მეფე ერეკლეს საქმეებს ჩვენი გასარჩევი.
არც შეცდომა მგონია მე მისი ნაბიჯი, მაგრამ არც სამუდამო გადაწყვეტილება.
ვფიქრობ ჩვეულებრივი, რიგითი და დროებით მანევრი იყო დიდი და გადამწყვეტი ომის წინ, ერეკლე რომ ემზადებოდა შიიტების წინააღმდეგ.
სხვანაირად ვერ გაარყევდა რუსს.
ხელი მოუწერა მას შემდეგ რაც უარი მიიღო წერილზე, რომის პაპს და დასავლეთის მეფეებს რომ გაუგზავნა და სამხედრო დახმარებას ითხოვდა.
თავის გეგმაზე, მომავალ ომსა და ერთიან სტრატეგიაზე საუბრობდა იმ წერილში ერეკლე.
“თურქთა წინააღმდეგ ომს გამოვაცხადებო.. მართალია, სპარსეთისგან უფრო თავისუფალი ვარო, მაგრამ შიიტების გამუდმებულმა შემოტევებმა გამწყვიტაო წელში. გადამწყვეტი ბრძოლისთვის ავსტრიის იმპერატორისგან ვითხოვო ორ შენაერთს, ორს – საფრანგეთისგან, ერთს – სარდინიისგან, ერთს – ვენეციისგან, ჯარის სახით.
ვითხოვო, ასევე, პაპის შუამავლობას ზემოხსენებულ ხელისუფლებთანო.
სანაცვლოდ ამ მეფეებსა და მთელ დასავლეთს ვპირდებიო ჩემს სამსახურს“.
ეს წერილი მეფე ერეკლემ რომის პაპს 1783 წლის 19 მარტს დაუწერა.
თარიღს დააკვირდით, დასავლეთს მიმართა პირველ რიგში ერეკლემ და დასავლეთის უარიდან 3 თვის შემდეგ შედგა გეორგიევსკის ხელშეკრულება, 1783 წლის 24 ივლისს.
ერეკლე თავის გეგმას მიჰყვებოდა.
დიდი ომის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ეს და როგორც მოუწერა, ისე გააწერდა…
ასეთი შეყრა და გაყრა ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო მაშინდელ მსოფლიოში.
და გაეყრებოდა კიდეც რუსს, რომ დაცლოდა.
ამის დასტურად ეს მონეტებიც გამოდგება.
მარცხნივ, გეორგიევსკში ხელმოწერის შემდეგ, 1783 წლის მერე მოჭრილი ფულია, რუსული ორთავიანი არწივის გამოსახულებით,
და მარჯვნივ 1796 წელს, კრწანისის ომის შემდეგ მოჭრილი მონეტა, ცალთავმოგლეჯილი არწივით.
არწივს კი არა, ქათამს რომ დაამსგავსა ერეკლემ.
თავმოგლეჯილი არწივის დადება მონეტაზე ომის გამოცხადების ტოლფასი იყო მაშინ.
კრწანისის შემდეგ ერეკლე მეფეზე მეტი რუსთამოძულე არც იყო საქართველოში და მართლაც რომ დაცლოდა, არწივთან ერთად ბევრი რუსის თავიც დაგორდებოდა ქართულ მიწაზე.
რა შეცდომა და გადაცდომაზე ვსაუბრობთ, ერეკლემ განა არ იცოდა, რომ რუსი მაინც შემოვიდოდა საქართველოში და ადრე თუ გვიან, ყველა ვარიანტში მოუწევდა რუსეთთან ომი?
იცოდა, თორემ რუსის ქვეშ ყოფნა რომ ნდომოდა, პირველ რიგში დასავლეთს კი არ მიმართავდა.
და მიტომაც მიმართა უპირველესად დასავლეთს, მისი დახმარებით რომ სურდა თავი დაეცვა სპარსეთისგანაც და რუსეთისგანაც.
ხო, ასე ვფიქრობდი ადრეც და ასე ვფიქრობ ახლაც.
და წაიღეთ ეს მონეტები და ააფარეთ თვალებზე როგორც რუსეთუმეებს, ისე დასავლეთელებს და იქნებ დავამთავროთ ეს თემაც, ასობით უამრავი პრობლემის გადასაფარად რომაა დღეს ამოქექილი და შემოგდებული. და შემოგდებული ისევ – რუსეთუმეებისგან.
დიდი ხარ, დიდი, მეფეო, თუკი სამასი წლის შემდეგაც შენი ქმედებების აზრის მისაკუთრებით ცდილობს საკუთარი სიმართლის მტკიცებას ქვეყნის მტერიც და მოყვარეც..
,
გაზეთი ” საადგილმამულო” #6
12 დეკემბერი. 2022 წელი.
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა