You are currently viewing ეროვნული დროშა უნდა დაბრუნდეს!

ეროვნული დროშა უნდა დაბრუნდეს!

ვიღაც ტიგინაშვილის პოსტს გადავაწყდი – ეროვნულ, სამფეროვან დროშას აგინებდა.
ისეთი დღეებია ახლა, არც მივაქცევდი მის სიტყვიერ პანოსს ყურადღებას, რამდენი ტვინგაღუნულია ამ ქვეყანზე, მეთქი, – გავიფიქრე.
მაგრამ მერე მის ინფოს ჩავხედე და თეოლოგი ვარო, უწერია, სასულიერო სემინარია დამთავრებული, მწერალიო, დისიდენტიო, თან კონსერვატორიცო, და ასეთ პასკვილს დებს შობის დღესასწაულის წინ?
გასაგები გახდა ყველაფერი.
ხო, თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტჩი 30 წლის წინ დამთავრდა, – სცდება.
კი არ დამთავრდა, 30 წელია გრძელდება პუტჩი, და ცდილობენ გასვარონ ყველაფერი, რაც ეროვნულ მოძრაობასთან არის დაკავშირებული.
მაგრამ ესეც არ არის მთავარი უბედურება, – მართლმადიდებლობის სახელით ეომებიან ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას, გვიყალბებენ ისტორიასაც, როგორც უახლესს, ისე საუკუნეების წინანდელს, და შესაბამისად ეომებიან ყველაფერს, რაც ქართული იდენტობის მატარებელი შეიძლება იყოს.
აღარაფერს ვიტყვი ამჯერად იმის შესახებ, სასულიერო სემინარია კათოლიციზმის ბუდედ რომ არის გადაქცეული, არც მისი რექტორის ზვიადაძის ” მოღვაწეობაზე” შევჩერდები, საკმარისია მის ბიოგრაფიას გადახედოთ, რომ მიხვდეთ, რაც ხდება სემინარიაში.
არც ” ხუთჯვრიან დროშაზე” ვიტყვი ამჯერად ბევრს,
მაგრამ ამ დღეებში, გამოვაქვეყნებ წერილს, თუ როდის, როგორ და რატომ დაიწყო გლობალისტების ახალი “ჯვაროსნული ომი” საქართველოში,
თუ როგორ, და რატომ შემოგვასაღეს ტამპლიერთა ორდენის დროშა სახელმწიფო დროშად,
რის შესახებ გვაფრთხილებდნენ აკაკი ბაქრაძე და გურამ შარაძე,
რა დასკვნას აკეთებდნენ ჰერალდიკის სპეციალისტები პროფესორები, აპოლონ სილაგაძე და სვიმონ გამსახურდია.
რას გვიყვებიან მე-14 საუკუნეში მოღვაწე, კათოლიკე ბერები, პიეტრო ვისკონტი და ანჯელინო დულჩერი, თავიანთი რუკებით,
როგორი იყო თამარისეული დროშა,
რატომ გააქრეს სოციალ – დემოკრატებმა პირველი რესპუბლიკის დროშიდან წმინდა გიორგი, და გერბიდან შუბით განგმირული გველეშაპი,
რატომ დაიტოვეს ქოცებმაც, ნაცების პარტიული დროშა სახელმწიფო დროშად,
და რატომ ეომება ყველა დროის ხელისუფლება და ყველა პარტია სამფეროვან დროშას,
ხო, ამ ყველაფერზე ამ დღეებში გამოქვეყნებ წერილს,
ახლა კი, უშუალოდ დღევანდელ თემაზე გადავალ, და ერთ ამონარიდს მივიტან ტიგილაშვილის, თუ ტინგლიცაშვილის ტექსტიდან.
“აქ არსებითი საკითხი ისაა რომ სამფერა დროშა არ წარმოადგენს ისტორიულ, ქართულ, სახელმწიფოებრივ ჰერალდიკას. ის არის XX საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური დიზაინი, სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის ესთეტიკური ნაყოფი და დროებითი რესპუბლიკური ექსპერიმენტის ვიზუალურად უსახური ატრიბუტი.
რაც მთავარია, მას არ გააჩნია შუა საუკუნეების ქართული სახელმწიფოს უწყვეტობა, არ აქვს ფესვი არც სამეფო სიმბოლიკაში, არც საერთაშორისო ჰერალდიკურ ტრადიციაში, სადაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში ხუთჯვრიანი ნიშნით იყო ცნობილი.
ესთეტიკურადაც ის სამფერა დროშა შეუხედავია, ეკლექტიკური და შემთხვევითი, ანუ ფერთა კომბინაცია არ ატარებს მკაფიო სიმბოლურ კოდს და ვიზუალურად არ განასხვავებს ქრისტიანულ საქართველოს ათეულობით პოსტიმპერიული რესპუბლიკისგან.”
აქ დავამთავრებ ციტატას, და დავსვამ კითხვას-
რას გასწავლიდნენ შვილო, სემინარიაში?
ნუ, კარგი, გასაგებია რასაც ასწავლიდნენ, მაგრამ ტინგლიცაშვილის იმ პასკვილის ქვემოთ უამრავი ისეთიც უკომენტარებს, ვინც წესით უნდა ერკვეოდეს საკითხში, მაგრამ აშკარად საერთოდ გარტყმაში არ არიან თემასთან, და სწორედ ასეთი უვიცობაა იმათი დასაყრდენი, ვინც მართლმადიდებლობის სახელით დევნის ჭეშმარიტად ქრისტიანულს, და ეროვნულს.
ფოტოს დახედეთ, – ზემოთ თამარ მეფის დროშაა,
ქვემოთ, – სამფეროვანი დროშა, რომელიც პირველად 1917 წლის 25 მარტს გამოჩნდა ქუთაისში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიტინგზე.
შემდეგ კი იმავე წლის 9 აპრილს მცხეთაში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებასთან დაკავშირებულ სახალხო დღესასწაულზე.
დროშა, რომელიც ეროვნულ დროშად გადაიქცა საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე,
დროშა, რომლის შექმნაში მონაწილეობა მიიღო იაკობ ნიკოლაძემ, ექვთიმე ღვთისკაცმა, და დიდმა ივანე ჯავახიშვილმა.
და ნუთუ სემინარიაში არ იციან ეს?
ნუთუ ტინგლიცაშვილს, და მის რექტორს ზვიადაძეს, და სემინარიის ” სამეცნიერო საბჭოს” უფრო მეტი ცოდნა აქვს, ვიდრე ივანე ჯავახიშვილს, აპოლონ სილაგაძეს და სვიმონ გამსახურდიას?
უფრო მეტი პატრიოტები არიან, ვიდრე ექვთიმე თაყაიშვილი, და იაკობ ნიკოლაძე იყო?
ანდა, ნუთუ არ იციან, როგორია თამარის დროშის ფერები?
ანდა რა სიმბოლიკაა ამ შავ და წითელ ფერებში- არ იციან?
და რატომ გაჩნდა საუკუნეების შემდეგ ამ ორ ფერთან მესამე, – თეთრიც?
არ იციან, რატომ არ იყო თამარის დროშაზე ჯვარი გამოსახული?
არ უკვირთ, მეფემ, რომელმაც ამდენი ეკლესია ააგო, და გაავრცელა მართლმადიდებლობა კიდით კიდემდე, დროშაზე რომ ჯვარი არ დაიტანა?
თამარ მეფეზე მეტი ქრისტიანები არიან ?
ანდა არ იციან, რომ ეროვნულ, სამფეროვან დროშასთან არანაირი ხელი არა აქვთ სოციალ -დემოკრატებს?,
არც აღიარებდა ამ დროშას კარგა ხანია ჟორდანიას პარტია, ილიას მკვლელი, ყოველივე ეროვნულის მტერი, რუსეთის სოციალ-დემოკრატების განშტოებას რო წარმოადგენდა, საქართველოს მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში რომ მოიაზრებდა, და საბოლოოდ ჩააბარა კიდეც რუსეთს საქართველო.
ეროვნული დროშა უნდა დაბრუნდეს!.
და არა მხოლოდ იმიტომ რომ ფერებით, სიმბოლური დატვირთვით, და ჰერალდიკით პირდაპირ კავშირშია ისტორიასთან და ჩვენს იდენტობასთან, – არა მხოლოდ ამიტომ.
ამ დროშით 1918 წელს აჭარა დაიბრუნა საქართველომ.
ამ დროშით გაიწმინდა თეთრგვარდიელებისგან აფხაზეთი, სოჭის და ტუაფსეს ჩათვლით.
ამ დროშით ებრძოდა საქართველო რუსის ხიშტს 1921 წელს,
ამ დროშით აუჯანყდა 1924 წელს,
ამ დროშით იცავდა ქართულ ენას 1978 წელს.
ამ დროშით იდგა 1989 წლის 9 აპრილსაც,
ამ დროშით აღადგინა დამოუკიდებლობა 1991 წელს.
ამ დროშით ომობდა აფხაზეთშიც,
და დღეს, ეს დროშა უკვე თავის მხოლოდ არსებობითაც კი ეომება ყოველგვარ ავტოკრატიას, ძალადობას, და სისტემურ დანაშაულს.
გვახსენებს, ვინ არის მტერი!
დიახ, ეს დროშა ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა, და ამიტომაც ცდილობენ დაგვავიწყონ, დაგვიკარგონ, გააქრონ!
და რა?
რამდენი ხელისუფლება მოვა ყველამ თავისი პარტიული დროშა უნდა გახადოს სახელმწიფო დროშად?
და თან ტამპლიერთა ორდენის დროშა?
კიდევ ერთხელ ვიტყვი, – დავდებ ამ დღეებში “ხუთჯვრიან დროშაზე” წერილს დოკუმენტებით, რუკებით, და გასაგები გახდება, ვინ, რატომ და რას გვასაღებს დროშად, და რა ანტისახელმწიფოებრივი მავნებლობაა ამაში ჩადებული.
ეს არ უნდა გავატაროთ,
თორემ, ერთხელ შეიძლება ისეთი მანიაკიც მოვიდეს, დროშად საკუთარ ნიფხავს რომ აგვიფრიალებს!
ეროვნული დროშა უნდა დაბრუნდეს!
უნდა დაბრუნდეს ჯერ თუნდაც აივნებზე, უნდა დაბრუნდეს ჯერ თუნდაც ქუჩებში, უნდა დაბრუნდეს აქციებზე, ღონისძიებებზე, დაწესებულებებში, უნდა დაბრუნდეს ფილმებში და სპექტაკლებში, უნდა დაბრუნდეს ჯერ ყველგან, რომ მერე საბოლოოდ დაბრუნდეს!
ეს დროშა ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის სიმბოლოა და თუ მართლაც თავისუფლება გვინდა, და თუ მართლაც დამოუკიდებლობა გვინდა, ამ დროშის დაბრუნებით უნდა დავიწყოთ!
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა