ვინ არის ინტელიგენტი?
(წერილი პირველი)
.
ხო, ასეთი კითხვა დავსვი ორი დღის წინ,
და “ინტელიგენეტი არ იგინება, და არ ჩხუბობსო”, და წიგნის ჭიადაც რო გამოიყვანა უმრავლესობამ, არ გამკვირვებია, რადგან გასაგებია, საიდან მოდის ასეთი სტერეოტიპი.,
მართალი გითხრათ, უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის პასუხები კითხვაზე, –
“მიგაჩნიათ, თუ არა საკუთარი თავი ინტელიგენტად”, მაგრამ პასუხს ყველამ მორცხვად აარიდა თავი,
არადა დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ამ კითხვას გულის სიღრმეში დადებითად პასუხობს.
ჰაა? აბა, თქვით, რომ ეს ასე არაა.
და თუ ეს ასეა, და საკუთარი თავი ყველას ინტელიგენტად- ანუ, განათლებულ, ზრდილობიან, პატიოსან, და კაიოჯახისშვილად, მიგვაჩნია,
მაშინ რაღაც შეუსაბამობა გამოდის იმასთან, რომ ინტელიგენტი არ იგინება, და არ ჩხუბობს, – რადგან ყველა ჩვენთაგანი კიდეც ვიგინებით, კიდეც ვჩხუბობთ, და როცა არავინ გვიყურებს იქნებ ცხვირსაც ხელით ვიხოცავთ.
გამოდის ისიც, რომ არ ყოფილა აუცილებელი, უკიდეგანოდ განათლებული და ნაკითხი რომ იყოს ინტელიგენტი, – რადგან ყველამ ვიცით, რომ სულ ყველაფერი არ შეიძლება ვიცოდეთ.
და მაშინ საბოლოოდ გამოდის ისიც, რომ დროა გადავდოთ კლასიკოსების მიერ გაკეთებული განსაზღვრებები ამ მცნებისა და დროა, უკვე სხვა კრიტერიუმები დავასახელოთ ინტელიგენტის განსაზღვრებისთვის.
თორემ მივალთ იქამდე, რომ ყველა ზრდილობიანად მოლაპარაკეს, და გუგლგანათლება მიღებულ სათვალიანს ინტელიგენტად ჩავთვლით.
არადა, დარწმუნებული ვარ, არავის გეპარებთ ეჭვი ილიას ინტელიგენტობაში, თუმცა არ ერიდებოდა მაგარმაგარ სიტყვებს საუბარში, აკაკი მით უმეტეს,
ვაჟა-ფშაველაზე რა ვთქვათ?, არ ჩავთვალოთ ინტელიგენტად?
ჩხუბისთავი ის იყო, თუ იყო.
ჩემთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილიც ინტელიგენტია, არა მგონია ახსნა დაჭირდეს, თუ რატომ.
იმედი მაქვს არც ცოტნე გამსახურდიას ინტელიგენტობაში შეგეპარებათ ეჭვი, მიუხედავად იმისა, რომ სულ დედისხსენს უტრიალებდა პოლიტნაგვებს და მათ ხელისბიჭებს, და შეედაროს აბა ვინმე განსწავლულობაში და ცოდნის სიღრმეში, და ქცევის წესებში და ეტიკეტის ცოდნაში.
მერწმუნეთ იმაშიც, საბურთალოზე, ჩემი უბნის მათხოვარი გოგია ნიკალაევიჩი სულით ხორცამდე ინტელიგენტია, მიუხედავად იმისა, რომ საღამოობით ნაგვის ბუნკერებში იქექება,
და განათლებით?
ბევრმა იცით სოკრატე და პლატონი ზეპირად?
ნიკალაევიჩმა იცის.
ინტელიგენტია ბიძაჩემიც, ხვამლის წინა სოფელში რო ცხოვრობს, და წიგნი ალბათ სკოლის მერე არც წაუკითხავს, მაგრამ ისე დაგილაგებს ყველაფერს, მამარდაშვილი დაგავიწყდებათ.
ინტელიგენტი იყო გოშე, რიონის ხეობის მცველი, ცურვა რომ არ იცოდა, და ბავშვი კი გამოიყვანა ადიდებული მდინარედან, მაგრამ თვითონ კი ვეღარ, და დაიღუპა.
და საერთოდ, რიონის ხეობის მცველები ყველანი რომ ინტელიგენტები არიან, ვფიქრობ ამაზე ზედმეტია საუბარი.
დიახ, შეკითხვა “რა არის ინტელიგენტობა” მიზანმიმართულად დავსვი და იმისთვის, რომ გამეგო რამდენად ვართ მზად ინტელიგენტის ახალი განსაზღვრების მისაღებად,
თორე ძველი ვეღარ მუშაობს ვხედავთ, და პასიურმა პატიოსნებამ და გამოუყენებელმა განათლებამ, და ხშირად უადგილო ზნეობამ დინოზავრებივით გადაშენების პირას მიიყვანა თეიმურაზ ხევისთავები ,
სამაგიეროდ ინტელიგენტის ნიღბით ჯაყოები ახლაც დადიან, და კვლავ მარჯვედ გვიხნავენ ამ ქვეყანას, მარგალიტა რომ ქვია სახელად, და ხან ამყოლაძე რომ არის გვარად და ხან დამყოლაძე.
ხო, დროა ინტელიგენტის ახალი განსაზღვრება შემოვიღოთ,
და შემდეგ წერილში შემოგთავაზებთ კიდეც ამ ფორმულირებას, და მასზეც მაინტერესებს თქვენი აზრი,
მაგრამ მოდით, ჯერ დოჩანას მოვუსმინოთ.
.
“- მაგისმა ლაპარაკმა არ შეგაცდინოს, და ისიც იცოდე, დომენიკო, რომ მით უფრო თავზეხელაღებულია ქვედა კამორელი, რამდენადაც უფრო ზრდილობიანად გებაასება.
– როგორ, ეს როგორ…
– როგორ და, ბიჭო, თავზეხელაღებულებს მშვენივრად აქვთ მოწყობილი ცხოვრება და, კმაყოფილნი, თავაზიანად საუბრობენ.
აქ მართლა წესიერი კაცია რამდენიმე, ინტელიგენტები, არისტოკრატული ოჯახიდან გამოსულნი, რომლებიც ჯერ ზედა კამორაში, მერე კი აქ, გაყვლიფეს და, რაღა თქმა უნდა, ძალიან უჭირთ და, განათლებისა და აღზრდის მიუხედავად, სულ დედის გინებაში არიან.
– ესე იგი, ბიძია ოთო, ჩვეულებრივი საუბრისას ვინც ზრდილობიანად ლაპარაკობს, უფრო ცუდი კაცია და ვინც იგინება, ის კიდევ – კარგი?
– ასეა, ასე.. – ხუმრობით შეიგინა ოთო-ექიმმა,
– აი, ეს რომ ვთქვი, მეც ახლა კარგი გამოვედი, ამათი წესით.
– და, ესე იგი, ბიძია ოთო, ტყუილ-უბრალოდ ვინც იგინება, ყველას მივენდო?
– არა, რას ამბობ, რას, დომენიკო, ზოგი ოხერი ხანდახან განგებ იგინება – ვითომ ინტელიგენტია.
– აა…
“
გასაგებად გვითხრა, ხო?
გვეცნო, ხო, რაღაც, პატივცემულებო, ჰა?
დიდი იყო, დიდი დოჩანა, ისეთივე დიდი, როგორიც თვითონ.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.