You are currently viewing ისევ და ისევ

ისევ და ისევ

ეს ჩემი ბოლო პუბლიკაციაა ამ სივრცეში პოლიტიკურ თემებზე.

და არა მხოლოდ ამ წელიწადში, არამედ საერთოდ.

რადგან ვთვლი, რომ საკმარისად ვილაპარაკეთ, და ახლა უბრალო საუბრისთვის არცა გვაქვს დრო.

რადგან, პრინციპში ვაკეთებთ უკვე ყველაფერ იმას, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით.

და ვაკეთებთ აგერ უკვე სამი წელია, – ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით, ეროვნული პროექტების მეშვეობით,

რომლებიც შემდეგ რეალურ სივრცეში , მარტყოფის ველზე მოიყრის თავს.

და ასე, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშიც, და სწორედ ამ გზით იქმნება ის ადამიანური და ფინანსური რესურსი, რომელმაც სისტემური ცვლილებები უნდა დაიწყოს.

ილიას გზა ეგ არის.

და ამ გზაზე უკეთეს, ვერც ვერავინ მოიფიქრებს.

დიახ, ვაკეთებთ და სალაპარაკო მეტი მართლაც არაფერია.

და თუ ვინმეს მაინც დააინტერესებს რა ამბობდითო ასეთსო, შეუძლია გადავიდეს ჩვენს საიტზე

და მის განყოფილებებში:

და

არის იქ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული.

ახლა რაც შეეხება დღევანდელი წერილის თემას.

ჩვენ არასამართლებრივ სივრცეში ვცხოვრობთ.

დიახ, გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლით ქვეყანა არასამართლებრივ გარემოში აღმოჩნდა, და მის შემდეგ არაკანონიერი ხელისუფლებები გვყავდა და გვყავს, არაკანონიერ არჩევნებს რომ ატარებენ, და რომელში მონაწილეობაც, მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, სისტემური დანაშაულის გაპრავებაა.

ჩვენ არაკანონიერი კანონებით და 1995 წელს მიღებული არაკანონიერი კონსტიტუციით ვცხოვრობთ, ფიქციური სახელმწიფოებრიობით და მოჩვენებითი დამოუკიდებლობით, და ამ ქვეყანაში საზოგადოებას არავინ არაფერს ეკითხება.

და ეს ყველაფერი რომ დამთავრდეს ქვეყანა სამართლებრივ სივრცეს უნდა დაუბრუნდეს,

და ამ დაბრუნებით, საშუალება მოგვეცემა გავაუქმოთ ყველა ანტისახელმწიფოებრივი კანონი, და იურიდიული აქტი, რაც კი 1992 წლის შემდეგ დღემდე მიიღეს არალეგიტიმურმა ხელისუფლებებმა.

შეგვიძლია გაყიდული მიწების, წიაღისეულის, სტრატეგიული ობიექტების, და შენობანაგებობების დაბრუნებაც კი, ნაციონალიზაცია და ბევრი სხვა რამ.

და ეს გზა კი მხოლოდ დემოკრატიის განმახორცილებელ საშუალებებზე – სრულუფლებლიან რეფერენდუმზე და დეპუტატის გამოწვევის მექანიზმზე, და დამოუკიდებელ პროფკავშირულ მოძრაობაზე გადის.

ეს მექანიზმები დასაბრუნებელი და დასაკანონებელია.

დამოუკიდებელი პროფკავშირული ორგანიზაციები დასაარსებელია.

დემოკრატიულმა მექანიზმებმა და პროფკავშირებმა შექმნეს განვითარებული ქვეყნები, და ამ ქვეყნებში შეგნებული, პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება.

შესაბამისად, ამიტომაცაა მისაღები ევროკავშირი, ჩვენთვის, ამ ეტაპზე.

რადგან დასავლეთს, ეს ყველაფერი აქვს, და შენ შეგიძლია მოსთხოვო ის, რაც მას აქვს, და არ გაქვს შენ.

შეგიძლია მოსთხოვო, როცა მისი წევრი იქნები, და მას ვალდებულება ექნება შენს ქვეყანაშიც დანერგოს ის მექანიზმები, რაც მას აქვს.

რუსეთს კი ვერაფერს ვერ მოსთხოვ, რადგან არც არაფერი აქვს, ასეთი, და არც არაფერს მოგცემს.

რადგან რუსთან, მხოლოდ იარაღის ენით მოლაპარაკე მოძალადესთან ვერასოდეს იქნები თანაბარ სიტუაციაში.

სწორედ ამიტომ უნდა აირჩიო ამ ეტაპზე ორი ბოროტებიდან უმცირესი, – ანუ, ევროკავშირი.

თორემ ერთიც ბოროტებაა და მეორეც.

და საერთოდ, არსებობს მესამე, უფრო ქართული გზა, – კავკასიური სახლი, რომლის იდეა ჯერ კიდევ გამსახურდიამ წამოწია წინ, და მისი განვითარება და გაფართოება შეიძლება იმით, რომ არა მხოლოდ კავკასიელი ერების კავშირი შეიქმნას, არამედ მსოფლიო მცირე ერების კავშირი, და ცენტრით საქართველოში.

ასეთი ერების მოსახლეობის საერთო რიცხვი 320 მილიონი ადამიანია.

შესაბამისად ასეთი კავშირი ახალი ძალა და სერიოზული გეოპოლიტიკური მოთამაშეც გახდება, და ზესახელმწიფოების თანატოლი და თანასწორი.

მსოფლიო მცირე ერების კავშირი შესაქმნელია, და ამისკენ მიმავალი გზაც, ისევ და ისევ რეფერენდუმზე, და დეპუტატის გამოწვევის მექანიზმზე გადის.

და თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი, უკვე ვთქვი, და არაფერს ვამბობ ახალს,

სწერია ეს ყველაფერი ილიასთან, წაკითხვა უნდა უბრალოდ.

დიახ, მხოლოდ ეროვნული პროექტებით შექმნილ ადამიანურ და ფინანსურ რესურს შეუძლია სისტემური ცვლილებების დაწყება, და ქვეყნის სამართლებრივ სივრცეში დაბრუნება.

და კიდევ ერთი, და მნიშვნელოვანი.

პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ნათქვამია.

პოლიტიკა სუფთა ხელებით რომ დაიწყო და ბოლომდე ასე მიიყვანო, ალბათ შეუძლებელია.

საქართველოს ისტორიაში პოლიტიკის სუფთად კეთებას სულ სამად სამი ადამიანი შეეცადა და სამივე მოკლეს. მოკლეს ილია ჭავჭავაძე, მოკლეს მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდიაც მოკლეს.

გამოცდილებამ რაღაც ხომ უნდა გვასწავლოს, არა?

ხომ უნდა მივხვდეთ, რომ მოძალადე სისტემის დროს სიმართლეზე მეტად სიმართლის მთქმელს სჭირდება დაცვა?

სიმართლის მთქმელი სისტემის წინაშე მარტოდმარტო არ უნდა დარჩეს.

თანამოაზრეების სიმრავლეს არ ვგულისხმობ.

თანამოაზრეები კოსტავას და გამსახურდიას რომ ჰყავდა ისე უნდა, მაგრამ ვერ დაიცვეს.

სიმართლის მთქმელის დასაცავად ისევ და ისევ ის მექანიზმებია საჭირო, რაც სისტემური ცვლილებების დაწყებას სჭირდება.

ისევ და ისევ, დიახ, ისევ და ისევ.

რომ სიმართლის მთქმელიც დაცული იქნას, და ის საქმეც გაგრძელდეს, რაც სიმართლის მთქმელმა დაიწყო.

ეს აუცილებელია.

და როცა ამის აუცილებლობასაც მივხვდებით, ამ შეგნებიდან დაიწყება სიმართლის მთქმელების ერთიანობაც,

და ამ შეგნებიდან დაიწყება სუფთა პოლიტიკაც, და ქვეყნის დაბრუნებაც.

ეს შეგნება უნდა მოვიდეს ჯერ, და რომ მოვიდეს, ცოტა ხელი უნდა წააშველო,

ცოტა, უნდა იფიქრო ხო, და ცოტა რაღაც უნდა გააკეთო.

შეგნება თავისით არ მოვა.

თავისით, მხოლოდ ახალი წელი მოდის.

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა