
თბილისობა დღეს როგორ არ უნდა თქვა რაღაც,
რაც მე ამ ქალაქისთვის სიყვარული მაქვს ახსნილი, არ ვიცი,
ნუ, ცუდიც ბევრი მაქვს ნათქვამი, ვაღიარებ..
არა, ქალაქისთვის კი არა, აქ მაცხოვრებლებისთვის,
და მაშინ, როცა უნამუსობას გაუჩუმდებოდნენ, გაისუსებოდნენ, თვალს აარიდებდნენ.
ასეთებს სიტყვით მაინც უნდა გაულაწუნო.
ხო, გამოდის, მაწუხებდა მათი შეურაცხყოფა, მით უმეტეს იმათგან, სკამებზე რომ არიან მოკალათებულნი, და ფულის გამო რომ ასვრიან თავზე ქალაქს.
მაწუხებდა და მაწუხებს ახლაც, თორე არ გამიტარებია აქ ბავშვობა, არ მისწავლია, არ მიმუშავნია, 10 წლის წინ ჩამოვედი, მხოლოდ,
და არა ლუკმაპურისთვის,
ამას ნებისმიერ სხვა ქალაქში მოვახერხებდი.
და პათეტიკის დედაც, მაგრამ სხვანაირად ვერ იტყვი ხანდახან, –
სხვა ომისთვის ვარ, და ამ ომისთვის სიტყვის და ხელის მოქნევა ამ ადგილიდან სჯობს.
ხო, ათიოდე წლის წინ დავსახლდი აქ,
და ისიც მთელ დუნიაზე წანწალის შემდეგ, და რა თქმა უნდა, მაინც შუმი ქუთაისელი ვარ და დავრჩები მუდამ, მაგრამ რაც უფრო მაწუხებს აქ რაღაც, მით უფრო ჩემი ხდება თბილისი.
დღეს არ მოსულა ეს მიხვედრა, და მე ის დღეც მახსოვს, ჯერ კიდევ 15 წლის ლაწირაკი, სულ პირველი შეხვედრის დროს, რა თვალებით დავდიოდი ამ ქალაქში და ვფიქრობდი, თუ რა უსაშველოდ დიდები დააბიჯებდნენ აქ, ერთ დროს.
და მერე რა, რო მათ შემდეგ უამრავჯერ გამოიცვალა ქვაფენილი რუსთაველზე, მთაწმინდაზეც, უნივერსიტეტთანაც მერამდენედ გადააგეს ასფალტი, და ვინ იცის, რამდენმა ბომჟმა მიაფსა იქნებ იმ ადგილს, სადაც დიდები დიდობდნენ, მაგრამ ვერაფერი გააქრობდა იმ ვეებერთელა ენერგეტიკას რაც ეკიდა ჰაერში, და მეც რო მწევდა ზემოთ.
მართლა მაგარი კაიფი იყო ის პირველი შეხვედრა ამ ქალაქთან,
და თბილისში დაბადებულმა, ბავშვობიდან აქ გაზრდილმა, იქნებ, ვერც გაიგოს ეს რაა.
ასე, იყო, ასე, და არც არასოდეს გაქრება ჩემში ის ბიჭი, რაც არ უნდა ნაგვები მხვდებოდნენ დღეს თბილისის ქუჩებში, რაც არ უნდა ბეტონის ჯუნგლებად გადააქციონ ქალაქი, და რაც არ უნდა უღირსებს ირჩევდნენ მის საპატიო მოქალაქეებად.
ხო, მადლობა ნაღდებს, გულწრფელებს, წასულებსაც, და ცოცხლებსაც, ვინც ეს ქალაქიც ჩემი გახადა.
ადამიანებმა მოახერხეს ეს, ადამიანებმა, თორე საუკუნოვანი ქვების მეტი რა მაქვს ქუთაისში.
კარგმა ადამიანებმა მოახერხეს, და მათ შეურაცხყოფადაც მიმაჩნია, თუ რაიმე უზნეობა ხდება ამ ქალაქში.
და რადგან შენი წილი ქალაქი არ არსებობს, ისე როგორც შენი წილი ქვეყანა არ არსებობს,
რადგან, როგორც ქალი, ისე, ქვეყანაც და ქალაქიც თუ გიყვარს, უნდა გიყვარდეს თავისი კარგითაც, და ნაკლითაც,
მაშინ გამოდის, რომ თუ საქმეს აკეთებ, აკეთებ ყველასთვის – ნაღდებისთვისაც და ნაგვებისთვისაც, და მათი შვილებისთვის , შენ შვილებთან ერთად რომ უნდა იცხოვრონ,
აკეთებ, ხო, და ცოოოტათი მაინც გგონია, რო შემთხვევით არ გაგაჩინა ღმერთმა ამ ქვეყანაზე, და ყველასთვის კარგის კეთება მოგცა საქმედ.
ასეა, ასე,
მაგრამ მხოლოდ ქუთაისლების იმედითაც ნუ დარჩებით ახლა, ხოხბებო, თქვე ჩემა.
კაი, ხო, კაი,
კი ხვდები, ჩემო თბილისო, რა გულითაც გეუბნები ამას,
გილოცავ შენ დღეს,
ყველაფერი კარგად იქნება, ვიცი..
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
