ბევრმა არ იცის, როგორ და რატომ უღალატეს ილიას მისმა თანამოაზრეებმა,
აი, იმათ, ვის სახელებსაც დიდი პატივისცემით მოვიხსენიებთ დღეს, და რომელთა სახელობის ქუჩები და ინსტიტუტებია, და ვისზეც უამრავი წიგნები იწერება, და ფილმებს იღებენ.
რა დროს ილიაზე ლაპარაკიაო, იტყვის ახლა ზოგი, ვერა ხედავ, რა ხდებაო გარეთ, ხო ?
მაგრამ იმიტომაც ხდება, რაც ხდება, ბოლო 30 წლის განმავლობაში სისტემა ყველაფერს რომ აკეთებდა, საზოგადოებას ილიაზე რომ არ ესაუბრა სიღრმისეულად,
და რომ არასდროს არ მოსულიყო “ილიას დრო”,
თითქოსდა ის არ კმარა, რომ იდეები და თეორიები, რომელთაც შეუძლიათ საზოგადოება უკეთესი გახადოს, არ იწერება მისი თანამედროვეებისთვის,
და საკმაო დროის გასვლა და საკმაო მწარე გამოცდილების დაგროვებაა საჭირო, რაც უნდა გაკეთდეს, იმის აუცილებლობას რომ მიხვდეს საზოგადოება,
შესაფერისი რეალობაც რომ დადგეს და იდეებს რომ მიუბრუნდნენ თაობები..
ისევ ილიაა ამის დასტური.
ხო, ბევრმა არ იცის, ზედ გაჭრილ საფლავთან რომ აგინეს სოციალ-დემოკრატებმა ილიას, და მისი თანამედროვე საზოგადოება, მაშინდელი ელიტა, ამას გაუჩუმდა.
სწორედ იმიტომ, რომ ეშინოდათ ილიას მკვლელების, რომლებმაც მოახერხეს, და დაარწმუნეს ყველა, რომ არ იყო “ილიას დრო”
ხმა არ ამოიღეს იმ კაცის დასაცავად, ვინც მთელი 32 წელიწადი ცდილობდა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, – წერდა, საუბრობდა, ხსნიდა, ასწავლიდა, ეხმარებოდა, ანათლებდა, ქმნიდა,
ხო, დღეს, რასაც თანამედროვე ენაზე პროექტებს ვეძახით, სწორედ ასეთი გზებით ცდილობდა ილია სამოქალაქო საზოგადოების შექმნას.
ხაზს ვუსვამ – თვითორგანიზაციის და პასუხისმგებლობის უნარი მქონე სამოქალაქო საზოგადოების შექმნას.
და რა გამოდის?
ამაოდ დაშვრა ილია?
არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიტყვი ისევ, რომ იდეები და თეორიები, რომელთაც შეუძლიათ საზოგადოება უკეთესი გახადოს, არ იწერება მისი თანამედროვეებისთვის.
უფრო სწორედ, ვერ უგებს თანამედროვე საზოგადოება იმას, ვინც დროს გაუსწრო და ვერც გაუგებს, სანამ მრავალჯერ არ წაიტეხავს კისერს.
სწორედ ისე, როგორც წაიტეხა კისერი ქართულმა საზოგადოებამ ილიას გარდაცვალების შემდეგ, რადგან ილიას გზის მაგივრად ილიას მკვლელების გზას გაჰყვა, და სწორედ ილიას მკვლელებს მისცა ხმა, ბედისგან შემთხვევით ნაჩუქარ დამოუკიდებლობის დროს.
რის შედეგადაც დადგა 1921 წლის ღალატი, მერე 24 წლის აჯანყების დამარცხებაც, მერე 37 წლის რეპრესიებიც, მერე 41-45 წელი, 350000 ქართველი რომ შეიწირა, მერე 50 -იანი წლები, ყაზახეთში რომ გადაასახლეს ომგამოვლილი ოჯახები, მერე 56 წელი, მერე 78 წელი, და მერე 1989 წლის 9 აპრილიც.
გამოდის, ამდენი რამ უნდა გადაეტანა საზოგადოებას, რომ მობრუნებოდა ილიას,?
მაგრამ მიუბრუნდა, და სწორედ ილიას სწავლებაზე ამოზრდილმა ეროვნულმა მოძრაობა შეძლო და აღუდგინა დამოუკიდებლობა ქვეყანას.
სწორედ ილიას სწავლებაზე გაზრდილი ეროვნული მოძრაობის დამსახურებაა, რომ დღეს რაღაც ფორმით, მაგრამ მაინც იურიდიულად დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს, და მსოფლიო გვცნობს.
ანუ, გამოდის ილიას იდეებმა გზა მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 70 წლის შემდეგ გაიკვალა, და ისიც სულ მცირე ხნით,
და გავიდა კიდევ 30 წელი, და იმის მაგივრად, რომ ამ დამოუკიდებლობის დროს კიდევ უფრო ამოგვეწია ილიას იდეები, წაგვეკითხა ილია, უფრო ღრმად გაგვეგო მისთვის და მისი გზით საზოგადოებაც და ქვეყანაც წინ წასულიყო, სისტემამ მოახერხა და ილია კვლავ დაავიწყა ხალხს.
ანუ, კიდევ ერთხელ მოჰკლა ილია.
დაავიწყა და ამიტომაც იყო სამხედრო პუტჩი, იყო აფხაზეთი, იყო სამაჩაბლო, იყო სისტემური დანაშაული 1992 წლის 2 თებერვალს, 1995 წლის 24 აგვისტოს, 2003 წლის 23 ნოემბერს, 2007 წლის 7 ნოემბერს, 2012 წლის 26 მაისს, 2019 წლის 20 ივნისს, 2023 წლის 8-9 მარტს, და 2024 წლის აქციებზე, დღესაც რომ გრძელდება.
არიან დევნილები, ემიგრანტები, მიგრანტები, ძარცვა,
არის უმუშევრობა, სიღარიბე, ავტოკრატია, გამოვიარეთ კოვიდფაშიზმი, უკვე დიქტატურაა, და კიდევ რა გველის ვინ იცის, იმიტომ რომ ილია დავივიწყეთ.
დავიწყება ჰქვია, ხო, რომ არ ვკითხულობთ, და თუ ვკითხულობთ – ვერ ვიგებთ.
რომ ვფიქრობთ, რომ ახლა არ არის “ილიას დრო”
უნდა დავუბრუნდეთ ილიას.
როგორ?
პასუხებიც ისევ ილიასთანაა.
დიახ, უნდა ვისაუბროთ იმ მიმართულებებზე, რაც ილიასგანვე გამოდის.
უნდა ვისაუბროთ ახალ პოლიტიკურ აზროვნებაზე – რომ პოლიტიკა ძალაუფლებისთვის ომი კი არ უნდა იყოს, არამედ ომი სისტემასთან, და ამომრჩეველსა და მის მიერ არჩეულს შორის.
უნდა ვისაუბროთ თვითმართველობაზე და ხელისუფლებებზე ზემოქმედების და მოქალაქის დასაცავის მექანიზმების – რეფერენდუმის და გაწვევის წესის – დაკანონების აუცილებლობაზე,
ახალ ეროვნულ კონცეფციაზეც,- უპარტიო საქართველოზე,
უნდა ვისაუბროთ მსოფლიო მცირე ერების კავშირის შექმნის აუცილებლობაზე, და ცენტრით საქართველოში.
დიახ, ამაზე უნდა ვისაუბროთ, რადგან მცირე ერებს თავის დაცვის სხვა საშუალება არა აქვს, ერთმანეთთან გაერთიანების გარდა,
უნდა ვისაუბროთ ერის ამ ახალ ფუნქციაზე, რადგან კაცობრიობას უნდა სჭირდებოდეს ერი, სამყარომ მას არსებობა რომ გაუხანგრძლივოს.
უნდა ვისაუბროთ იმ ადამიანური რესურსის, და იმ ეროვნული ელიტის შექმნის გზებზეც, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა განახორციელოს,
ეს ყველაფერი ილიასგან მოდის, ილიასგან,
ჩვენ უბრალოდ, ვათანამედროვებთ მის ნაკეთებს, თუ ნაფიქრს..
მაგრამ,
კი ვთქვი უკვე,
კარგი და აუცილებელი იდეები, ფაქტია, არ იწერება თანამედროვეებისთვის.
.
გაზეთი ” საადგილმამულო”
.