You are currently viewing ეგ არის, ხო..

ეგ არის, ხო..

“..მართალი გითხრათ, არ მომწონს მე იმათი პოზიცია, ვინც პრობლემაზე საუბრობს და პრობლემის გადაჭრის გზებზე კი არა.
წუწუნი გამოდის ეს და მოწუწუნეც თითქოს სულ სხვას ადანაშაულებს და საკუთარ თავს არა და იქნებ გამოსავალი იციან, მაგრამ ამის შესახებ არ საუბრობენ, იმიტომ რომ თუ თქვეს გზა, მაშინ ძალაუნებურად თვითონვე უნდა დაადგნენ ამ გზას, ეს კი მათ არ შეუძლიათ მიზეზთა გამო.
ამიტომ არჩევენ ამ , მათთვის ხელსაყრელ პოზას.
იშვიათად თუ ვინმე საუბრობს გამოსავალზე და საკუთარ სიტყვას კიდევ უფრო იშვიათად მიჰყვება ვინმე.
მაგრამ ვინც სიტყვას საქმედ აქცევს, ან ცდილობს მაინც ამას, და თუნდაც ათასჯერ მოეცაროს ხელი, მაინც იწყებს ათასმეერთედ, ის მაგალითი ხდება სხვისთვის და თუნდაც არ დაფასდეს მისი თანამედროვეებისგან, არც ეს აკნინებს მათ სიტყვას, რადგანაც ერთხელაც და თუნდაც ასი წლის მერე , სულ გამოჩნდება ვიღაც, ვინც ნაცარში დაიწყებს ქექვას სწორედ იმ ნაღვერდალის საპოვნელად, სიტყვის და საქმის ერთად მიმდევარის დანთებულ ცეცხლს რომ დარჩა.”
.
ოთარ ჭილაძეს სიტყვებია ეს,
და ეს სიტყვები მარმარილოს დიდ სვეტზეა ამოსაჭრელი და ქალაქის ყველა გზაჯვარედინზე აღსამართი.
რადგან ეგაა, რაც სიტყვის თქმაზე და საქმის კეთებაზე უნდა იცოდე.
მაგრამ არის ერთიც, რისი თქმაც იქნებ, მოერიდა, ოთარს.
არ უყვართ, არა, როცა შენეულ გამოსავალს დაანახებ ვინმეს,
და თუ არა მხოლოდ ამბობ, არამედ აკეთებ კიდეც, უკვე მიუღებელი ხდები უმრავლესობისთვის,
რადგან ეს შენ დაიწყე, და არა მან..,
ანდა, თუ მაინც აღიარეს, რასაც შენ ამბობ, რომ მართლაც გამოსავალია, ეს ნიშნავს, რომ იმათაც რაღაც უნდა გააკეთონ, –
ესეც კი არავის სურს,
მუდამ უნდათ, რომ სხვამ აკეთოს საქმე, და თუ საქმის მკეთებელს რაიმე შეეშალა, რომ არაფერი გამოვიდოდა, ვიცოდითო, თავიდანვეო, – იტყვიან.
თუ გამოვიდა, და ათასი მოგეწებება, მაგას ვამბობდიო, მეც.
გაფუჭებულ საქმეს არა ჰყავს ამ ქვეყანაში ავტორი, თორემ გაკეთებულს რამდენიც გინდა.
ეგ არის, ხო,
მართლაც თვითმკვლელობაა ამ ქვეყანაში საზოგადო საქმის დაწყება,
და უფრო რთული, კი ისაა, ის ქვები აიცილო, ყველა მხრიდან რომ მოდის შენსკენ,
და მართლაც ისღა დარჩა, რასაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ამბობ და მაინც აკეთებ, ფურცელზე გადაიტანო, ფურცელი დაკეცო, და ბოთლში ჩადო, ბოთლი კიდევ ზღვაში მოისროლო, იმ იმედით, რომ ასი წლის მერე , იმ ნაპირზე გარიყავს, სადაც ვიღაც ეძებს გამოსავალს.
ამ იმედითაც, აკეთებ, ხო, რასაც აკეთებ,
რადგან მიხვდი მთავარს,-
მილიონიდან ერთი შანსიც კი არ გქონდა ამ ქვეყანაზე გაჩენის, და თუ მაინც გაჩნდი, ესე იგი, იმიტომ, რომ რაღაც დანიშნულება დაგეკისრა,
რაღაც უფრო დიდი და რაღაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი,
ვიდრე, ჭამო, სვა, და საკუთარი თავი მიაცილო სასაფლაომდე.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
2017 წელი.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა