რა გითხრა, აბა, მზეჭაბუკ,
ცრუპანდემია, კოვიდტერორი, აკრძალვები, ჩაკეტვები, ომი, მარიტას გარდაცვალება, შოვის სტიქია, პოლიტსპექტაკლები,
და ისედაც მხოლოდ თავისთავზე მაფიქრალი ობივატელი კიდევ უფრო ჩაჯდა ნაჭუჭში.
არც ადრე აქტიურობდა საზოგადო თემებზე, არც არასდროს გადიოდა ქუჩაში, მაგრამ ადრე ლაყბობდა მაინც,
ინფორმაციას მაინც ავრცელებდა,
ანუ, ლაპარაკობდა პრობლემაზე, ჭორის დონეზე თუნდაც,
ახლა საერთოდ დადუმდა,
რადგან ბოლო ორმა წელმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ცხოვრება მოსწრებაზეა, და ის კიდე, ნიახური არ არის მეორედ ამოვიდეს, და შესაბამისად, იმის დრო არა აქვს, საზოგადო თემებს მიაქციოს ყურადღება.
ნუ, არა აქვს დრო და შეეიმასქენი თუ გინდა.
და ეს ის ობივატელი თვლის ასე, 24 საათი რომ ინტერნეტში ზის, და ლაზღანდარობს.
და თუ შემთხვევით, რამე პრობლემაზე მაინც დასცდა სიტყვა, უფრო სისტემურ დანაშაულს “გააპრავებს”, გულის სიღრმეში მაინც, რადგან იცის, ისიც იგივეს გააკეთებდა, რაიმე თანამდებობაზე რომ იყოს.
ეგაა,
ისედაც, ბაიყუშს, ცრუპანდემიამ, ომმა, ადამიანურმა, თუ სტიქიურმა უბედურებებმა, და ცარიელმა მაცივარმა, კიდევ უფრო წამოუწია პირადული მე,
და ამ პირადულზე ჭორაობის, ანდა სხვაზე ჭორაობის გარდა, არც არაფერი აინტერესებს,
ობივატელი კი არა, დოჩანაშვილისეული, ალექსანდროს მსგავი რიჟად მოლაყბეებიც კი დადუმდნენ.
აი, ისინი, პრობლემაზე რომ ქაქანებდნენ მუდამ, მაგრამ პრობლემიდან გამოსავალზე – არასოდეს.
გადახედეთ, სოცქსელებს,
ჭამაა, სმა, მონელება, და ამ მომენტების ფოტოებით დაფიქსირება.
ეგაა, ბაიყუშების ცხოვრების აზრი.
და ასეთს თხოვ ყურადღებას?
გველეშაპთან ომში წამოგყვება კი არა, თავი ცოცხლად რომც დაიწვა მოედანზე, ერთსაც არ გამოგხედავს.
და რა ჰქნას მაშინ მზეჭაბუკმა?
არიან, ასეთებიც, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ვისაც მართლაც გულწრფელად სურს, რაღაც შეიცვალოს, და თითქოსდა ირყევიან კიდეც ამისთვის, მაგრამ მუდამ ერთი და იმავე შეცდომით.
საკუთარ ეზოებში დასდევენ გველეშაპის მოსაქმებულს, რადგან სწორედ ეს, საკუთარ ეზოში მოგოზილი გველეშაპის ფუნა მიაჩნიათ ყველაზე დიდ უბედურებად.
და უკვირთ, და სწყინთ მერე ყურადღებას რომ არ აქცევენ მეზობლები, თვითონაც რომ გველეშაპის ნეხვში არიან ყელამდე.
ხო, რა გითხრა, აბა, მზეჭაბუკ,
სამი გზა გაქვს,
მარცხნივ წახვალ, ხმალს დაკარგავ, მარჯვნივ წახვალ ცხენს, პირდაპირ წახვალ და ვეღარც მობრუნდები.
არა, არა, ეს სხვა ზღაპრიდანაა, არაქართულიდან,
შენ, ერთი გზა გაქვს მხოლოდ,
და შენი ეზოდან იმ ნაგვის გატანისას, რომ არ თავდება, ბოლოსდაბოლოს კი მიხვდები ერთხელაც, რაც უნდა გააკეთო,
თუ მართლაც მზეჭაბუკი ხარ, კი მიხვდები.
რომ გველეშაპური ქიციც უნდა იცოდე და ქიცმაცურიც გველეშაპური, ცხრათავიანი მოწინააღმდეგე რომ წამოიკიდო და ისე, რომ არ გაისვარო.
მიხვდები, რომ ხანდახან მზეჭაბუკობა, ლონდრეს ნიღბით უნდა აკეთო, რადგან ლონდრეს უფრო გამოსდის ის, რასაც მზეჭაბუკობით ვერანაირად ვერ მოახერხებ.
ლონდრეს მეტი მიმდევარიც ყავს, მეტი გულშემატკივარიც,
და თუ რატომ, მიხვდები, ამასაც ერთხელაც,
მაგრამ სანამ მიხვდები, გველეშაპზე მეტი მავნებელი გყავს იქვე, ახლოს, ჩასაფრებული,
დაღლაა ეგ, და ” ერთი ამათი დედაც ვატირეს”, თქმა..
და როგორც კი ამას იტყვი, ან გაიფიქრებ, აი, იმ მომენტიდან გველეშაპდები შენც.
ხოდა, არც ცხენი რომ არ დაკარგო, არც ხმალი და არც თავი, ერთი გზა გაქვს მეთქი, გითხარი,
თუ მართლაც მზეჭაბუკი ხარ.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა ბიძია.
.