You are currently viewing დროა, მოიქნიო ნაჯახი.

დროა, მოიქნიო ნაჯახი.

ვიცი, სტერეოტიპს დავანგრევ, იმით, რაზეც ახლა ვისაუბრებ, მაგრამ თოვლის პაპაც რომ არ არსებობს თუკი იცით, ბარემ, კიდევ ერთი საიდუმლოსაც გაგიმხელთ..
სამი მუშკეტერი და დარტანიანი დადებითი გმირები არ არიან.
ჰო, რავი, ზოგს შეიძლება მისაბაძი ჰგონია ახლაც, ის ხალხი , რომლებიც ემსახურებიან რა მეფეს, სინამდვილეში გამოდის, რომ სახელმწიფოს პაროდიული სიმბოლოს – მეფის ხუშტურების და მისი ბოზი ცოლის თავგადასავლების “გაპრავებაში” არიან მთელი რომანის განმავლობაში..
და “აპრავებენ” მიტომ , რომ თვითონაც ისეთივე შინაგანი კონსტიტუცია გააჩნიათ, როგორიც კახპა დედოფალს –
ათოსი ფილოსოფოსია, რომელსაც ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და ამიტომ სხვის მიქარვებსაც ფილოსოფიურად უყურებს,- მას თუ პირადად არ შეეხება, ჰკიდია.
არამისი დასცინის რა სამღვდელოებას, თვითონვე სურს მათსავით იოლი ცხოვრებით გავიდეს ფონს,
მუტრუკი პართოსი კუჭის გულისთვის სამშობლოს გაყიდის, ოღონდ მაშინ, როცა არავინ უყურებს.
თორე, სხვის დასანახად გმირობაზეა წამსვლელი – აპლოდისმენტები უყვარს.
დარტანიანი კი პატივმოყვარე პროვინციელია, ადგილის დამკვიდრება რომ სურს საზოგადოებაში და აქედან გამომდინარე სარგებლის მიღება.
მაშ რა მიზანი ჰქონდა ალექსანდრე დიუმას, როცა ეს რომანი დაიწერა და რა მიზანი გვაქვს ჩვენ, როცა წერილებში დრამატურგიაზე ეს მუშკეტერები შემოგვყავს?
ფრანგის მოტივაცია გასაგებია მისთვის, ვინც ამ ავტორის ბიოგრაფია იცის, და ჩვენი მიზანი კი ისეთივეა, რაც ადრე გვქონდა – დრამატურგიამ საქვეყნო საქმის კეთება უნდა მოანდომოს მაყურებელს.
სხვანაირად, უკეთესს შემთხვევაში დრამატურგია უბრალო დამტვერილი სარკეა, უარეს შემთხვევაში ანტიგმირების მშტამპავი.
ხო, ძალიან გვჭირდება მისაბაძი მაგალითები ლიტერატურაში, სცენაზე, ეკრანზე, და თუ ასეთი არ არის, ან ძველი ისტორიული სახე ვეღარ “მუშაობს”, დრამატურგიამ ახალი საინტერესო სახე უნდა შექმნას, რომ მკითხველმა და მაყურებელმა თავი მასთან გააიგივოს.
შესაბამისად, დრამატურგიამ ნებისმიერ უკვე არსებულ ნაწარმოებს ახლებური თვალით უნდა შეხედოს, და მათში ეძებოს ის მომენტი, რაც ზემოთქმულისთვის გამოადგება, ან ამ მიზნისთვის შექმნას ახალი ნაწარმოები.
აქედან გამომდინარე, არ კმარა მოუყვე ამბავი მეგობრობის შესახებ,
ახალმა ქართულმა დრამატურგიამ უნდა აჩვენოს, თუ როგორ ყალიბდება გულგრილი ობივატელი იდეურ ადამიანად.
მაშ ვინ უნდა იყოს დიუმას ნაწარმოებში სამაგალითო, და ვისი ქმედებებით უნდა დაინტერესდეს, ამ ნაწარმოების სპექტაკლად დადგმის შემთხვევაში, თეატრში მისული მაყურებელი ?
პარადოქსია, მაგრამ მუშკეტერს, ვინც უშიშრად მიდის ომში, არ ერიდება მოქნეულ დაშნას, და ტყვიას, მეგობრის და ქალის გამო, – იდეებისთვის თავის გაწირვა არ შეუძლია.
და მაშ , რატომ ვისაუბროთ სცენიდან იმაზე, რაც ქართველებმა ფრანგებზე უკეთ ვიცით?.
როცა ობივატელის გასარყევად, საქმის მკეთებელი, უანგარო გმირის წინ გამოჩენა გვჭირდება, და არა ისეთი, ვისაც სურს რო მისი გასაკეთებლი სხვამ,- მესიამ, პოლიტიკოსმა, ჩინოვნიკმა, სამღვდელოებამ, ჯალათმა,- გააკეთოს.
დიახ, უკვე ვახსენე იმ პერსონაჟის სახელი, ვისზეც უნდა დასვას აქცენტი დრამატურგიამ.
და რაოდენ უცნაურად არ უნდა ჩანდეს, ვიტყვი – დღეს, სცენაზე “ჯალათი” გვჭირდება !
მაყურებლისთვის საინტერესო უნდა გავხადოთ არა მგრძნობიერე, უდარდელი,მოქეიფე, აზიზი, პატივმოყვარე, საყვარელი ქალის გულისთვის სახელმწიფოს მტრის ხელისშემწყობი , და მხოლოდ თავისი მეგობრების დილიხორებს აყოლილი მუშკეტერი, რომელიც მის წინ მდგარ ანგელოზისახიან ბოროტებას ვერასდროს გაიმეტებს – არამედ “ჯალათი”,
საქმიანი, ცივი გონების , მოვალეობის აღმსრულებელი, ქვეყნის და ოჯახის ინტერესების დამცველი, – ჯალათი, რომელმაც მილედის თავის მოჰკვეთა.
ადამიანი, რომელიც მართალი საქმის აღსრულებაში ფულს არ იღებს, აღარასოდეს ჩადგება სისტემის სამსახურში, და თუ მომავალში, ვინმე უსამართლო საქმის კეთებას დაავალებს, მასაც მოუქნევს ნაჯახს.
დრამატურგიის მიზანიც ესაა, აჩვენოს თუ როგორ შეიცვალა სისტემის მსახური.
გავიხსენოთ, როგორ ახასიათებს დიუმა ამ პერსონაჟს, – როგორც ასკეტს, მეცნიერს, სწავლულს, და ის ასეთი უკვე იყო მუშკეტერების გამოჩენამდეც, ის უკვე მზად იყო ყოველგვარი ბოროტების დასჯისთვის.
შესაბამისად სიტყვაც “ჯალათი” უკვე აღარ უნდა გავიგოთ როგორც უბრალო ჯალათი, და უბრალო პროფესია.
სწორედ ასეთმა ადამიანმა, სწავლულმა, მეცნიერმა, ასკეტმა, შეძლო ის, რაც ვერ შეძლეს მუშკეტერებმა.
ასეთივე “ჯალათი” უნდა გახდეს დღეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ეომება ცხრათავიან ძალადობას.
მხოლოდ ასეთს შეუძლია სამართალი აღადგინოს.
და ობივატელი ასეთი რომ გახდეს, ან სურვილი მაინც რომ გაუჩნდეს, დრამატურგიამ ბოროტების ჯალათზე უფრო მეტი უნდა ესაუბროს.
დიახ, დრამატურგია თვითონაც უნდა გახდეს სისტემის ჯალათი,
დიახ, დროა, მოიქნიოს ნაჯახი დრამატურგიამ.
.
წერილებიდან “დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა