
ლექსის წერით რომ ვერავის გააკვირვებ ამ ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე წერაატანილს თავი გალაკტიონი ჰგონია,- ეგ ვიცი.
მაგრამ პირადად ჩემთვის ლექსადწყობილი, და საერთოდ ლიტერატურა, და კიდევ თეატრი, – კაიფია.
ხო, კაიფია, და ახლა უკვე თერაპიაც გახდა, -ანუ, წამალიც, ექიმიც და ნებისმიერ სხვა დანიშნულებაზეც უკეთესი.
ხო, დაკვირვებული ვარ, როცა არ ვწერ, ან სპექტაკლზე არ ვმუშაობ, და როცა დიდი ხნით გრძელდება ეს იძულებითი პაუზა, და რაღაც სულ სხვა რამეს ვაკეთებ,- მაშინ ვხდები სწორედ ავად, და მაშინ მეწყება პრობლემები.
და პირიქით, – როცა ავად ვარ, სწორედ წერით გამოვდივარ მდგომარეობიდან, და აშკარად უკეთ ვგრძნობ თავს, ნუ, იმ მომენტში მაინც.
ხო, რა, – მიმიქარავს ამასთან ყველა ტკივილგამაყუჩებელი.
ამიტომაც დავიწყე ისევ ასეთი “ჰაქიმობა” საკუთარი თავის.
ანუ, შეგროვება, ჩასწორება, გათლა, გაშალაშინება, და გამოსაცემად მომზადება იმ დიდი მასალის, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა,
ჩემი სხვა ახალი წიგნის – “დრამატული დრამატურგია” – თაობაზე კი დავდე უკვე ინფო, რომ მაისისთვის იქნება, მეთქი, მზად,
აი, ეგ კი, ეს ლექსების კრებული ” ვინც არ არის დამალული” უკვე დაიბეჭდა, – დიახ.
და ზემოთ გაკვირვება ვახსენე და სხვისი არ ვიცი, მაგრამ ამ კრებულზე მუშაობის პროცესში ორი ადამიანის გაკვირვება ნამდვილად მოვახერხე, და იმ ორიდან ერთი ისევ მე ვარ, ხო, –
რა კაიფი იყო ასეთი, ეს 300 ლექსი რომ დამაწერინა.
და მით უმეტეს, იმ მეორე ადამიანზე რამ იმოქმედა, ასეთი საჩუქარი ვინც გამიკეთა, არ ვიცი ღმერთმანი.
დიახ, ეს წიგნი – მაჩუქეს,
დიახ, ეს წიგნი, ჩემი ლექსებით სავსე, თუ ცოდვებით სავსე წიგნი, სავსე საკუთარ თავთან , თუ სხვასთან გამუსაიფებით, და უცხოელი კლასიკოსების შემოქმედების თარგმანებითაც სავსე – მაჩუქეს,
და რადგან მაჩუქეს, და რადგან სიკეთე გასცეს, მეც მინდა იმრავლოს სიკეთემ, და სხვებთანაც მივიდეს,
დიახ, მეც მინდა გაჩუქოთ ნაჩუქარი.,
მაგრამ რადგანაც სულ 30 ცალი დაიბეჭდა, მეც მხოლოდ იმ ხალხისთვის შემიძლია ჩუქება, ვინც გასულ წელს, ჩემთვის ყველაზე რთულ პერიოდში დამიდგა გვერდით.
და ვისთვისაც არის ჩემი სიტყვა, თუ ჩემი არსებობა მნიშვნელოვანი.
თორე, ვინც თვალი ამარიდა, იმას ან მე რად ვუნდივარ, ან ჩემი ლექსი, რად უნდა, ხო?.
დიახ, ყველანი მახსოვხართ, ისეთებიც, და ასეთებიც.
და ამიტომაც, ვინც ჩემიანად გრძნობთ თავს, და რაც მთავარია, არ იმალებით, როცა ხედავთ, რომ ადამიანს სჭირდებით,
და არ იმალებით, არა მხოლოდ ჩემთან, არამედ ნებისმიერთან,
და რადგან, შეგიძლიათ უწამლოთ ადამიანს საქმით, ან კეთილი სიტყვით მაინც,
მეც მინდა სამაგიერო გადაგიხადოთ,
და ვიცი, აქ რაც არის, ამ წიგნში, ძალიან ბევრი ამოიცნობთ საკუთარ ემოციებს, და ისეთს, თქვენც რომ გისაშველებთ.
და ეს რომ მოხდეს, ამიტომაც მოგწერთ და სათითაოდ,
დიახ, ოცდაათივეს სათითაოდ დაგითქვამთ პაემანს, – ადგილს, დღეს და საათს, და დიდი მადლობით, და ხელწერით, აი, ამ წიგნს გადმოგცემთ საჩუქრად ,
და იმისგან, სწორედ იმისგან,
თქვენსავით “ვინც არ არის დამალული”.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)