
..და რა კოდია ჩადებული ეროვნული დროშის ფერებში?
რომც არ სცოდნოდა ექვთიმე თაყაიშვილს თამარ მეფის დროშა, “ვეფხისტყაოსანიც” აჩვენებდა გზას და მიმართულებას.
დიახ, – “ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა.”
მაგრამ მხოლოდ ორი ფერი არ იყო საკმარისი ექვთიმესთვის, თავისი საკრალური მიზანი რომ აესრულებინა, და ამით ის დიდი ტვირთი მოეხსნა მხრებიდან, მთელი ცხოვრება რომ ატარებდა.
ტვირთიც, და დანაშაულის გრძნობაც, ილიას დაკრძალვის დღიდან რომ არ შორდებოდა ექვთიმეს.
არ იცის ბევრმა, სწორედ ილიას დასაფლავებაზე, ზედ გაჭრილ საფლავთან როგორ აგინეს სოციალ- დემოკრატებმა მიცვალებულს.
და როგორ გაუჩუმდა ამ დიდ შეურაცხყოფას და მკრეხელობას, იქ დამსწრე საზოგადოება, – მთელი ელიტა მაშინდელი საქართველოსი,
რომ ჩამოვთვალო მათი სახელები, საერთოდ დაგეკარგებათ წარმოდგენა ბევრ ისეთზე, კლასიკოსებად რომ არიან დღეს შერაცხულნი, და რომელთა სახელებს ახლა ქუჩები და დაწესებულებები ატარებენ.
დიახ, ის ხალხი, ილიას თანამოაზრეებად რომ ითვლებოდნენ, მდუმარედ იდგნენ და ისმენდნენ ილიას ლანძღვა- გინებას მისი მკვლელებისგან.
ერთსაც კი არ ამოუღია ხმა ილიას დასაცავად.
ილიას მკვლელებმა იცოდნენ, თუ ვინ უნდა მოეკლათ, მთელი საქართველო რომ დაედუმებინათ.
და როცა უხერხემლო თეიმურაზ ხევისთავებზე ვსაუბრობთ, არა მხოლოდ დღევანდელი, საქართველოს მაშინდელი ელიტაც უნდა ვიგულისხმოთ, ვინც სოციალ- დემოკრატებს, მაშინდელ ჯაყოებს დაუთმო მარგო-საქართველო სახმარად.
ჯერ სოციალდემოკრატებს, შემდეგ კი მათზე უარესებს, – ბოლშევიკებს.
ჭეშმარიტად, დიდი იდეები არ იწერება მისი თანამედროვეებისთვის, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ერთეულებს მაინც რჩებათ შეგნება და მოვალეობის გრძნობა, რომ ერისთვის აუცილებელი იდეა რაღაც ფორმით შეინახონ, რომ ასე მაინც მივიდეს იმ თაობამდე, ვინც მიხვდება, თუ რა უნდა გააკეთოს, და როგორ.
და სწორედ დამოუკიდებელი საქართველოს დროშა გახდა ექვთიმე თაყაიშვილისთვის ის ბოთლი, წერილის ჩადება რომ შეიძლება , რომ ერთხელაც იმ ნაპირამდე გარიყოს, სადაც ელოდებიან.
სწორედ დროშა,
რომელიც პირველად 1917 წლის 25 მარტს გამოჩნდა ქუთაისში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიტინგზე.
შემდეგ კი იმავე წლის 9 აპრილს მცხეთაში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებასთან დაკავშირებულ სახალხო დღესასწაულზე.
სამფეროვანი დროშა, რომელსაც კარგა ხანს არ აღიარებდნენ სოციალ-დემოკრატები, მაგრამ საზოგადოების ზეგავლენით, და ისევ დროშის შემქნელების დიდი ძალისხმევით, სახელმწიფო დროშად გამოცხადდა,
მაგრამ მართლაც არაფრით არ დათანხმდებოდა ნოე ჟორდანია სამფეროვანი დროშის სახელმწიფო დროშად დამტკიცებას, რომ სცოდნოდა, სინამდვილეში რა კოდი ჩადო დროშის ფერებში ექვთიმე თაყაიშვილმა, და ამით როგორ დამარცხდა ჟორდანია და მისი იდეოლოგია კიდევ ერთხელ ილიასთან ომში.
დამარცხდა ისიც, და მის შემდეგ კი ბოლშევიკებიც, როცა ილიას გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ ექვთიმეს ხელით შექმნილი, – ილიას გზავნილი,- ილიას სწავლებაზევე აღმოცენებულ, მერაბის და ზვიადის ეროვნულ მოძრაობამდე მივიდა, და შეძლო, და დამოუკიდებლობა აღუდგინა საქართველოს.
დიახ, ეროვნული დროშის ფერები შავი, თეთრი, და შინდისფერი ილიასეული ტრიადის, – მამული, ენა სარწმუნოების სიმბოლური გადატანაა დროშაზე.
უნდა ითქვას, რომ ეროვნული დროშის შემქნელებმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, იაკობ ნიკოლაძემ, და ივანე ჯავახიშვილმა, ფილიგრანულად მოახერხეს ილიას ტრიადასთან თამარისეული დროშის კოდის შერწყმა, მასში თეთრი ფერის ჩამატებით.
მოდით, თვალსაჩინოებისთვის გავყვეთ იმ “გზას”, რითიც მივიდა თამარისეული ფერთაშეხამება ილიას სამეულამდე.
თამარის დროშაზე ფერები ასეთ კოდს შეიცავს,
შავი:
ქვესკნელი,- დედამიწა, – ქვეყანა.
შინდისფერი :
სიკვდილით სიკვდილის დამარცხება,- აღდგომა,- რწმენა- სარწმუნოება.
თამარისეულ დროშის კოდს აკლდა ერთი, – თეთრი ფერი,-
ანუ, სიწმინდე, სულიერება, და სულიერების გადმოცემა.
შემაკავშირებელი რგოლი ქვეყანასთან და რწმენის მატარებელ ერთან, და ამ ფერით ეროვნული დროშის “დიდი სამეულიც” შეიკრა.
შავი:
ქვესკნელი, – მიწა, – ქვეყანა, – სამშობლო,- მამული.
თეთრი:
ზესკნელი, – ცა, – სიწმინდე,- სულიერება- სულიერების გამოხატვა, გადმოცემა, – დამწერლობა, ენა.
შინდისფერი:
სიკვდილით სიკვდილის დამარცხება, – თაგანწირვა – აღდგომა,- რწმენა- სარწმუნოება.
კიდევ უფრო რომ ჩავშალოთ დროშაზე დატანილი კოდი, შეიძლება ვთქვათ შემდეგი.
თუ ჰერალდიკის მიხედვით,
1. შავი ფერი, თუ განცდები, შრომა, ბრძოლა, ზოგადად საწუთრო, ცხოვრება და სიკვდილია, -ეს ყველაფერი მხოლოდ მიწასთან, და სამშობლოსთან შეიძლება იყოს გაიგივებული.
2. თეთრი, თუ სიწმინდეა, და სულიერება, ანუ, ზესკნელი – ეს მხოლოდ მასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რითიც გადმოიცემა სულიერება,- ანუ სიტყვასთან, და , ენასთან.
ზნეობა სიტყვით ისწავლება,
რწმენა სიტყვით გადმოდის,
კანონიც სიტყვაა,
ლოცვაც სიტყვაა,
ისტორიაც სიტყვაა,
სულიერება არ არსებობს ენის გარეშე.
ენა არის ის არხი, რომლითაც ზესკნელი „ჩამოდის“ დედამიწაზე.
3. შინდისფერი, – თუ ეს სისხლია, თუ ეს თავგანწირვაა, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ რწმენა გაიძულებს გაიღო მსხვერპლი მისთვის, რაც გწამს, და დაიცვა ის, რაც გაქვს, სამშობლოც, და ენაც,
თავი გაწირო იმისთვის, რომ იცოცხლოს მომავალმა.
და ეს ყველაფერი უფრო მოკლედ, და უფრო გასაგებად, და უფრო ნათლად გადმოსცეს დროშის შემქნელებმა და ჩვენც ასე უნდა წავიკითხოთ.
შავი – მიწა და მამული,
თეთრი – სულიერება, და ენა
შინდისფერი – რწმენა და სარწმუნოება.
დიახ, ჩვენც ასე უნდა წავიკითხოთ, და ეს ფერთა შეხამება არაა უბრალო ტრიკოლორი, ანდა რომელიმე ქვეყნის დროშის ფერთა გამეორება.
არც ერთი ქვეყნის დროშა არ გადმოსცემს, და ვერც გადმოსცემს იმას, რაც არის ქართულ სამფეროვან დროშაში ჩადებული.
სამფეროვანი დროშა წმინდა ქართული სემანტიკური სისტემაა, სადაც ფერები კოდირებულად გამოხატავენ –
1- ერის და ქვეყნის ისტორიასაც,
2- კულტურულ, და სულიერ თვითმყოფადობას,
3- და რწმენაზე დამყარებულ სახელმწიფოებრივ მსხვერპლსაც, აღდგომასაც, და აღმშენებლობას.
ამ დიდი სამეულიდან ერთიც რომ არ იყოს, ერი აღარ იქნება ერი, და ქვეყანაც აღარ იქნება ქვეყანა.
სამფეროვანი დროშა ის კოდია, რომელშიც ერის, არსებობისთვის აუცილებელი ალგორითმია ჩადებული, და ეს დროშა უნდა დაბრუნდეს.
ჯერ დროშა უნდა დაბრუნდეს ქუჩებში, ორგანიზაციებში, დღესასწაულებზე, ღონისძიებეზე, ფილმებში, სპექტაკლებში, რომ საბოლოოდ დაბრუნდეს, და ქვეყანაც რომ დავუბრუნოთ.
“როგორც იქნა ილიას სიტყვის ქვეშ, ახლა, მთელი საქართველო დადისო” – იტყვის ექვთიმე თაყაიშვილი, სამფეროვანი დროშის სახელმწიფო დროშად გამოცხადების შემდეგ,
და დიახ, ილიას სიტყვაზე, და ილიას დროშის ქვეშ უნდა იაროს საქართველომ დღესაც.
და, დაე, იყოს, ასე!
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.