“გალაკტიონ ტაბიძის რითმები, საერთოდ არ შეესაბამება, ტრადიციული ქართული პოეზიის ხმოვანებას.
მან თავის ლექსებით შეუარცხყო ქართული პოეზია და კულტურა, ფეხქვეშ გათელა რუსთაველის მიერ სათუთად ნამღერი ქართული ლექსი.
მან, თავს უფლება მისცა დაეწერა ხალხისთვის გაუგებარი ლექსები, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ის კვლავაც განაგრძობს წერას, რითაც ზიანს აყენებს დიადი საბჭოეთის მოზარდ თაობას, რომლის წარმომადგენლებიც რატომღაც დიდად აღფრთოვანებულნი არიან მისი პოეზიით.
ჩვენი, საბჭოთა პოეტების და საბჭოთა მოქალაქეების ვალია არ დავუშვათ ქართული პოეზიის დაკნინება! თანამედროვეობა სჭირდება პოეზიასო, უთქვამს.
ვითომ რა აქვს დასაწუნი ამხანაგ კონსტანტინე გუგავას ლექსს?
“მოსჩანს მწვერვალად ამომართული,
კვამლის ამოსვლა, ნარნარი, ფრთხილი.
ოჰ, როგორ მიყვარს ცემენტის ქარხნის
ალვის ხესავით მოქნილი მილი”.
.
გაზეთი “კომუნისტი” 1934წ. 17 იანვარი.
–
და რატომ გავიხსენე,
თქვენ რა გგონიათ გუგავას ლექსს იმ დროს, გალაკტიონზე ნაკლები მოწონება ჰქონდა?
ნაკლები კი არა, მეტი ექნებოდა,
ან დღეს, ასეთ ლექსებს არ იწონებთ?
არ მითხრათ ახლა არაო, ბევრს გიცნობთ გუგავაზე უარესი ლექსი რომ გაქვთ მოწონებული.
რა მოხდა მერეო, ხო?
რატომ უნდა ვაწყენინოო, ხო?
ვინ არ წერსო საქართველოში, და რა მოხდა , თავის ჭიას ახარებსო, არა?
მაგრამ შექებით წახალისებული მეორეს წერს ასეთს, ცხვირწინ გიფრიალებს და კვლავ შექებას ელოდება.
მერე მესამე გამოაცხო, მეოთხე, მერე წიგნის გამოცემის სურვილიც უჩნდება.
გამოსცა კიდეც თავისი ხარჯით, არ დაენანა, პრეზენტაციაც გააკეთა, და სწორედ შენ და შენნაირები დაპატიჟა, ვინც აქებდით, და აი უკვე ის სცენაზეა და ყვავილებში ჩაფლული, პოეტი ჰქვია და უკვე დარწმუნებულია, რომ მთაწმინდის გზას ადგას.
ხოდა, მეორე წიგნიც გამოსცა, მესამეც, ლიტკონკურსებშიც მონაწილეობს, არ აცდენს არც ერთ ღონისძიებას, სადაც ლექსი და მოთხრობაა.
სანაცნობო, ანუ, საჭირო წრეც გაზარდა, საახლობლოც, სხვა პოეტები და მწერლები გაიცნო, უფრო მეტად ისეთები, როგორიც თვითონაა.
სულ ერთად არიან, ყველგან და ყოველთვის, მაჩაბლის ცამეტშიც ხშირად ნახავთ, ერთმანეთს აქებენ, ერთმანეთს ტაშს უკრავენ, გენიოსს ეძახიან.
აბა?,
აბა, რამდენმა იცანით ან საკუთარი თავი, ან ახლომახლო ასეთი?
ასეთებს ერთმანეთი სჭირდებათ, მათზე უკეთესს რო გასაქანი არ მიეცეს, თორე მერე ამათ ვინღა წაიკითხავს.
ხო, ჩემო ბატონო,
ამასობაში ეს შენი ნაქები მწერალთა კავშირშიც მიიღეს, ლექციებს გვიტარებს ლიტერატურაზე, სამინისტროებშიც გაიკაფა გზა, კონკურსებშიც კვლავ მონაწილეობს, ახლა უკვე ჟიურის შემადგენლობაში, და როგორ ფიქრობთ ამ კონკურსებში ვის ლექსს იწონებს?
რა თქმა უნდა თავისი ნაცნობის, ან თავისნაირის..
გავაგრძელო?
რაღა გავაგრძელო, გასაგებია, რაც იწყება ერთი უბრალო მოწონებით,?
რაც იწყება ერთი პატარა ჭიის გახარებით?,
იმ ჭიის, მერე ყველგან რომ აღწევს, დაწყებული სოციალური სივრციდან და პოლიტიკით დამთავრებული, ყველგან რომ აღწევს, ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, და ყველაფერს რომ აჭიანებს და ალპობს?
და გასაგებია, ხო, რატომაც ეძებდა და ჯერ კიდევ როდის ეძებდა ფანჯარას გალაკტიონი?
დიახ,
“მხურვალე სალამი, ჩემო ოლია,
შენ კარგად იცნობ ამ თაგვებს, რომლებიც ჩემს გვერდით ცხოვრობენ, კრილოვის ქუჩაზე”
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.