You are currently viewing ისევ “მსოფლიო მცირე ერების კავშირის”  შესახებ

ისევ “მსოფლიო მცირე ერების კავშირის” შესახებ

მეც უნდა ვთქვა ირანზე რაიმე? აბეზალოვკაა?
კეთილი, მაგრამ, ისე ვიტყვი, ფარსმან სპარსი რო აკეთებდა, კედელს რო ესროდა კენჭებს, და დოქებს რო ხვდებოდა.
ხო, ოთხმოცდაათიანების ბოლო იყო.
როსტოვიდან ავტობუსით მოვდივარ საქართველოსკენ.
ვისაც მაშინ უვლია ამ გზებით, იცის რაც ხდებოდა.
ყოველ ტეკაზე გაჩერება, საბუთების შემოწმება და ამბები.
ფულის საჭრელი ცეხი იყო მაშინ ეს ტრასა.
უკვე ყაბარდოში ავტომატიანმა მილიციელებმა ჩვენი ავტობუსი გადააყენეს.
სათითაოდ შეყავდათ.
ბოლო მომიწია რატომღაც.
შევედი, მივესალმე , “მირ ვაშემუ დომუ”, მეთქი..
ხო, რა, მუშტის მოქნევაც რომ დააპიროს ვინმემ, ჯერ გამარჯობას ვეუბნები.
შენც სახლსაც მშვიდობაო, ხუთი კაციდან მხოლოდ ერთმა გამცა პასუხი.
მეორე უკვე მშმონავდა, მესამე საბუთებს ამოწმებდა. დანარჩენები, თვალდამიზნებით, ჩუმად მიყურებდნენ.
ეგ რააო, “პრაპისკები” გადაშორებული გაქვს, პასპორტიც ეტყობა, ყალბიაო,
მოკლედ, ან ამდენი დადე მაყუთი, ან ავტობუსიდან ჩამოგსვამთო, რა.
მეთქი, ხო ნახე, არა მაქვს.
ნე იბიოტ, ჩამოყარე ბარგი, აქ დარჩებიო.
არც კაჩაობას ჰქონდა აზრი, არც გარეთ მყოფი მგზავრების იმედზე ყოფნას, გამოვცადე უკვე.
მეთქი, ბარგიც არა მაქვს, აგე, ხელჩანთა და მორჩა, პრობლემა არაა ვრჩები, მეთქი.
და ამ დროს, მესმის, იმან, ვინც მე სალამი დამიბრუნა, რაღაც უთხრა თავის ენაზე სხვებს.
იმათაც უპასუხეს, ამან კიდე რაღაც, და ვატყობ, ერთმანეთისკენ გაიქაჩნენ.
ერთმა ავტომატსაც წაავლო ხელი.
და ახლა უკვე რუსულად მესმის ისევ იმ კაცისგან.
ამდენი დღეა აქა ვართ, რამდენმა გადმოაბიჯა ზღურბლს ფეხი და არავინ მოგვსალმებია, ამ კაცმა მშვიდობა გვისურვა და რა ნამუსით ვძარცვავთო.
თქვა და მოვიდა ჩემთან, საბუთები მომაწოდა და წადიო, ძმაო.
მადლობა მეთქი, მისამართი დავუწერე, თუ ღმერთმა ჩვენსკენ მოგახვედრა, სტუმარი ხარ მეთქი, ჩემი.
გარეთ გამოვედი და ქართველებმა, აბა , რამდენი წაგართვესო.
მეთქი, არც არაფერი..
რატომო?- გაიკვირვეს,
რატომ და მივესალმე მეთქი, უბრალოდ.
მოკლედ, იმის თქმა მინდა.
ხომ ვხედავთ რაც ხდება შორსაც, და ახლომახლოც?
და ძალა ერთობაში რომაა, კავკასიელებს არავისგან გვესწავლება და ჩვენსავით პატარა ერებთან უნდა მოვინდომოთ კაი გამარჯობის თქმა.
აი, იმათთან, ვისაც ჩვენსავით პრობლემები აქვთ, და გაქრობით ემუქრებიან, თორე, დიდს ფეხებზე ჰკიდიხარ, და პატარაც დაგიკიდებს , ასი წელი მის სახლს მშვიდობას რომ არ უსურვებ.
არ გააკეთებ ასე, ისე გადაგივლის რუსიც, ჩინელიც, და თურქიც, და სპარსიც, – გინდა ავტორიტარული, და გინდა ” დემოკრატიული” ირანი, – დაკნავლებასაც ვერ მოვასწრებთ.,
დიქტატურაა და ჩაკეტილია ირანი , და მაინც ათასობით შემოდიოდნენ ირანელები აქ, და კი არ მჯერა მაგის დემოკრატიულობის, მაგრამ რო გახსნას საზღვრები, არაბიზაცია მონაგონი იქნება.
რადგან სპარსს, ისევე როგორც თურქს, თავისი ისტორიული ინტერესები აქვს, და გურჯისტანი ახლაც თავისი ვილაეთი ჰგონია.
ხოდა, იმდენს ნუ ვიზამთ, ” შახის ცოლობას ” გამოვკრათ ხელი.
არა, რა, დიდი უცნაური ხალხი ვართ ქართველები,
უდარდელები, საკუთარ ქვეყანაში რაც ხდება მის მიმართ, მაგრამ გარეთ რაც ხდება იმაზე ვენებს ვიჭრით.
აბა, რა გვინდოდა 1905 -1911 წლის ირანის რევოლუციის დროს, შიგ ირანში, შაჰის წინააღმდეგ რომ ვომობდით?,
და ახლა კი 100 წლის მერე შაჰის მხარეზე ვართ?
არ ვხუმრობ, მაშინ, იმ წლების ირანის რევოლუციის დროს შტაბბინა იყო თბილისში, და 185 ქართველი გააგზავნა შუაგულ ალიაქოთში,- ნახევარზე მეტი უკან არ დაბრუნებულა.
დაგიფასა ვინმემ?
დაჯე, რა შე დალოცვილო, მთელ მსოფლიო ამბებს რო არჩევ, შენს ღობემონგრეულ ბოსტანზე ილაპარაკე, რა უშველო.
და რა ვქნათ?- მომექცა ყბა ამ თემაზეც საუბარით, და როგორც ფოტოზე ხედავთ, ჯერ კიდევ 2021 წლიდან,
რომ საქართველოს ჩვენი გზა უნდა გვქონდეს .-
“მცირერიცხოვან ერთა მსოფლიო კავშირი”,
დიახ, არა მხოლოდ გამსახურდიასეული კავკასიური სახლი,
არამედ, მცირერიცხოვან ერთა მსოფლიო კავშირი და ცენტრით საქართველოში.
საქართველომ ეს ფუნქცია უნდა აიღოს საკუთარ თავზე,-
უნდა, უნდა, უნდა აიღოს!,
თუ სურს, რომ მის არსებობას რაიმე გამართლება ჰქონდეს.
დიახ, უნდა სჭირდებოდე კაცობრიობას, რომ შენს არსებობაში იყოს დაინტერესებული!
დიახ, საქართველომ უნდა აიღოს თავისთავზე ეს ფუნქცია – დაეხმაროს საკუთარ თავსაც და დაეხმაროს სხვა მცირე ერებსაც წინ აღუდგნენ რეგიონალური, თუ მსოფლიო ზესახელმწიფოების მოძალებას.
თუ გვინდა მცირე ერები გადავრჩეთ, და არ გავქრეთ, ასეთი კავშირი უნდა შედგეს,
90 -ზე მეტი ქვეყანაა, ვისაც 2-6 მილიონამდე მოსახლეობა ჰყავს, ჯამში საშუალოდ 300 000 მილიონზე მეტი მაცხოვრებელი გამოდის,
და წარმოიდგინეთ ახლა მათი სოციალურ-ეკონიმიკური და პოლიტიკური კავშირიც.
დიახ, ასეთი ძალა უნდა გაჩნდეს!
ახალი გეოპოლიტიკური ძალა უნდა გავხდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაგველაპარაკება, როგორც ტოლი ტოლს ევროპაც, და რუსეთიც, ჩინეთიც, თურქეთიც და ირანიც.
ნუთუ ძნელი გასაგებია, რომ მოკავშირეები არ მხოლოდ ევროპაში, და ამერიკაში, არამედ პირველ რიგში ჩვენისთანებს შორის უნდა ვეძებოთ?
თუ მოხდა სასწაული, და ჩვენთან რეჟიმი შეიცვალა ისე, როგორც საჭიროა, აუცილებლად მცირერიცხოვანი ერების კონგრესი უნდა ჩავატაროთ საქართველოში.
დაწყებაა მთავარი, კონტაქტები და მერე რაღაც ფორმების მონახვა შეიძლება, რაღაც მიმართულებების დალაგება.
სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკურიც.
რატომაც არა, დასავლური “ნატო” , ევროკავშირი და რუსული “ევრაზიული” ალიანსი, და კიდევ რაღაც “ბრიქსი”, და “ხმელთაშუა ზღვის რაღაც ჯანდაბა კავშირი”, თუ არის, იყოს “მსოფლიო მცირერიცხოვანი ერების კავშირიც”.
ხო, რა, თუ გვინდა მშვიდობა უსურვოს ჩვენს სახლსაც მსოფლიომ , ჩვენს ეს უნდა გავაკეთოთ.
ხომ ვხედავთ, ვერ გავქაჩავთ სხვანაირად.
მარტოდმარტო ვართ ქართველები ამ დედამიწაზე,
და უცხოპლანეტელებსაც ეტყობათ, ჩვენი ” ჩაკრულო” არ მოუსმენიათ, ჯერ.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა