
ადე, ბებერო, თორემ ხედავ, ბერდება დილაც ,
ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი ქუჩით ხმაურობს,
ეწყინა, ვატყობ – მივატოვეთ,- ხო, სწყინს, ნამდვილად,
ფიქრს რომ ვკითხულობთ, ამ სუფრასთან, უსათაუროს.
..და ეს მაგიდაც, სკამიც , ბოთლიც, მუნჯს ჰგავს, და, უთქმელს,
გველოდებოდნენ? – ( ჰეე, ლოთები, ალბათ, ვეგონეთ,)
აგე, მომესმა?, – “ვერ არიანო”, – ერთმანეთს უთხრეს.
უკვირთ, ხო, – არ ვსვამთ, დილის დარდი გამოვიგონეთ.
ისიც სულ იყო, განა არა?, – ჩვენ არ გვეცალა,
დარდს რო მისდიო, რა დაგრჩება, გაკეთებული,
ეს უდღეური დღეც რამდენი გარდაიცვალა,
რო გვეგონა, და, არც ყოფილა გათენებული.
ადე, ვასილიჩ, დავემსგავსეთ უძვლო სახაშეს,
და უპასუხო კითხვის წვერიც ჩაგვთლის ადვილად,
მონოლოგების თქმით მარილსაც გადავამლაშეთ,
ადე, ერთად ვთქვათ, – მარტოდთქმულით, გაიქცა დილა.
დილა, ოოვ, დილავ,..
არ გეგონოს, მართლა დავბერდით ,
ნაბახუსევზე “ყოფნა-არყოფნით”, თუ გამოვედით.
შენ არ იდარდო,
ხვალ, ისევ, მოვალთ..
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)