მიზანმიმართულად არ ვწერ ომებზე არაფერს.
ჯერ ერთი, საკმარისად ვისაუბრე, და ვთვლი, რომ ომის მექანიზმი და მიზეზი და შედეგიც ყოველთვის ერთია.
გინდა საუკუნეების წინ მომხდარი მშვილდისრით ომი იყოს, გინდა დღევანდელი ბალისტიკური რაკეტებით.
მერე მეორე, არ მინდა დავეხმარო მეცხვარეს იმ საინფორმაციო ნაკადის შექმნაში, რომელიც შიგა პრობლემების შენიღბვის და გადაფარვის საშუალებას აძლევს.
რადგან, დაწყებული გლობალური თემებიდან, – პანდემიები იქნება ეს, ომები, თუ ეკოკატასტროფები, და დამთავრებული ჭორაობით პოლიტნაგვებზე და ჭორაობით ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ამბებზე, ანუ, საერთოდ ხმაური, იმ სერიიდან, ” იქ ეს მოხდა, აქ ეს მოხდა, იმან ეს თქვა, ამან ეს, ეს გაიგე? ეს იცოდი?”, – ეს ყველაფერი ის მაშველი რგოლია სისტემის სათავესთან და სადავესთან მოკალათებულ მედროვეთათვის, ჭაობის ზედაპირზე ტივტივის საშუალებას რომ აძლევს, და აძლევს შესაძლებლობას ობივატელის ყურადღება ცხრაზღვასა და ცხრამთას იქეთ ქვეყნებში ზღაპრად გაგონილ ამბებზე გადაიტანოს, ანდა, აგერ, ახლოს, სხვა ლამაზქალაქელთა საცვლების ყავისფერ, თუ ყვითელ ლაქებზე ალაპარაკოს, – ან შეაშინოს, ან გაართოს და ამით დაუმალოს, რომ ძარცვავს, რომ ყიდის, რომ ქვეყნიდან აგდებს, და დაავიწყოს, რომ შია, სწყურია, და თავშესაფარი არა აქვს,
განათლებაზე, კულტურაზე და სულიერებაზე ზედმეტია საუბარი.
ზემოთ, მაშველი რგოლი, ვთქვი?, – მე თვითონ გამეცინა.
თითქოსდა მჩხავანა კატები რომ არ ჰყავდეს, მართლაც წყალი წაიღებს ერთ კაცზე მორგებულ ასწლოვან სისტემას.
დაე, მშვიდად იყოს ყველა დროის და ეპოქის მეცხვარე, ნურც ძალიან გაირჯება, გამოალენჩოს გამოსალენჩებელი.
თავმოყვარე ცხვარი ამას თვითონაც მშვენივრად ახერხებს, და არც არასდროს გაამხელს, და არ იტყვის ხმამაღლა, რომ შია.
თავმოყვარე ცხვარი ზოგადსაკაცობრიო თემებზე ოხრავდა მუდამ,
ჯერ ზოგადსაკაცობრიოზე, და შიგა და შიგ, თავისნაირის მანკზე.
ხო, აბა?
თვითონ ხომ უნაკლოა, და სრულყოფილება.
თავმოყვარე ცხვარი სხვა პრობლემას არც შეიმჩნევს.
და მით უმეტეს, ეგღა აკლია, გარეშე თვალს გააგებინოს, რომ დიდი ხანია, რაც ტრაკზე ობობას ქსელით რო დადის, და კარგახანია უკვე, ერთხელაც არ შერხეულა მისი აბლაბუდები.
და ვერ ხვდება, რომ თუ შია, ეს მისი ბრალი კი არ არის, არამედ იმის, ვინც ძარცვავს, და არ აძლევს საშუალებას შნო და მარიფათი საკუთარ ქვეყანაში გამოიყენოს.
არა, რა,
შეეშალა დოჩანას,
დედამიწის იმ ნაწილს ცაფირუზხმელეთზურმუხტოვანი რომ ჰქვია, სიყვარული კი არა, მშიერმუცელა აზნაურების კუდაბზიკობა ატრიალებს.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.