You are currently viewing ვინ ეკითხება

ვინ ეკითხება

ძალიანაც ნუ ვიგლოვებთ, ახლა,
მე არ ვფიქრობ, რომ ამ ფაქტით ამიერკავკასიაში მთავარი მოთამაშის როლი დავკარგეთ,
გავიხსენოთ ჩინეთის დაინტერესება ანაკლიის პორტით,
ჩინელს ვერავინ ასწავლის გეოპოლიტიკას, და ამ გეოპოლიტიკაში წარმატების ყველაზე მოკლე გზებს,
და ვერც ამერიკელს ვერ ასწავლის ვერავინ, როგორ შეუშალოს ჩინელს და ნებისმიერს სხვას ხელი, ვინც მისი ბოსტნიდან დააპირებს ბალახის ძოვას.
და არც იმას ვფიქრობ, რომ ებრაელების მიერ შექმნილმა სახელმწიფომ, ამერიკამ, ერთ ცენტსაც რომ არ ხარჯავს გათვლის გარეშე, დაკარგოს ის მილიარდები საქართველოში რომ ჩადო ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში,
ისიც გავიხსენოთ, 2024 წლის 8 ივნისს ხელი რომ მოეწერა ხელშეკრულებას, და მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს მხარეს კიდევ 32 მილიონი ევრო გამოეყო შავი ზღვის ფსკერის შესასწავლად.
სულელია მსოფლიო ბანკი?
და ეს მხოლოდ პირველი ეტაპია ამ პროექტის.
და როცა ამერიკა ჩვენი ზღვის ფსკერს ამდენ მილიონს ატენის, რა ლოგიკით ჰგონია ვინმეს, რომ ამ ზღვის ზედაპირზე, ან მის ხმელეთზე სხვა ვინმეს გააჯეჯილებს?
კითხეთ აბა, ირანელებს, რაზე წამსვლელია ამერიკა.
დიახ, სწორედ ორი ზესახელმწიფოს ინტერესების კვეთა ამ გეოგრაფიაში, მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს დერეფანი ყველასთვის.
და ის, რაც თეთრ სახლში მოხდა, ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მხოლოდ პლაცდარმია ამერიკისთვის, და “ტრამპის სამხრეთული მარშრუტის” შემდეგი გაჩერება სწორედ საქართველო იქნება.
ასე რომ ჩვენ კი არ უნდა შეგვშურდეს ვინმესი, ანდა კი არ უნდა ვიგლოვოთ, პირიქით, უნდა გაგვიხარდეს ამერიკის “მოახლოება”,
იმაზე აღარაფერს ვამბობ, ამ ფაქტმა ისიც რომ დაგვანახა, თუ რა ცუდად აქვს საქმე რუსს უკრაინის ფრონტზე, თუკი სომხეთის და აზერბაიჯანის დაკარგვას ასე შეეგუა.
და ამით “აბა, ომი გინდა” და ” მეორე ფრონტის” ქოცური საფრთხობელაც ჩაიმარხა როკის გვირაბთან.
რა, ომი, რის ომი, უკრაინის ხაფანგიდან რუსი ნაწილებად დაშლილი თუ დააღწევს თავს, და ვერც ჩვენთვის, და ვერც სხვისთვის ვეღარასოდეს მოიცლის.
ასე, რომ მართლაც ძალიანაც ნუ ვიგლოვებთ ახლა, და ნუ ავყვებით ოპოპარტიების მცდელობასაც, თავისი უუნარობა, და ჩასვრილობა გადაფარონ ახალი თემების გამოჩხრეკვით.
და ამით ხელს უწყობენ, საზოგადოების ყურადღების გადატანასაც მთავარი პრობლემებიდან.
ხო, თუ რამე საგლოვი გვაქვს, ეს ჩვენი ხასიათია, ასე უცებ რომ ვიცით ერთი თემიდან მეორეზე გადახტომა.
და იმიტომ, რომ წინა პრობლემები დავივიწყოთ,
თითქოს არ არსებობდა.
ციხეებიც რომ პოლიტპატიმრებითაა ავსებული, და რას ნიშნავს ყოველი დღე, იქ გატარებული მზია ამაღლობელისთვის და ნინო დათაშვილისთვის, და სხვებისთვის, – რომ დავივიწყოთ, და კიდევ ბევრი რამ.
და საერთოდაც გეოპოლიტიკა საკუთარი სახლის დალაგებით იწყება.
რავი, რა დროს სხვა ამბებია, ანდა, ვინ ეკითხება ქართულ ტელევიზიებში გამომსკდარ ხელმოცარულ პოლიტროჟებს, თუ ბიძინას კვერცხებიდან გამოჩეკილ ხუხაშვილს “ბალი ათი შაურიას”, გეოპოლიტიკურ დედალმამალს რომ არჩევს აქ.
ან, მე ვინ მეკითხება.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა